ავტორი:

"მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, პედაგოგი, ქალი და დედა ვარ, არავისი მმართებს, გარდა ქვეყნისა, რომელიც მიყვარს... " - ვინ არის ცნობილი პლაკატის ავტორი გუშინდელი აქციიდან

"მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, პედაგოგი, ქალი და დედა ვარ, არავისი მმართებს, გარდა ქვეყნისა, რომელიც მიყვარს... " - ვინ არის ცნობილი პლაკატის ავტორი გუშინდელი აქციიდან

გუშინ, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტი ქალები განსაკურებულად აქტიურობდნენ. რამდენიმე მათგანის ფოტო თუ ვიდეო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ერთ-ერთია თამარა ჩაკვეტაძე. პლაკატი ემოციური ტექსტით, რომელიც თამარამ საკუთარ შვილს, ლუის მიუძღვნა, ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა.

AMBEBI.GE თამარა ჩაკვეტაძეს დაუკავშირდა:

"მრავალი წელია ბავშვებს ვასწავლი. პედაგოგი, ადრეული ასაკის სპეციალისტი და გარე განათლების პრაქტიკოსი ვარ. გუშინდელი ღამე, ისევე, როგორც სხვა მრავალი დღე თუ ღამე ჩემს მოქალაქეებთან ვდგავარ ყოველთვის, როცა ჩემს შვილს, ჩემ თანამოქალაქეებს და მამულიშვილებს სჭირდებათ ჩემი დახმარება. ქვეყანას სჭირდება დახმარება. გუშინდელ ღამეს ბავშვებზე ფიქრით გავედი. ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ.

ჩემი შვილიც არაერთხელ მდგარა ჩემ გვერდით. მშობლებს გვაკისრია პასუხისმგებლობა მაგალითი ვიყოთ მათთვის და თუ დავეცემით, უნდა ავდგეთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. სიტყვას და მოქმედებას დიდი ძალა აქვს, ასე იყო ქართველებში ყოველთვის.

ხოლო თუ მეგობარს დახმარება სჭირდება, უნდა დავეხმაროთ, წაქცეულს ხელი უნდა გავუწოდოთ. ამას უნდა ვასწავლიდეთ ბავშვებს. არაფერია გულანთებულ, სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებთან ერთად დგომაზე მეტი!

ჩემ გვერდით ბავშვები იყვნენ, მოზარდები, ჩვილებიც კი, რომლებიც მამებს და დედებს ჰყავდათ მკერდზე მიკრული. დარწმუნებული ვარ, მათ გულის ცემაზე მშვიდად ეძინათ, იმიტომ რომ არაფერია იმაზე სანდო, ვიდრე სამშობლოსთვის მოძგერალი მშობლის გული! მშვიდობიან აქციებზე ოჯახთან ერთად ყოფნა როდია დასაძრახი. ეს თავისუფალი ქვეყნის ნიშანია. ამიტომ ქვეყნისგან, სადაც ბავშვებს ვზრდით და მოველით მოქალაქეების უსაფრთხოებას, სადაც ამას ბავშვები ტელევიზორით და პირისპირ უყურებენ, ძალის გადამეტების მაგალითებია დასაძრახი.

არაფერია იმაზე მტკივნეული, როდესაც ქართველის წინააღმდეგ ქართველი მიდის. როგორ შეიძლება ეს ეროვნული თვითმიზანი გავხადოთ, როცა ერთი მუჭა ხალხი ვართ. მებრძოლი თავისუფლებისთვის!

საქართველო ოდითგანვე და ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი ევროპული ღირებულებებისა, ეს მოიცავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ერთად დგომას, თანასწორობას, პატრიოტიზმს, ბავშვთა უფლებებს და სხვა მრავალს. ეს ჩვენ სხვისგან არ გვესწავლება. თუკი კანონები, იმისთვის იქმნება, რომ თავისუფალი ნება იზღუდება, აზრი და სამოქალაქო ჩართულობა, ფუჭია ის კანონი. ფუჭია ჩვენი ყოფა!

მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, პედაგოგი, ქალი და დედა ვარ, არავისი მმართებს, გარდა ქვეყნისა, რომელიც მიყვარს. შვილები და სხვა მშობლების ბავშვები იმ ქვეყანაში მინდა დავზარდო, სადაც საქართველოს და მოქალაქეების გასაძლიერებელ კანონებს მიიღებენ, რომელიც გაგვაძლიერებს ჩვენ და არა პირიქით. მსგავსი "რუსული ყაიდის" კანონები საფრთხეს უქმნის ისევ ქვეყანას, ევროპულ ოჯახში ყოფნას, ქართულ სიტყვას ამ ოჯახში, აწმყოს და მომავალს, უსაფრთხოებას; მათ შორის, ქართველებს, ერთმანეთთან დამოკიდებულებას, ჩაგვრას და დაყოფას. ჩვენ ეს ერთად უნდა შევცვალოთ!

დედები არასოდეს ტოვებენ შვილებს სიბნელეში და ჯანსაღ, ქართველ დედაზე ძლიერი და სამართლიანი ამ ქვეყანაში მე არაფერი მეგულება! მინდა, 8 მარტი მივულოცო, გოგონებს და ქალებს. ბრძოლის დღე მივულოცო ჩვენი უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის!

რაც შეეხება, პლაკატის იდეას, "ლუის ტური ჰქონდა "ოკუპაციის მუზეუმში" და დარდიანმა მითხრა: დედა, ...რამდენი ქალი მოუკლავს ოკუპაციურ რეჟიმსო... ხოდა, ლუი, იცოდე! ნუ შეგეშინდება! მე შენთვის სიცოცხლეს ვაპირებ! მეტიც, შენ ხარ ჩემი სიცოცხლე და ჩვენ, ეს ქართველები, ვისაც თავისუფლება გვიყვარს, არასოდეს მოვკვდებით! ჩვენი ბავშვები არ დაიზრდებიან უდედოდ და უმამოდ მეტჯერ, რუსული ჩექმის ქვეშ! უპატრონოდ არ დაიზრდებიან ამ ქვეყანაში! ეს დავწერე მაშინვე. ასე გაჩნდა ამ პლაკატის იდეა" " - ამბობს AMBEBI.GE -სთან თამარა ჩაკვეტაძე.

ასევე იხილეთ: