ავტორი:

"ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება" - პოლონეთის მოქალაქის დაჭრა უკვე აისახა ტურისტულ ბიზნესზე

"ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება" - პოლონეთის მოქალაქის დაჭრა უკვე აისახა ტურისტულ ბიზნესზე

სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უცხოელი ტურისტის დაჭრა უკვე აისახა მათ ბიზნესზე. "Old town Tbilisi” - ის მენეჯერის, ირაკლი გვეტაძის თქმით, ბოლო ორი დღეა მათ სასტუმროში ჯავშანი არ შესულა, ხოლო აქამდე დაჯავშნილი ნომრები დამსვენებლებმა გააუქმეს.

"სხვა დღეებს რომ შევადაროთ, გაუქმებული და შემოსული ჯავშნების რაოდენობა, იმდენად დიდი სხვაობაა, აშკარად ვაკავშირებთ ტურისტის დაჭრასთან. ყოველდღიურად საშუალოდ 10 ჯავშანი შემოგვდიოდა, ბოლო ორი დღეა, ერთიც კი არ შემოსულა. გაუქმებული ჯავშნების რაოდენობაც ბევრია. ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება. დახურულ ჯგუფებშიც წერენ სხვადასხვა სასტუმროს წარმომადგენლები, რომ მათაც იგრძნეს უკვე ზარალი. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. წარმოვიდგინოთ, როგორ უყურებს ტურისტი ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს: რელიგიური ჯგუფებისგან ისმის რადიკალური მოწოდებები, ამას ქუჩებში ათასობით ადამიანის ხელჩართული ბრძოლა მოსდევს, პარალელურად კი ჭრიან უცხოელ ტურისტს... უკანასკნელ ორ დღეში შექმნილი ვითარება უკონტროლოს დაემსგავსა. ჩვენ კი ვიცით, რომ სულ ასე არ იქნება და რამდენიმე დღეში დალაგდება ყველაფერი, მაგრამ ალბათ გასაგებია, რას ფიქრობს ტურისტი. ისედაც შარშანდელი წელი, კოვიდის გამო, შიშში გაატარა და ახლა აღარ უნდა სადმე დასასვენებლად წავიდეს და ვინმემ იქ მუცელში დანა გაუყაროს", - ეუბნება ambebi.ge -ს ირაკლი გვეტაძე.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელის, ნინო კეკელიძის შეფასებით, საქართველოს გაუჭირდება გაუმკლავდეს იმ დიდ დარტყმას, რაც უცხოელ ტურისტზე თავდასხმამ ქვეყნის იმიჯს უკვე მიაყენა.

"დახურულ ტურისტულ ჯგუფებში, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც არიან გაწევრიანებული, აქტიურად იწერება ამ სავალალო ფაქტის შესახებ. არ ვიცი, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ რთული შეფასებებისგან, კრიტიკისგან, რაც უკვე წამოვიდა უცხოელი ტურისტებისგან. ვისურვებდი, სამომავლოდ მეტად მოზომილები და ფრთხილები ვიყოთ, რათა ჩვენი ქმედებებით არ დავაზარალოთ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრია. ისედაც დიდი დარტყმა მიაყენა პანდემიამ ტურიზმის სფეროს და მას შემდეგ ძალიან ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით მივიწევთ წინ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ძალადობასთან და რასიზმთან დაკავშირებული შემთხვევები პირდაპირ აზარალებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე“, - ამბობს ნინო კეკელიძე.

შეგახსენებთ, 5 ივლისს თბილისში პოლონელი ტურისტი დაჭრეს. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენეს. პაციენტს რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. შსს-მ მომხდარი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა.

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხობრების ორ მძიმე ეპიზოდზე

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა