ავტორი:

"სინამდვილეში ქართული პროდუქტი აფხაზეთში დიდი ხანია თვალშისაცემია... ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩუმად არიან" - რას ამბობენ აფხაზები "კონსერვების სკანდალის" შემდეგ?

"სინამდვილეში ქართული პროდუქტი აფხაზეთში  დიდი ხანია თვალშისაცემია... ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩუმად არიან" - რას ამბობენ აფხაზები "კონსერვების სკანდალის" შემდეგ?

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთის მაღაზიაში აღმოჩენილი ხაშის კონსერვების გარშემო დაწყებული აჟიოტაჟი გრძელდება. საკვები პროდუქტის ეტიკეტზე საქართველოს დროშა და რუკა იყო დატანილი, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია. აფხაზური მედიის ცნობით, საუბარია 40-მდე ქილა კონსერვზე, რომელიც არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის მხარეში, ნოვოალექსანდროვოს ხორცკომბინატშია დამზადებული და "მისი შემომტანი, მხოლოდ 40 ცალს არ შემოიტანდა, დიდი ალბათობით დანარჩენი უხმაუროდ გაიყიდა".

ekhokavkaza.com-ის ცნობით, აფხაზეთის საბაჟო კომიტეტი აცხადებს, რომ პროდუქტი ქვეყანაში საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით შეიტანეს... ბიჭვინთაში არსებული მაღაზია საბაჟო პუნქტ "ფსოუს კონტრაბანდისა" და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს, დაწყებულია გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების მიხედვით. გარდა ამისა, გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო პროდუქციის შეტანისა და რეალიზაციის კანონიერების შემოწმება, რადგან ხაშის კონსერვის გარდა, საუბარია ქართულ ღვინოებზე და სასკოლო სახელმძღვანელოებზე. კერძოდ, მე-7 კლასის გეოგრაფიის ატლასზე, რომლის გარეკანზეც საქართველოს დროშაა გამოსახული...

ადგილობრივი პოლიტიკოსი ნუგზარ აგრბა გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ახლა უბრალოდ სკანდალი ატყდა, თუმცა სინამდვილეში, "ქართული პროდუქტი და კვალი, დიდი ხანია აფხაზეთში თვალსაჩინო ხდება"...

"ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ რუსეთიდან შემოსული ღვინის გარშემო ატყდა სკანდალი, რადგან მის ეტიკეტზე გამოსახული შინაარსი ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა... საქართველოშიც სკანდალი მოჰყვა აფხაზური აქციზიანი სიგარეტის შეტანის ფაქტს, რომელიც შემდეგ მიჩუმდა. მაგრამ საქმე სხვა რამეშია - როდესაც აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს სტუმრობს, კაფე იქნება თუ რესტორანი, ბოლო ხმაზე უკრავენ ქართულ სიმღერებს. შესაძლოა, არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც მომისმენია. მაგალითად, რიწის ტბაზე" - ამბობს აფხაზი.

მისი თქმით, იქ რუსული შოუს მონაწილე ქართველები, ბოჯგუების ოჯახი ქართულად მღეროდა. ცნობისთვის, ამის შესახებ ზაფხულში აფხაზებიც წერდნენ სოციალურ ქსელებში და ზოგიერთს უკვირდა, რომ ხალხს ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, პირიქით, ვიღაცები სიამოვნებითაც კი უსმენდნენ.

"მამა და ორი შვილი მღეროდნენ, როგორც ქართულ, ისე რუსულ მელოდიებს მღეროდნენ, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალედ, იმდენად კარგად, რომ პირადად მე, სახლშიც კი მოვუსმენდი, მაგრამ თუ ჩვენს რესტორნებში ქართული სიმღერები ხმამაღლა გაჟღერდება, თუნდაც ეს მსოფლიო მნიშვნელობის იყოს, ვფიქრობ, მაინც მიუღებელია... თუმცა, ამიხსნეს, რომ რესტორანს ყველანაირი ადამიანები სტუმრობენ, ტოლერანტობის სხვადასხვაგვარი აღქმით. ისეთებიც, რომლებიც ომის დროინდელ სულიერ ტკივილებს ატარებენ, თუმცა, არიან ისინიც, ვინც აფხაზეთის საქართველოს ნაწილად აღიქვამს" - ამბობს აგრბა.

