"ახლო მომავალში გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტში ირანის გაზს არ გამოიყენებენ", - განაცხადა სტამბულში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ მორნინგსთარმა.
მისი თქმით, ტრანსადრიატიკული მილსადენი სამხრეთ დერეფნის ერთ-ერთი პროექტია, რომელმაც კასპიის გაზი ევროპას უნდა მიაწოდოს. "ირანი ამ პროექტის პოტენციურ დონორად არ განიხილება და ამ აზრს ევროკავშირიც იზიარებს", - განაცხადა მორნინგსთარმა.
ამერიკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია ენერგომატარებლების დივერსიფიკაციის მომხრეა და სამხრეთ ნაკადის პოტენციურ მონაწილეებად ერაყს, ყატარსა და თურქმენეთს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ მთავარი პროექტი, რომლის განხორციელებაც გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტის ფარგლებში განიხილება, 3,3 ათასი კმ სიგრძის გაზსადენი "ნაბუკოა". გაზსადენი რუსეთის გვერდის ავლით ცენტრალურ აზიას ევროკავშირთან დააკავშირებს.
მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.