ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი ენგურჰესის ბაზაზე სასწავლო კვლევით ცენტრის შექმნაზე მუშაობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი ენგურჰესის ბაზაზე სასწავლო კვლევით ცენტრის შექმნაზე მუშაობენ

ახლო მომავალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (გერმანია) თანამშრომლობით, ენგურჰესის ბაზაზე თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდება, სადაც ქართველი და ევროპელი სტუდენტები, თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ კურსებსაც გაივლიან და სამეცნიერო კვლევებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გერმანულ მხარეს - კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოთერმული კვლევების ცენტრის პროფესორებს: ფრანკ შილინგსა და ცენტრის მენეჯერს, ბრიგიტ მიულერს, ასევე, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელს საქართველოში, კომპანია „სინერგიის“ გენერალურ დირექტორს მიხეილ კერესელიძეს შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ბაზაზე სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დაარსებისა და უახლესი აპარატურა-დანადგარებით აღჭურვის საკითხები. ასევე, განიხილეს ცენტრში ქართველი და უცხოელი სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული სტაჟირების გავლის შესაძლებლობები.

„ამჟამად, ენგურჰესზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი თაღოვანი კაშხალია და დღემდე რჩება უნიკალურ საინჟინრო ნაგებობად, სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებს ეკუთვნით ენგურჰესზე დამასტის პროექტის განხორციელების იდეა, რაც მაღალ კაშხლებზე დაკვირვებას ითვალისწინებს. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მათ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის. სწორედ კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე - ენგურჰესის ბაზაზე თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებაზე. დარწმუნებული ვართ, სამომავლოდ ეს პროექტი წარმატებული და მეტად საჭირო იქნება საინჟინრო დარგებში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის, რომლებიც ცენტრში მრავალსპექტრიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს გაივლიან. საუბარი ეხება სამშენებლო, ენერგეტიკის, გეოლოგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, შრომის უსაფრთხოების დაცვის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ენგურჰესის ბაზაზე სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან. შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციის ელჩი ჰუბერტ ქნირში დაესწრება“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოთერმული კვლევების ცენტრის მენეჯერმა, პროფესორმა ბრიგიტ მიულერმა განაცხადა, პროექტი, რომელიც ენგურჰესის ბაზაზე სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს, უდავოდ მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, ამდენად, თანამშრომლობა ქართულ მხარესთან სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა - დავიწყეთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და იმედი გვაქვს, რომ ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდ აუცილებლად გაფართოვდება. ვიმსჯელეთ არაერთ ტექნიკურ საკითხზე, ასევე, პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქართველი და გერმანელი სტუდენტების ჩართულობის შესახებ. პროექტის ბიუჯეტში ქართველი სტუდენტებისათვის სათანადო დაფინანსებაც გათვალისწინებულია. საგულისხმოა, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი და ქართველი პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა რეკომენდაციითაც სტუდენტების შერჩევა მოხდება. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა იმდენად განვითარდება, რომ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან. იმედი გვაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახით ჩვენ კარგი პარტნიორი შევიძინეთ“, - აღნიშნა ბრიგიტ მიულერმა.

ცნობისათვის, პირველ ეტაპზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანატთან შეთანხმებით, გერმანული მხარე ენგურჰესის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლესი თაობის აპარატურის სამონტაჟო სამუშაოებზე სტუ-ის 20 სტუდენტის დასწრებასა და სამუშაოებში ჩართვას უზრუნველყოფს.

NS

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - რაზე ისაუბრეს საპატრიარქოში გმართულ შეხვედრაზე

ეკატერინე ტიკარაძე, მეუფე შიო, კარლ ჰარცელი... - რა შეხვედრა მიმდინარეობს საპატრიარქოში

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში