ნატოს სამიტი დასრულდა. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიზარდოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ არიან.
სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსგავს ქვეყნებში საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას მოიაზრებს.
"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ, ასევე, უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას მიმართ. ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობით უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - ნათქვამია ნატო-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, ნატო-მ რუსეთს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ვზრდით ჩვენი საზოგადოებების და ჩვენი ინფრასტრუქტურის გამძლეობას რუსეთის მავნე გავლენის დასაპირისპირებლად. მათ შორის კიბერშეტევების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერებმა შეაქეს უკრაინელი ხალხი, რომელმაც, მათი შეფასებით, "რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ მსოფლიო გმირული წინააღმდეგობით შთააგონა“.
საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოუწოდებენ ბელარუსს "დაასრულოს თანამონაწილეობა რუსეთის შეჭრაში".
"ჩვენ ვაძლიერებთ, ჩვენს კიბერ შესაძლებლობებს და თავდაცვას. კიბერშეტევების შემთხვევაში, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მზად ვართ, დავაკისროთ ხარჯები მათ, ვინც კიბერსივრცეში ზიანს გვაყენებს. ვაძლიერებთ სამოქალაქო მზადყოფნას და დეზინფორმაციაზე რეაგირების უნარს.
ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მზაობას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისთვის.
შემდგომ გადაწყვეტილებებს მადრიდში შეხვედრისას მივიღებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი უკრაინასა და მის მოკავშირეებს ქიმიური იარაღის გამოყენების მზაობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სხვების დადანაშაულება არის პრეტექსტი იმისა, რის გაკეთებასაც თავად რუსები აპირებენ.
ის აღნიშნავს, რომ რუსეთი წარსულში ქიმიურ აგენტებს იყენებდა, მათ შორის ეს მოხდა სოლსბერიში.
ასევე იხილეთ: