ავტორი:

"ნეტავ, რამდენი გადაუხადეს?" - აფხაზურმა მედიამ რუსლან გამისონიას "გაშავება" დაიწყო: რას ამბობენ ადგილობრივები აფხაზეთიდან გამოქცეულ ახალგაზრდაზე?

"ნეტავ, რამდენი გადაუხადეს?" - აფხაზურმა მედიამ რუსლან გამისონიას "გაშავება" დაიწყო: რას ამბობენ ადგილობრივები აფხაზეთიდან გამოქცეულ ახალგაზრდაზე?

ახალგაზრდა, ტიკ-ტოკერის, დაურ ბუავას შემდეგ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან საცხოვრებლად ენგურს აქეთ გადმოვიდა, ახლა ადგილობრივ მოსახლეობაში აქტიური განხილვის თემაა, რუსლან გამისონია. რამდენიმე დღის წინ, მან პირველი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ აფხაზეთში გაუსაძლისი სიტუაციაა და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

"აფხაზეთში წარმოუდგენელი რამ ხდება. იქაურობას მართავს ძალა, რომელიც სიმართლის თქმის საშუალებას არ იძლევა, ყიდის მიწებს, ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებით არის დაკავებული. პროპაგანდისტები ამბობენ, რომ აქ (ქართულ მხარეს) მტრები არიან, არადა, არ არიან... ერთობლივი დიალოგის დროა. უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დალაგება, უნდა მივიდეთ მომავალთან. აქ არის მომავალი, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნება, მშვიდობა მსოფლიოს!" - ამბობს გამისონია მიმართვაში.

ამის შემდეგ, მან საქართველოს დროშის ფონზე კიდევ ერთხელ მიმართა თანამემამულეებს და მოუწოდა, არ წავიდნენ უკრაინის ომში.

"ეს არის კრემლის გეგმა. არ გააკეთოთ ეს, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას, რაც 90-იან წლებში ჩვენმა უფროსმა თაობამ დაუშვა. ქართველები და აფხაზები ძმები არიან. არ შეიძლება ჩვენი ისტორიის დანგრევა, ისე, როგორც ეს იმ სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა გააკეთეს... გთხოვთ, ნუ გავიმეორებთ იმ გზას, რაც მაშინ გავიარეთ" - ამბობს ახალგაზრდა აფხაზი თავის მიმართვაში, რომელსაც ქართული მისალმებით იწყებს.

  • პასუხად, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსლან გამისონია ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ განზრახ მკვლელობისთვის, ასევე რუსეთის ორი მოქალაქის გაუპატიურების მუხლებით არის გასამართლებული და 2022 წლის ზაფხულის შემდეგ საქართველოს აფარებს თავს...

სოხუმის პროკურატურის ცნობით, 2023 წლის 18 იანვარს რუსლან გამისონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კიდევ ორი მუხლით აღიძრა - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა და საჯარო მოწოდებები მედიაში აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

ekhokavkaza.com-ის სოხუმის განყოფილების მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, აფხაზური საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში გადასული აფხაზი ახალგაზრდების მიმართვებს...

"ერთ-ერთი მათგანი რუსლან გამისონია ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია, ქართველი ხალხი კი დიდებული ერი, რომელსაც სურს აფხაზებს დაეხმაროს... მისი აზრით, თურმე აფხაზეთში მიდის პროპაგანდა, რომ ისინი მტრები არიან, არადა მტრები არ არიან... მისი განცხადებების გარშემო აფხაზეთში პოლემიკა გაიმართა. ინტერნეტმომხმარებლები სვამენ კითხვას, ნეტავ რამდენი გადაუხადეს მას? როგორ შეიძლება შენს ხალხს პატივს არ სცემდე?!" - წერს გამოცემის ავტორი, ადგილობრივი აფხაზი ჟურნალისტი.

