ავტორი:

"უკრაინელები არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ ოკუპანტის შესაკავებლად" - ვინ რა ტაქტიკით და სტრატეგიით იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში?

"უკრაინელები არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ ოკუპანტის შესაკავებლად" - ვინ რა ტაქტიკით და სტრატეგიით იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში?

კიევსა და მის მიმდებარე რაიონებში აფეთქებები გრძელდება, თუმცა უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ოკუპანტების მხრიდან შეტევებმა შედარებით იკლო. ადგილობრივი გენშტაბი იტყობინება, რომ რუსული ძალები კიევის, სუმის, მარიუპოლის, ნიკოლაევისა და ჩერნიგოვის ალყაში მოქცევას ცდილობენ. შავი და აზოვის ზღვებიდან უკრაინა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას ელის.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ, გაერომ დამპყრობლური ომის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია განაახლა. ბოლო მონაცემებით, ომს 474 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 870 - დაშავდა.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის არმია არც ტექნოლოგიურად და არც ტაქტიკურად არ იყო მზად ამ ომისთვის, რის გამოც ისინი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტაქტიკაზე დაყრდნობილ სტრატეგიას დაუბრუნდნენ. თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე რუსეთისა და უკრაინის საბრძოლო სტრატეგია-ტაქტიკაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ ამ ომში რუსეთს გამარჯვების შანსი არ აქვს.

- ტაქტიკას განსაზღვრავს ტექნოლოგია. ტექნოლოგიურად რუსეთი ჩამორჩება დასავლეთს და აქედან გამომდინარე, ის უფრო მოწყვლადია ამ დასავლური ახალი ტექნოლოგიების მხრიდან. ის, რომ რუსეთი 13 დღის განმავლობაში ვერ ატარებს წარმატებულ ოპერაციებს, ზუსტად ამის დამსახურებაა. გარდა ამისა, რუსეთს აქვს ჩავარდნა სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში, მის მებრძოლებს არ აქვთ მოტივაცია, ანუ ვერ მუშაობს ერთი რამ: რუსებს უჭირთ უკრაინელების წინააღმდეგ ომი, ეს აშკარად ჩანს იმიტომ, რომ მათ ბევრი რამ აერთიანებთ, აქვთ საერთო წარსული და არ აქვთ ამ ომის იდეოლოგიური საფუძველი.

Caption

იმით, რასაც ახლა პუტინი ამ ომით აკეთებს, უბრალოდ, ანადგურებს უკრაინის როგორც სახელმწიფო პოტენციალს, ისე უკრაინელ ერს. ის ერჩის მშვიდობიან მოსახლეობას და, შესაბამისად, ეს არის დანაშაულებრივი დაპყრობითი ომი, რომელსაც რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ აწარმოებს პუტინი და მისი კლეპტოკრატული მმართველობა. რუსებს აქვთ მოძველებული ტაქტიკა, ანუ ახლა მიდიან მასით რომ გადაჯეგონ უკრაინელები. თუმცა ამის მატერიალური რესურსი მათ აღარ აქვთ, იქ მიყრილი შენაერთების ძირითადი რესურსი გახარჯეს - როგორც ადამიანური, ისე მარაგები და ამიტომაც არის, რომ ისინი არიან მოტივაციადაკარგულები. ახლა ეს ომი აწყობილია დანაშაულებრივ დაბომბვაზე ზალპური ცეცხლის, სარაკეტო სისტემების - "გრადების", "მერჯების" და "ურაგანების" გამოყენებით. ჟენევის კონვენციით აკრძალული კასეტური და თერმობარული, ანუ ვაკუუმური ჭურვების გამოყენება. რუსეთი განწირულია, ის ამ ომს წააგებს.

აკია ბარბაქაძე

- რუსეთის ძლიერი მხარე რამეში გამოიხატება?

- არაფერში. ეს ომი რუსეთის მხრიდან გამოიხატება დანაშაულებრივ-დაპყრობით ომში და უკრაინელებისთვის ეს არის სამამულო ომი. რუსეთის არმია დაეჯახა ხალხს, ანუ არმია ეომება ხალხს, ერს. ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, რომელიმე არმიას ხალხისთვის მოეგოს, როდესაც ის ასეთი შეკრული, მონოლითურია და გმირობაზე მიდის. ისინი მიდიან თავისი გენერალური ხაზით, მათი მობილურობა მაღალია, რეაგირებენ და წერტილოვანი დარტყმებით უნადგურებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ ტექნიკასა და პირად შემადგენლობას, ვიდრე ეს ფრონტალური ომის დროს მოხდებოდა. რეალურად, უკრაინელები ამ ოპერაციებით მიზანს აღწევენ, არ წამოეგნენ რუსების ფანდს - გაეჭიმათ მათთვის ფრონტის ხაზი და ძალები არ ჰყოფნოდათ რუსების შესაკავებლად. მაგრამ პრინციპში, რუსეთი აღმოჩნდა კიდევ უფრო წამგებიან სიტუაციაში. უკრაინას საერთაშორისო მხარდაჭერის ხარჯზე აქვს ულევი რესურსი, რითაც ვერ დაიტრაბახებს რუსეთი, მისი რესურსი გამოლევადია და ამ ბლოკადის შედეგად, რომელიც მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა, რუსეთის რესურსი სულ უფრო მოიკლებს - როგორც ადამიანური, ასევე - ლოჯისტიკური. ნადგურდება ლოჯისტიკური ხაზები, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს თავისი ძლიერი მხარის - ტექნიკის გამოყენებას უკრაინელების წინააღმდეგ, ვინაიდან ტექნიკას უზრუნველყოფა სჭირდება, ამის საშუალებას კი უკრაინელები არ აძლევენ. რაც მთავარია, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ბევრად უფრო მობილიზებული და გამართული შეხვდა ომს. როგორც სახელმწიფო, ის ვერ მოშალეს, უკრაინის სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ვერ მოშალეს, უკრაინა გადასულია ტოტალური თავდაცვის რეჟიმში და ყველა ქალაქში, ალყაშია მოქცეული, ფრონტისპირაა, თუ სიღრმისაა, მართვა შენარჩუნებულია, ყველაფერი ფუნქციონირებს - სამედიცინო სისტემა, კვების უზრუნველყოფის ლოჯისტიკის სისტემა, კავშირგაბმულობის სისტემა, ისინი ზრუნავენ საკუთარ მოსახლეობაზე და უკრაინა, როგორც სახელმწიფო, საკმაოდ მომზადებული შეხვდა ამ კონფლიქტს.

განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა

- ვიდრე 2014 წელს ყირიმში? აშკარაა, რომ ამ 8 წელში სერიოზული გამოცდილება შეიძინა უკრაინამ ყველა თვალსაზრისით ოკუპანტთან საბრძოლველად...

- როგორც ყველა უნდა ემზადებოდეს, ისე ემზადებოდნენ უკრაინელებიც. ცნობილი გამოთქმაა - "გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, რითიც ჩვენ ვერ დავიტრაბახებთ. ჩვენ ვემზადებით?

- რაც უფრო დროში გაიწელება ომი, რუსეთისთვის მით უარესი იქნებაო, - არა მარტო თქვენგან მსმენია ეს მოსაზრება...

- რა თქმა უნდა, მაგრამ დრო უსასრულოდ არ გაიჭიმება. რაღაც მომენტის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავა შეტევაზე და ისინი დაიწყებენ რუსული შეიარაღებული ძალების განადგურებას. ეს მაშინ მოხდება, როდესაც უკრაინელები მიაღწევენ ცაში ბატონობას. უკრაინას აქვს საკმაო რესურსი იმისათვის, რომ საფრენი აპარატებით, საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავებით მიაღწიონ ცაში უპირატესობას. უკრაინას თუ არ მისცემენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, მას შეუძლია საკუთარი ძალებით შეძლოს ამ სისტემების აწყობა-გამოშვება, მას აქვს ამის პოტენციალი.

რიგითი უკრაინელების მიერ დამზადებული "მოლოტოვის კოქტეილები"

- ეს კი დროს მოითხოვს...

- რა თქმა უნდა, დროს და რესურსს მოითხოვს, მაგრამ ეს ამოცანა მიღწევადია. მეეჭვება, ეს ომი მალე დამთავრდეს, ის დროში გაიჭიმება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ვივარაუდოთ, რომ თუ უკრაინას დასავლეთიდან რაიმე უპირატესობა არ მიეცა, რუსეთ-უკრაინის ომი ამ ეტაპზე 1 წლის მასშტაბით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

უკრაინის მოქალაქეები აგებენ ბარიკადებს კიევის მისადგომებთან

- ამასობაში პუტინი მსოფლიოს ბირთვული ომით აშანტაჟებს, შეძლებს ის ამ მუქარის სისრულეში მოყვანას?

- ეს არის რუსეთის სტრატეგია, მას შიშის ექსპორტის გარდა სხვა არაფერი დარჩა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მოიძებნენ რუსული პროპაგანდის მოხალისეები და ისინიც ამ შიშს თესავენ. მაგრამ ვნახეთ, რომ მსოფლიო არ შეშინდა და თუ შეშინდა, ზომებიც მიიღეს. მათ მიიღეს უფრო გაძლიერებული ნატო თავის საზღვრებთან, მონოლითად შეკრული უკრაინელი ერი, რომელიც ამარცხებს რუსების შეიარაღებულ ძალებს და მიიღეს საშინელი ეკონომიკური და ფინანსური ემბარგოები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება, რაც გამოიწვევს რუსეთის შიგნიდან დეტონაციას.

პუტინმა შეიძლება სადღაც ოკეანეში დემონსტრაციულად გაისროლოს ატომური ბომბი, რომ თითქოს მზად არის, ისინი გამოიყენოს მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ აქამდე, ცივი ომის პირობებში ეგ სცენარები დიდი ხანია გაწერილია და თუ რუსეთი გაისვრის ერთ ატომურ რაკეტას, მას მოხვდება ბევრად მეტი, ყოველ შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს ბირთვული პოტენციალი ახლა დამიზნებულია რუსეთზე. ეს არის შეკავების და არა თავდასხმის იარაღი. მეეჭვება, რომ მის შანტაჟზე მსოფლიო წამოეგოს, რის შემდეგაც კიდევ უფრო წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება რუსეთი. სამწუხაროდ, ჩვენ ვიქცევით ისე, რომ რუსეთი თან მიგვიბავს და უფსკრულში გადაგვიყოლებს. ენის მოჩლექით ლაპარაკი არ შეიძლება...

იხილეთ ასევე: