ავტორი:

"1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ... 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

"1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ... 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოგონები არიან. თათა ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობმა თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის... რაც შეეხება ბაბის, ისიც ბავშვობიდან მღერის და დღეს უკვე ცნობილი ბენდის წევრია.

ბაბი კირკიტაძე ერთი თვის წინ სკანდალში გაეხვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა. მერიის ფინანსური სამსახურის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მომღერალმა აღნიშნული თანხა ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს ბენდის" მომსახურების გამო მიიღო... 23 ოქტომბერს ბენდმა კასპში "კასპობასთან" დაკავშირებით იმღერა, რისთვისაც მერიისგან 12 ათასი ლარი მიიღო.

როგორია თათას და ბაბის ცხოვრება სცენის მიღმა და რა სირთულეები შეხვდათ ცხოვრებაში, ამის შესახებ მომღერლები თავად ჰყვებიან:

ბაბი კირკიტაძე:

- საკმაოდ ბევრი სირთულით იყო ჩემი ცხოვრება დატვირთული. "ფლაერებიც" დამირიგებია ქუჩაში. ამაში არაფერი სათაკილო არ არის. პირიქით, მე სულ მქონდა მოტივაცია, რომ საკუთარი ძალებით შემექმნა რაღაცები. 16-17 წლის ვიყავი, როცა სახლი უკვე აღარ გვქონდა. ქირით ვცხოვრობდით. შესაბამისად, ჩემი დახმარება სჭირდებოდა ოჯახს. რა საქმეც მხვდებოდა, არაფერზე უარს არ ვამბობდი. დედაჩემს ჰქონდა პატარა მაღაზია და თავიდან ამ მაღაზიისთვის დავიწყე "ფლაერების" დარიგება, მიმტანობაც მიცდია, რესტორნის მენეჯერიც ვყოფილვარ. ზოგადად მზრუნველობაში ვიყავი გაზრდილი და უცებ ასეთ რეალობაში რომ აღმოვჩნდი, ჩემი მშობლები ამას განიცდიდნენ. 18 წლის ვიყავი რესტორანში სიმღერა რომ დავიწყე.

შემდეგ უამრავი სამსახური გამოვიცვალე. ერთ დღესაც ვნახე განცხადება, რომ შოუსთვის ეძებდნენ გოგონას, რომელსაც სიმღერა უნდა სცოდნოდა. მე დედასთან ერთად წავედი კასტინგზე. ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება. უკვე აღვნიშნე, რომ სახლი არ გვქონდა და ადრეული ასაკიდან მომიწია ფიქრი იმაზე, რომ ყოველი თვიდან ქირა იყო გადასახდელი. ასე გრძელდებოდა 9 წელი და როგორც იქნა სახლი ვიყიდე. მადლიერი ვარ ყველა ადამიანის ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეხვედრია. მადლობა მეგობრებს - რომ არა ისინი ვერ შევძლებდი ამ ბინის ყიდვას.

თათა გიორგობიანი:

ჩემი და ბაბის ისტორიები საკმაოდ მსგავსია. ისიც დამოუკიდებელია და მეც ასეთი ვარ. ჩემს შემთხვევაში ოდნავ მეტი სირთულე ის იყო, რომ 1 წლის ვიყავი, როცა დედა და მამა დაშორდნენ. მამას კი ჰქონდა კონტაქტი ჩემთან, მაგრამ ძლიერი ზურგის აღქმა მაკლდა. ვცდილობდი, ორმაგად ძლიერი ვყოფილიყავი, რადგან არავის ეთქვა, რომ ეს ბავშვი უმამოდ იზრდება და თავზე ხელი აიღოო ან რამე მსგავსი. ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ვყოფილიყავი საუკეთესო. 15 წლიდან ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია, საბავშვო ბაღშიც ვიმუშავე აღმზრდელად.

ბევრგან ვცადე საკუთარი თავი. ამასობაში უნივერსიტეტიც დავამთავრე, შევიძინე კარგი მეგობრები. პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში იყო ონისე ფუტკარაძესთან "ბექებში" რომ ვიდექი. მომეწონა და გავაკეთეთ ბენდი "იელოუ". ჩვენი ნამღერი მოისმინა გელამ (გნოლიძემ) და შემდეგ მოგვიყვანა "ღამის შოუში". მადლიერი ვარ ჩემი მსმენელის. მადლობა მათაც ვისაც არ სჯეროდათ ჩემი და მეუბნებოდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. ამან უფრო გამაძლიერა.

მომღერლებმა საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაცემაში "სიკეთე მარტივია" ისაუბრეს.

ნახეთ ასევე: