რუსეთიდან პროდუქციის იმპორტი ყოველწლიურად მცირდება. აგვისტოს ომის შემდეგ ამ ქვეყნიდან იმპორტი თითქმის განახევრებულია. ასევე მცირდება ექსპორტი. ემბარგოს მიუხედავად, მესამე ქვეყნების დახმარებით, რუსეთში მცირე რაოდენობის ექსპორტი მაინც გადის - ძირითადად მწვანილი - თუმცა ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ელექტროენერგიას უკავია, რომელსაც ემბარგო არ შეეხო.
საყურადღებოა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ ჩრდილოელი მეზობლიდან პროდუქტის შემოტანის მასშტაბები იმპორტი კიდევ უფრო გაიზარდა. გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის, ფაქტობრივად, შეწყვეტის შემდეგ რუსეთიდან იმპორტის მასშტაბებმა შემცირება აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.
ამჯერად, როგორც უკვე აღვნიშნეთ რუსეთიდან იმპორტი განახევრებულია. მაგალითად, 2005 წელს ამ ქვეყნიდან 383,374 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, 2006 წელს - 557 მილიონი დოლარის, 2007 წელს - 576,604 მილიონი, 2008 წელს - 426,329 მილიონი, 2009 წელი - 288,944 მილიონი, 2010 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით - 183 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება ექსპორტს, ემბარგოს გამოცხადების შემდეგ რუსეთში ავდგილობრივი პროდუქციის გატანა თანდათან შემცირდა, თუმცა მან მკვეთრი ვარდნა აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, 2005 წელს რუსეთში საქართველოდან 153,724 მილიონი დოლარის პროდუქცია შევიდა, აქედან ყველაზე დიდი წილი მინერალურ წყლებსა და ღვინოს ეჭირა.
2006 წელს ექსპორტის მასშტაბები განახევრდა და მან 75,393 მილიონი დოლარი შეადგინა. 2007 წელს კი 45,599 მილიონი დოლარი, 2008 წელს - 29,894 მილიონი, 2009 წელს 18 მილიონი დოლარი, ხოლო 2010 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტი მცირედით გაიზარდა და მან 25,443 მილიონი დოლარი შეადგინა.
ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, რუსეთში ძირითადად ელექტროენერგია გადის, თუმცა აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების გამოყენებით უმნიშვნელო რაოდენობის სხვა პროდუქტებიც გაედინება.
არჩვაძის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ როდესაც 2006 წლამდე იგი ამ სიის შეუცვლელი ლიდერი იყო. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საქართველოს ბაზარზე რუსულ პროდუქტს 60% ეჭირა, 90-იან წლებში და შემდგომ პერიოდში მეოთხედზე მეტი.
"ამჯერად ბაზრების დივერსიფიცირება მოხდა. იმპორტის მაჩვენებელი მთლიანად შემცირდა, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა, ასევე მკვეთრად შემცირდა ნავთობპროდუქტებზე ფასები და ასევე ამ მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აგვისტოს ომმა", - ამბობს სოსო არჩვაძე.
მისი თქმით, რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში ქართველ ექსპორტიორებს დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რომ მათ ამ ბაზარზე ნიშა თავიდან მოძებნონ.
"რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ქართველებს ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენი პროდუქტი საკმაოდ მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რომ კონკურენციას გაუძლოს. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობას ამ სივრცეში წარმოებულ პროდუქტზე ჰქონდათ მოთხოვნილება. ამჯერად მდგომარეობა შეიცვალა.
გარდა ამისა, საქართველო აღარ ასოცირდება მეგობარ ქვეყანად. იქ, ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ქართული აგრესიას იწვევს. ასე რომ, ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება ბაზრის დივერსიფიცირებაა. ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ისედაც არ არის სასურველი", - ამბობს სოსო არჩვაძე.
ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, იმპორტის შემცირების მიზეზი უპირველესად არის ის, რომ გაზი მთლიანად აზერბაიჯანიდან შემოდის. გარდა ამისა, ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა და ქვეყანა რუსულ დენზე დამოკიდებული აღარ არის.
"რუსეთიდან იმპორტირებული კვების პროდუქტების რაოდენობა არ შეცვლილა. იმპორტის შემცირება, ძირითადად, გაზის მომწოდებელი ქვეყნის შეცვლამ და ელექტროენერგიის შიდა წარმოების ზრდამ გამოიწვია", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.
რაც შეეხება ექსპორტს, მისი თქმით, საქართველოდან რუსეთში მხოლოდ ელექტროენერგია გადის. ემზარ ჯგერენაია დარწმუნებულია, რომ რუსეთის ბაზრის დაბრუნების შემდეგ ქართულ პროდუქტს ამ ბაზარზე ხელახლა თავის დამკვიდრება არ გაუჭირდება.
"მაგალითად, ბორჯომს თავის დამკვიდრება არ გაუჭირდება, არც ქართულ ხილს, შეიძლება პრობლემები ღვინოს შეექმნას", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ყველაზე უკეთ მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანიებმა მოახერხეს. ქართველ მეღვინეებს კი მაღალი კონკურენციის გამო რეალიზაციის პრობლემები ამჯერადაც აქვს.
მაკა ხარაზიშვილი