ავტორი:

"მე, მაგალითად, მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი" - რას წერს ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

"მე, მაგალითად, მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი" - რას წერს ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მორიგ განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ, ოპოზიციისა და თუ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სააკაშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია.

"მე, მაგალითად, მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ ეს უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი აქტი", - წერს ნიკა მელია.

„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ - განაცხადა სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.

მანვე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე.

"ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ცნობს. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მიღებენ ყველგან და არასდროს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზეა აღძრული საქართველოში. უკვე ესაა ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

„ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ გამოვიდა ხელშეკრულებიდან, ქართველი ხალხი არ გამოსულა ხელშეკრულებიდან და ევროპა არ გამოსულა ამ ხელშეკრულებიდან. 2 ოქტომბერს დიახაც, რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. ამგვარად, იმისათვის, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, გაუბედურების, გაღატაკების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს, თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისთვის გადაწყვეტილება, უნდა წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად. საქართველოში ყველაფერი ნადგურდება, მასობრივად გაედინება ხალხი, ყოველდღიურად სისხლისგან და ხალხისგან იცლება საქართველო, ნადგურდება ჩვენი ისტორიული ფასეულობები, ჩვენი საეკლესიო ცხოვრების წესი, ჩვენი ბავშვების მომავალი და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ეს არის ბოლო ზღვარი, როცა ყველა უნდა ამოვიღოთ ხმა, ყველა უნდა ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, რომ გაგვიმეოროს ერთი და იგივე „ტრიუკი“ თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობების გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა, იზამს, უბრალოდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, თუმცა ჩვენ ასევე გვინდა მომავალი. არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე, ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყნარად შევხვდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.