თბილისის ცენტრში მოკლული ქალის ანასტასია შატალოვას საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს წარუდგინეს. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული აქვთ საკმაოდ ვრცელი ვიდეო მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას სავარაუდო დამნაშავეების გადაადგილების მარშრუტიც დადგენილი აქვს. მთავარ ვერსიად კვლავ შეკვეთილი მკვლელობა რჩება.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული 3 პირიდან ერთის - ბექა ლატარიას წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, დანაშაულის დაფარვას, ბიძინა ხასიას კი საბრძოლო მასალისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
სწორედ ხასიაა ის პირი, ვინც გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს დაკავების დროს ბინაში ხელყუმბარა გაუხსნა და აფეთქებით იმუქრებოდა. სამივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ანასტასია შატალოვას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, შინაგანს საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, არ არის გამორიცხული, 25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველები სხვა პირების კვალზეც გავიდნენ.