ადგილობრივი გამოცემა Независимая Республика -ს მთავარი რედაქტორი იური კურასკუა წერს, რომ 10-15 წლის წინ, ენგურიდან ყველანაირი პროდუქტის, სურსათის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის გადმოტანა იყო შესაძლებელი.

"რაღაც დროის განმავლობაში შეწყდა, ახლა კი, იგივე ხდება და ისევ და ისევ ჩვენს მოქალაქეებს შემოაქვთ, რომლებიც იმავდროულად, სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიან.

ისინი დიდი ფულის მფლობელები და გავლენიანები არიან. საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. საქართველოდან კონსერვები, ღვინო და სხვა რამეები შემოაქვთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ადგილობრივ ბაზარში იქიდან მწვანილით, ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობენ. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩუმად არიან. თუმცა, როგორც ჩანს, ენგურის მხარე უფრო ფართოდ იღება ჩვენთვის...

2010 წელს ჩვენმა გამოცემამ მჟავე რძით სავსე ქილები გამოავლინა, რომლის ეტიკეტზე მომღიმარი სოსო პავლიაშვილი იყო გამოსახული, რომელიც ამ პროდუქტის მიღებას უწევდა რეკომენდაციას. როდესაც ვიკითხეთ, საიდან აღმოჩნდა ეს ფოტო რძის ბოთლებზე, გვიპასუხეს, რომ მეტჯერ აღარ იზამდნენ. იცით ვინ იდგა ამ ბიზნესის უკან?.. ჩვენი ვეტერანი სამხედროები... ასე რომ, არაფერი მიკვირს" - წერს კურასკუა.

კონსერვების სკანდალს ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან. მათი თქმით, კატასტროფულად იზრდება დენის გადასახადი, ფასები საკვებზე, ტრანსპორტის ღირებულება, ამ დროს კი, ვიღაცები ხაშს გამოეკიდნენ, რომელიც მთელ აფხაზეთში ალბათ ასი ქილა იქნება შემოტანილი...

"თქვენი ჯიპების დაბურული შუშებიდან არ ჩანს, მაგრამ იქნებ სტატისტიკას გაეცნოთ, რამდენი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში. ზაფხულთან შედარებით, სამჯერ გაზრდილი დენის გადასახადი მომივიდა. ჯერ მთელი ზამთარი წინ არის, ნახევარი დღე უწყლოდ და დენის გარეშე ვართ მთელი კორპუსი, მეექვსე სართულზე შეშას და წყალს ვეზიდებით. თურმე ხაშზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა" - ამბობს მარიანა ჯოპუა.

"სოხუმში უამრავ ადამიანს დენის მრიცხველი არ აქვს. დაეწვათ და ბრმა პრინციპით იხდიან თანხას, მეტია თუ ნაკლებია, არ იციან. ქაოსია ელექტროსისტემაში. ფასებმა კატასტროფულად იმატა და თურმე ენგურიდან შემოტანილი სურსათია მოღალატეობა... უკაცრავად, თქვენსავით სამსართულიანი სახლის სარდაფებში არ გვიწყვია ხიზილალა, შედედებული რძე და ათი წლის სამყოფი ბურღულეული... მიეცით ხალხს ალტერნატივა, რომ გადარჩეს, თორემ თავად იპოვის და პატრიოტიზმზე საუბარიც გვიანი იქნება. როდესაც ჩემს შვილს შია, ინალ არძინბას შეგონებების მოსასმენად დროს ვერ დავკარგავ, ენგურზე კი არა, იმის იქითაც წავალ" - წერს ესმა აგირბა.

ნახეთ ასევე: