ავტორი:

"რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული და მისტიური თუშეთიდან: რა ხდება წელიწადის მიწურულს მთათუშეთში?

"რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული და მისტიური თუშეთიდან: რა ხდება წელიწადის მიწურულს მთათუშეთში?

შემოდგომის ფერადი თუშეთი თოვლმა უფრო შთამბეჭდავი, სრულყოფილი გახადა. "რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - სოფელ დართლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო "შუნის" მეპატრონე თამრო იდოიძე თუშეთიდან გვესაუბრა.

- როგორი ვითარებაა ამჟამად თუშეთში ინფრასტრუქტურის მხრივ, გზები კიდევ უფრო დაზიანდა?

- ვითარება ამ მხრივ რთული ნამდვილად არაა, პირიქით გზის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გასულ სეზონზე გზა თითქმის ერთი თვით გვიან გაიხსნა...

- შესაბამისად ტურისტების რაოდენობაც შემცირებული იყო?

- რაც შეეხება ვიზიტორებს, წინა წელთან შედარებით რაოდენობა შემცირებული იყო. ალბათ ზოგადმა მდგომარეობამ განაპირობა ტურისტული ნაკადის შემცირება.

- გზის გვიან გახსნა დიდთოვლობამ გამოიწვია?

- ისინი, ვისაც გზის გახსნის სამუშაოები ეხებათ, დიდთოვლობას და ამინდს აბრალებენ. თუმცა ამაზე დიდი თოვლიც გვახსოვს და მთლად ამინდის ბრალი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.

- რამდენი წელია თუშეთში საოჯახო სასტუმრო გაქვთ?

- სასტუმრო დაახლოებით 7-8 წელია რაც გვაქვს... გზის გახსნიდან გზის დაკეტვამდე მუდმივად თუშეთში ვართ. დართლოს რეაბილიტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საოჯახო სასტუმრო გაგვეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, თუმცა რამდენადაც რთულია, იმდენად სასიამოვნოა შენს კუთხეში საქმე აკეთო და როგორღაც გამოაცოცხლო აქაურობა. ვცდილობთ, რომ სტუმრებს არა მხოლოდ ღამისთევის საშუალება მივცეთ, არამედ სხვა კუთხითაც დავანახოთ თუშეთი და სახლური გარემო შევუქმნათ...

- სხვა ქვეყნებშიც ყოფილხართ, სადაც ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობებია...

- ბევრ ქვეყანაში მოგზაურობით ვერ დავიკვეხნი ჯერჯერობით, მხოლოდ იტალია, ავსტრია და შვეიცარია მაქვს ნანახი. თუმცა იმედი მაქვს მოგზაურობას გავაგრძელებ... შვეიცარიაში მაგალითად იტალიიდან გადავედი მატარებლით და არაერთი უღელტეხილი გადავიარეთ, სადაც საკმაოდ დიდი თოვლი იყო. მატარებლის ლიანდაგის პარალელურად სამანქანო გზა მიუყვებოდა და თავად გზაზე სისველეც კი არ იყო, არამც თუ თოვლი. რა თქმა უნდა, შვეიცარიის და საქართველოს შედარება სახელმწიფო დონეზე შეუძლებელია! ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა იქ, რომ ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი იყო დახარჯული.

თამრო იდოიძე

- თუშეთი "სიენენმა" ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ათეულში დაასახელა და ასე თუ გაგრძელდა, შეინარჩუნებს ტურისტებისთვის პოპულარობას?

- მე ვფიქრობ, თუშეთის მიმზიდველობა სწორედ მისმა ხელთუქმნელობამ გამოიწვია. თავისთავადაა თუშეთი უნიკალური თავისი ბუნებით, ფლორით ფაუნით, წინაპრების მიერ შექმნილი ციხე-კოშკებით... ვფიქრობ, თუ გავითავისებთ, რომ თუშეთი არ არის ერთჯერადად დასვენების ადგილი და ის ჩვენი მემკვიდრეობაა, უნდა მოვუაროთ გავუფრთხილეთ და შევინარჩუნოთ! ის კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს თავის სტატუსს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში!

- ამჟამად თქვენ თუშეთის სხვადასხვა სოფლებში მოგზაურობთ და რას გვეტყოდით შემოდგომის თუშეთზე?

- ერთდროულად იმაზე ლამაზი და სევდიანი არაფერი მინახავს, ვიდრე შემოდგომის თუშეთია. რაც უფრო ფერადდება, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა. აქ ყველაფერია-მეთქი ვამბობ და მართლაც ყველაფერია თუშეთში იმისთვის, რომ ყოველი დღის გათენება გიხაროდეს. შეიძლება ჩემი თუშეთისადმი დამოკიდებულებების გამო ვფიქრობ ასე, მაგრამ თუშეთისნაირი ფერადი შემოდგომა ბევრგან არ იქნება ნამდვილად. ახლა პირიქითის ხეობაში ვიყავით, პატარა ლაროვანის ხეობა და მაგეხის ციხე მოვინახულეთ. სოფლებში ჯერ თოვლი არ არის, თუმცა გარშემო მთები დიდი ხანია გადათეთრდა და შემოდგომის ფერადი თუშეთი თოვლმა უფრო შთამბეჭდავი, სრულყოფილი გახადა. რაც შეეხება გზას, თვის ბოლოს ჩაიკეტება და ივნისის დასაწყისამდე ერთადერთი საშუალება თუშეთში მოსახვედრად ვერტმფრენია...

- ახლახან დაჯილდოვდით, გვიამბეთ ამაზეც...

- საქართველოს ეროვნულმა ფონდმა გამოაცხადა კონკურსი ,,თუშეთი ჩემი მემკვიდრეობა". ჩვენ სხვა გამარჯვებულებთან ერთად ჯილდო გადმოგვცეს ტრადიციული საცხოვრებელი სახლის შენარჩუნებისთვის და მოვლისთვის. ყველა ჯილდო თუ თბილი დამოკიდებულება უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. ასევე დიდი სტიმული, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ ჩვენი კუთხისთვის.

- რთული არ არის ასეთი ახალგაზრდა რომ ამდენად მკაცრ პირობებში თუშეთში ამდენს აკეთებთ?

- მარტივი ნამდვილად არ არის.. ჯერ იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მაისიდან ოქტომბრამდე ასე ვთქვათ, გასული ვარ მომსახურების ზონიდან... სიმართლე გითხრათ, თუშეთი მუდმივი მონატრებაა. როცა თუშეთში ხარ, ადამიანები გენატრება და როცა თუშეთში არ ხარ, თუშეთი და სახლი.

ყველას ვურჩევ, რომ არ დაუჯერონ გავრცელებულ ხმებს თუშეთის გზაზე... გადალახონ შიში და თუშეთი ერთხელ მაინც მოინახულონ. ეს იქნება ერთი ნახვით შეყვარება და ისევ დაბრუნების მარადიული სურვილი.

ფოტოები: თამრო იდოიძე

ნახეთ ასევე: