რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგ - კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას.
„თუ ვინმეს ეგონა, ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა, რომ ქართული ეკლესია რადიკალურად არ იქნებოდა „პრაიდის“ წინააღმდეგი, ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგ, ესეც გამოხატვის თავისუფლებაა, ესეც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ქართული ეკლესია ვნახეთ, პირველ რიგში, რითი დაზიანდა, ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში, ქართული ეკლესია, საზოგადოება, სახელმწიფო, პოლიცია დაზიანდა. შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით პოზიტური შედეგის მიღწევა. ყველაზე მეტად ეს ესმის ქართულ ეკლესიას და პატრიარქს.
ქართული ეკლესია, ყოველთვის იქნება „პრაიდის“ მოწინააღმდეგე, ეს ნორმალურია, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომელთა გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ვისთვისაც „პრაიდის“ ასეთი ფორმით ჩატარება მიუღებელია, ეს არის დემოკრატია. კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას, არა ის, რომ გაგვაფრთხილოს, წავიდეს და ბუჩქებში დაიმალოს“, - აღნიშნავს გახარია.
მისივე თქმით, ამ ყველაფრით, რაც ახლა, ბოლო 2 დღის განმავლობაში ხდება, თუ ვინმე ხეირობს და სარგებლობს ჩვენი მტერია, სხვა არავინ.
„ვინმეს თუ გონია, რომ ევროპელობა ნიშნავს საკუთარი ტრადიციების და ქართულ იდენტობაზე უარის თქმას, ეს შეცდომაა, გვატყუებენ. ეს ის ნარატივია, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები. ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზა, არის ჩვენი იდენტობის დაცვით, ტრადიციებით წინ ევროპისკენ და არა უკან წარსულისკენ“,- აღნიშნავს გახარია.