მივიღებთ თუ ვერ მივიღებთ დარჩენილ დახმარებას?

მივიღებთ თუ ვერ მივიღებთ დარჩენილ დახმარებას?

წლის ბოლომდე საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაპირებულ დახმარებას მიიღებს. სავარაუდოდ, სრული თანხის მიღება ვერ მოხერხდება, რადგან ამ დრომდე გამოყოფილი თანხების გარკვეული ნაწილი ჯერაც აუთვისებელია. რაც შეეხება ხარჯვის მიზნობრიობას და ამ პროცესების გამჭვირვალობას, ფინანსთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ზოგადი ციფრების გარდა ცენტრალურ უწყებაში დახმარებებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია არ ვრცელდება.

არსებული მონაცემებით, აგვისტოს ომიდან დღემდე ქვეყანაში სულ 5-6 მილიარდი დოლარია გრანტებისა და კრედიტების სახით შემოსული. ამ თანხის ძირითადი ნაწილი ათვისებულია, სავარაუდოდ, 4 მილიარდი დოლარის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ნათელი ვალდებულებები რიგი სამთავრობო უწყებების მხრიდან, რათა უზრუნველყონ გამოყოფილი დახმარების გამჭვირვალობა, კითხვები და პრობლემები კვლავ რჩება ამ დახმარების ზეგავლენაზე და მის ეფექტურ განხორციელებაზე. დიდი მასშტაბის დახმარებისათვის დამახასიათებელი რთული და ბუნდოვანი პროცესები ართულებს საზოგადოების მხრიდან დახმარების დინების პროცესის მონიტორინგს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე დონორებმა 38 ქვეყნიდან და 15 საერთაშორისო ორგანიზაციიდან იკისრეს ვალდებულება, რომ საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარების სახით გამოყონ 4.5 მილიარდი (ნახევარი - გრანტად, ნახევარი - კრედიტად) ევრო 3 წლის განმავლობაში.

დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდამჭერ ღონისძიებებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფო სექტორისთვის დამატებით 75 მლნ ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის პირობებზე. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ასევე, მიმართულია სხვადასხვა ჰუმანიტარული, რეგიონალური, ტექნიკური დახმარების და არასახელმწიფო ინსტუტიტების მხარდაჭერაზე.

ექსპერტი დათო ნარმანია აცხადებს, რომ მიღებული თანხების არასრულად ათვისების გამო, საქართველო დონორთა მხრიდან დაპირებულ დახმარებას სრულად ვერ მიიღებს.

"დაპირებულ დახმარებას, რაც ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე იქნა გადაწყვეტილი, საქართველო 2010 წლის ბოლომდე მიიღებს. საქმე ისაა, რომ 4,5-მილიარდიანი დახმარება საქართველოს სრულად ვერ გადაეცემა, რაც რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული. თანხა ბოლომდე აუთვისებელია.

წესით, სანამ გადარიცხული თანხის ათვისებას არ მოახდენს ქვეყანა, მეორე ნაწილი არ იგზავნება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უცნობია, საქართველომ მიღებული დახმარებიდან რა მიმართულებით რამდენი დახარჯა. ის, რასაც ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს, ზოგადი ციფრებია და დეტალურ ინფორმაციას არ მოიცავს", - აცხადებს ნარმანია.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ექსპერტ გიორგი ღაღანიძეს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საქართველო დაპირებულ დახმარებას სრულად მიიღებს. ამასთან, საუბრობს იმ როლზე, რაც თავის დროზე დონორთა დახმარებით საქართველოს გაეწია.

"ფინანსური მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ქვეყანა რეალურად დიდ გასაჭირში ჩავარდებოდა. დღეს ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით. ამიტომ მიღებულმა დახმარებებმა ძალიან დადებითი როლი შეასრულა. სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება, რომ 750 მილიონი დოლარი მიეცა საქართველოსთვის ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რათა არ მომხდარიყო საფინანსო სისტემის შესუსტება. ზუსტად ამ ომის შემდეგ იყო კრიზისი. მიღებული დახმარებების გარეშე ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა", - აცხადებს ღაღანიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიღებული თანხით ქვეყანამ არსებული პრობლემების მოგვარება მეტ-ნაკლებად მოახერხა. ეჭვი, რომ შეიძლებოდა თანხები არამიზნობრივად დახარჯულიყო, მისი აზრით, უსაფუძვლოა, რადგან პროცესი დინამიურია და, რასაკვირველია, სავალუტო ფონდის მიერ მიღებულ თანხას არამიზნობრივად ვერ დახარჯავ.

"ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებები და თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში არ იქნება მომგებიანი, რომ პარტნიორების წინაშე ცუდად წარმოჩინდე.

იმ თანხებიდან დიდი წილი ტექნიკურ დახმარებს და სხვა კომპონენტებს მოიცავდა. ნაწილი შეიძლება იყოს აუთვისებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდ მოვლენასთან გვაქვს საქმე. სჯობს სწორად განსაზღვრო და თუნდაც დროში გაწელო, ვიდრე რაღაც არასწორად დაგეგმო.

დახმარებები, რაც მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სავალუტო ფონდიდან, ყველას ერთ ჩარჩოში ვერ მოაქცევ. რაღაცას თუ ვერ ვითვისებთ, ეს იმის შედეგია, რომ თავის დროზე ვერ მოვიფიქრეთ რაში დაგვეხარჯა. ის პრობლემები, რისთვისაც ვითხოვეთ დახმარება, მაინც მოგვარდა.

პროცესები დინამიურია და დონორები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ მიმღები ქვეყნის დამოკიდებულებას, რომ მან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. როდესაც რაღაც იცვლება, აუცილებლად უნდა მოახსენო დონორს, განსაკუთრებით როცა დროში იწელება.

ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ თანხას სრულად ვერ მივიღებთ. პრეზიდენტის წარმატებით გამოსვლა გაეროში, ევროკავშირის ქვეყნების შეფასებები და სხვა, საწინააღმდეგოს მოწმობენ. აშკარა სიგნალები, რომ დაპირებულ დახმარებას ვერ მივიღებთ, არ ჩანს", - ამბობს გიორგი ღაღანიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