ავტორი:

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი თანამედროვე ქართული „ომის პროზა“ − მე მომკლეს, დე...“ შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის უკვე მეორე წიგნი ამ სერიაში, რომელიც მხოლოდ ქართველი ავტორების ომის თემაზე დაწერილ ნაწარმოებებს აერთიანებს. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად − 10.00 ლარი.

როგორც წიგნის რედაქტორ-შემდგენელი შოთა იათაშვილი აღნიშნავს, მოთხრობები კრებულში სტიქიურადაა გადანაწილებული და მკითხველს წინ ომის პროზის მრავალფეროვანი ნიმუშები ელოდება:

ის „ომის პროზა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან, ბევრნაირი და მრავალფეროვანია. ხშირად პაციფისტური, შემრიგებლური, „შეკვეთილის“ იერი რომ დაჰკრავს, მაგრამ, ამავე დროს, „მტრული“, „არაპოლიტკორექტული“, სასტიკი ნაწარმოებებიც იწერება. ასეთი ტექსტების მიჩქმალვა არ გვიცდია, რადგან ლიტერატურის ისტორიამ არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს ფუჭი საქმეა. თქვენ წარმოიდგინეთ, იუმორით გაჯერებულ, კომიკური ეპიზოდებით სავსე მოთხრობებსაც კი იხილავთ ამ წიგნში,“ − აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი 15 ქართველი ავტორის: ზვიად კვარაცხელიას, ზურა ჯიშკარიანის, კახა ჭაბაშვილის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ლაშა იმედაშვილის, ომარ თურმანაულის, რეზო თაბუკაშვილის, ლადო კილასონიას, ლელა კოდალაშვილის, ნათია როსტიაშვილის, ნანა აკობიძის, ცირა ყურაშვილის, ვახტანგ კომახიძის, რეზო გეთიაშვილის და შორენა ლებანიძის ამდენივე მოთხრობას აერთიანებს. მათ შორის საერთო მხოლოდ თემაა, ხოლო ხელწერა, სტილი, ისტორიები თუ პერსონაჟები სავსებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. როგორც მწერლები აღნიშნავენ, ომის თემაზე წერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მასზე ყველა ადამიანს მკაფიო წარმოდგენა უნდა შეექმნას.

შორენა ლებანიძე (მოთხრობა: „პენელოპე. მგზავრი“)

„ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს ომის თემას დიდი ყურადღება ექცევა... 90-იანი წლების დასაწყისში საფრონტო ჟურნალისტი ვიყავი. ცხელ წერტილებში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდი. ჩემი სტატიები და უბის წიგნაკებში ჩანიშნული ინფორმაცია პირად არქივში მაქვს შენახული. სწორედ მათ საფუძველზე დაიწერა ჩემი სამი ნაწარმოები, მათ შორის „პენელოპე. მგზავრი“.

ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც ხანგრძლივი ყოყმანის მერე სახლის კარს გამოიკეტავს და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად უშიშრად დაადგება ომისაგან წალეკილ გზებს, რათა გაუჩინარებული მეუღლე იპოვოს. წიგნის გმირი თანამედროვე პენელოპეა, ტრადიციულად ერთგული და ახლებურად მაძიებელი, მგზავრი და არა − ქმრის მომლოდინე ცოლი − ქალი, რომელსაც რეალური პროტოტიპი ჰყავს.“

ლაშა იმედაშვილი (მოთხრობა − „თვითნასწავლ პატრიოტთა თაობა“)

„მერამდენე საუკუნეა, გამუდმებულ ომში ვართ, რასაც თაობები ეწირებიან. ჩემი თაობაც ომში გატყდა. ამაზე ცუდი არაფერი არაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მთავარია სამშობლოს დაცვა და შვილების ამ შეგნებით აღზრდა. ჩემი მოთხრობა თავიდან კინოსცენარად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, როგორც საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი, იმ სახით ვერ განხორციელდა, როგორც მე და ლევან ანჯაფარიძეს გვქონდა ჩაფიქრებული. ამიტომ სცენარი მოთხრობად გადავაკეთე. ეს არის მოთხრობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ომი თავისი თვალით არ უნახავთ და არ განუცდიათ...“

ნანა აკობიძე (მოთხრობა: „დოღი“)

„ომი მხოლოდ მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა - მხოლოდ ზედაპირს გაჩვენებს. სხვის ან წარმოსახვით ომებზე წერა არაა მარტივი „ფუფუნება“ და ამ მხრივ ქართველ მწერლებს უიღბლოდ „გაგვიმართლა“. ანთოლოგიები, რომლებშიც ომის თემაზე დაწერილი ტექსტები იყრის თავს, თან თითქოს უადგილოა ამ ტექნოკრატიულ სამყაროში, თან - უაღრესად კონტექსტური. ცივილური სამყარო ვერაფრით ამბობს უარს ომზე, ომების ისტორიას სამხედრო ხელოვნების ისტორიას არქმევს და ამ ისტორიას „ღირსეულად“ აგრძელებს. შედეგად: ხელოვნება იხვეწება, ადამიანი - უარესდება.

„დოღი“ აფხაზეთის თემაზე დაწერილი ჩემი ტექსტების ბოლო, დამამთავრებელი ნაწილია. ესაა რეალურ ამბავზე დაწერილი მოთხრობა, როცა ომის დროს სახელმწიფო მოხელის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული დავალება საბედისწერო აღმოჩნდა სხვისთვის, კონკრეტულად - ამერიკელი ჟურნალისტისთვის. რეალურად, ამ ტექსტით დავამთავრე ჩემი ომის ამბების თხრობა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ომი აისბერგივითაა და არავინ იცის, კიდევ როდის გამოაჩენს თავის დაფარულ ნაწილებს, მათ შორის - ჩემი და სხვა ქართველი მწერლების ტექსტებში...“

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე ქართული „ომის პროზა“ – „მე მომკლეს, დე...“ რიგით მეორე მოთხრობების კრებულია, რომელიც ქართველ ავტორებს ერთი თემის გარშემო აერთიანებს. 2021 წლის დასაწყისში დაიბეჭდა პირველი ტომი „შიშის საათი“, რომელშიც 14 თანამედროვე ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა შევიდა.

შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ახალი წიგნი თანამედროვე ქართული „ომის პროზა“ – „მე მომკლეს, დე...“ უკვე დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად − 10.00 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?