სხვების თქმით, ბუავა პირველი იყო, ვინც წავიდა და ხმამაღლა ისაუბრა ქართველების განწყობაზე, მას შემდეგ სხვებიც წავიდნენ, წყვილები, ახალგაზრდა ბიჭები ან გოგონები, მაგრამ უხმაუროდ.

"ახლა კი, გამისონია გამოჩნდა, რომელიც ასევე ამბობს, რომ ქართველები აფხაზებს მტრებად არ თვლიან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთი მთლიანად რუსეთზეა მიჩერებული, რუსეთი კი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ცუდ სიტუაციას იქმნის, იმდენად ცუდს, რომ მის მოქალაქეებს ყაზახეთმაც კი შეუზღუდა თავის ქვეყანაში ყოფნის ვადა. ჩვენ კი ასეთი სახელმწიფოსგან 1,5 მილიარდი რუბლის ვალს ვიღებთ. მგონი, დიდი არითმეტიკა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ აფხაზეთიდან წასვლის მსურველები კიდევ მოიმატებს" - წერენ ისინი.

აფხაზი ტელეწამყვანი, გოგუცა ვარდანია დაურ ბუავაზე საუბრისას ჰყვება, რომ ის გამუდმებით უსმენს მის ჩართვას ტიკ-ტოკზე, სადაც ბუავას აფხაზი ახალგაზრდები სწერენ, ურეკავენ და ეკითხებინა, "რა ხდება საქართველოში, როგორ ცხოვრობს ხალხი იქ, ის კი პასუხობს, რომ განსხვავებით აფხაზეთისგან, იქ ყველაფერი ძალიან კარგად არის".

"მე მესმის ჩვენი ახალგაზრდების, თითქმის ბავშვების, 14-15 წლის მოზარდების ხმა, რომელთა ფსიქიკა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ისინი მთელ დროს სოციალურ ქსელებში ატარებენ და ამ დროს უსმენენ ბუავას. ცხადია, უჩნდებათ აზრი, რომ იქ შეიძლება ყველაფერს მიაღწიონ... ასევე, შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ურეკავენ, ზოგი თავაზიანად ესაუბრება, ზოგიც - ნაკლები თავაზიანობით. ის ძალიან კარგად არის მომზადებული და თუ გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის, საუბარს წყვეტს" - ამბობს ვარდანია.

ერთ-ერთი ადგილობრივის, ლეონ აფხაზის მოსაზრებით, საინტერესოა ის, რომ ბუავასა და გამისონიას მიმართ ინტერესს გამოხატავენ ახალგაზრდები...

"დავანებოთ თავი იმას, რომ ასეთი გამოსვლები არაპატრიოტულია. ამ ბიჭებმა იციან, თუ რა კრიტიკისა და ტალახის ნიაღვარი მოჰყვება ამ ყველაფერს, მათი ოჯახი, ნათესავები აქ ცხოვრობენ, ჟურნალისტები ურეკავენ, სახლში მიდიან მათთან და ეკითხებიან, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება მათი ოჯახის წევრებმა... არ არის ადვილი ამის გაძლება, მაგრამ მაინც მიდიან ამ რისკზე, რასაც ერთადერთი ახსნა აქვს - უპერსპექტივობა" - წერს ის.

"ჩვენმა თაობამ გაუძლო, მაგრამ მათ ომზე მხოლოდ გადმოცემით იციან, ის ბიჭები კი, მიდიან თბილისში, ქუჩაში დგანან და იქიდან მოგვმართავენ, აქ არავის ვძულვართო. როგორც ირკვევა, ახალგაზრდები უსმენენ მათ, აინტერესებთ მათი აზრი, ანუ სჯერათ მათი. ადამიანი ყოველთვის ცდილობს გადარჩეს. ჰოდა, სანამ ჩვენი პოლიტიკოსები, აპრილში კიდევ ერთი პოლიტიკურ გადატრიალებას და ანქვაბი-ბჟანია-არძინბას მოშორებას გეგმავენ, ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში ცდილობენ გადარჩენას" - წერს ილია გუმბა.

ნახეთ ასევე: