ჩვენ მგონი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ- მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, “გირჩის” ეს პოზიცია იქიდან გამომდინარეობს, რომ დღეს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და რეალურად გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, არ არის ცნობილი.
“ჩვენ მგონი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შინაგან საქმეთa მინისტრის და პრემიერ- მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას და მეორე - დღეს აპრიორი ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის ან ვინმეს გადადგომას, მაშინ როცა წინ ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა, ასევე არა დამნაშავის დასჯა და მისგან პასუხისმგებლობის აღება, არამედ მსხვერპლის მოთხოვნა და ამას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ის, რომ გადადგომაა მოთხოვნილი. თუ დამნაშავეა ხალხი და მათ ვუყურებთ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს, მაშინ გადადგომა რატომ არის საკმარისი, მაშინ ხომ სხვა რამ უნდა მოვითხოვოთ? აქედან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ გვინდა გავარკვიოთ ჯერ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი, ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მსხვერპლის ძიებას, მანამ არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე კონკრეტულ რაღაცაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის განცხადებით, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა კონკრეტულად არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ მთელ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ასევე ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია თანმიმდევრულობა, რადგან „ახლა რომ გადადგეს ღარიბაშვილი და მოვიდეს კობახიძე, გადადგეს შსს მინისტრი და მოვიდეს რომელიმე „ქართული ოცნების“ ლიდერი, ხომ არაფერი შეიცვლება, გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა ხვიჩიამ.