ავტორი:

"შესაძლოა, ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც ხიდი დატოვოს ივანიშვილთან..." - რატომ არ შევიდა პრეზიდენტთან პოლემიკაში ხელისუფლება: პოლიტოლოგის შეფასება

"შესაძლოა, ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც ხიდი დატოვოს ივანიშვილთან..." - რატომ არ შევიდა პრეზიდენტთან პოლემიკაში ხელისუფლება: პოლიტოლოგის შეფასება

გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, როგორც არასდროს, ისეთი კრიტიკული იყო და საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებაც მოჰყვა.

"არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით. დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.

დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას, არამედ ძალაუფლების გამყარებას. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, თქვენს რიგებში აღარ ისმის ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე.

ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ხალხის მანდატს.. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა. ეს ყველაფერი კი იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ბოლო ელჩი საყვედურებით გავაცილეთ" - მიმართა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროპული და ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რაც რეალობას არ შეესაბამება.

პრეზიდენტი გამოსვლაში უკრაინის თემასაც შეეხო: - "უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას დადებითად და სახელმწიფოებრივად გამართულად აფასებს, ხოლო ხელისუფლების გამოხმაურებას "ვირეშმაკობას" უწოდებს.

"პრეზიდენტის გამოსვლას დადებითად ვაფასებ - ჩვენ ტრიბუნასთან ვიხილეთ არა მოქალაქე ზურაბიშვილი, არამედ ინსტიტუციური ლიდერი, რომელიც არ ერიდება ხელისუფლების კრიტიკას და იცავს სახელმწიფო ინტერესებს, ანუ იცავს თავის პირდაპირ ფუნქციას. ეს ფუნქცია მდგომარეობს კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვაში, ასე რომ, კარგი და სახელმწიფოებრივად გამართული გამოსვლა იყო. როცა პოზიცია იყო სწორი, ახლა შეთქმულების თეორიებზე და იმაზე საუბარი, შეთანხმებული იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან, ორმაგი თამაშია, თუ - არა, არ მგონია მნიშვნელოვანი იყოს.

ჩვენს სახელმწიფოს აქვს გრძელვადიანი ამოცანები, რაც ევროკავშირში ინტეგრაციაში მდგომარეობს. მის გამოსვლაში იყო სწორი აქცენტები დასმული და თუ ბიძინაც ამ ჭკუაზეა, ძალიანაც კარგი, რა არის ამაში ცუდი? სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი მოსაზრება, შესაძლოა კიდეც, ცდილობს რაღაც ხიდი დატოვოს ივანიშვილთან, ეს მისი პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია და მეტი არაფერი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის გამოხმაურებას, ხელისუფლება ახლა ვირეშმაკობას მიმართავს - ესენი არ შევიდნენ სალომე ზურაბიშვილთან კონფრონტაციაში და პოლემიკაში იმიტომ, რომ იციან, ამ პოლემიკას წააგებდნენ, ესმით, რომ მათი პოზიციები არის სუსტი, ამიტომ ახლა ცდილობენ გარკვეულწილად წაუყრუონ, ეს თემა რამენაირად რომ გადააგორონ. პოლემიკაში რომ შესულიყვნენ, მწვავე დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, რაც მათ სასარგებლოდ არ დასრულდებოდა, ამიტომ კბილების ღრჭიალით არჩიეს, რომ შედარებით ზომიერი კომენტარები აკეთონ. სამაგიეროდ, უმრავლესობამ, თავისი ექსპერტები რომ ჰყავთ, ისინი აასისინა სოციალურ ქსელებში.

ჩვენ ხომ ბიძინა ივანიშვილის ჯინი არ გვჭირს? ბიძინა თუ შეცვლის თავის შეხედულებებს, ის თუ პრორუსულ რიტორიკას დაანებებს თავს, ამათ ჩარეცხავს, ნორმალურ ადამიანებს მოიყვანს, ძაანაც კარგი, ნეტა ასე იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ინტერესია მთავარი, მზად ვართ უკან გადავდოთ ყველაფერი - ბიძინა თავის პოლიტიკას თუ გამოასწორებს და სწორი გზით ივლის, ამას მხოლოდ მივესალმები, ამის გამო რატომ უნდა ვაკრიტიკოთ? ეს ხალხი ასეთია, ზნეს ვერ შეიცვლის და ბიძინას პოლიტიკის შეცვლა თუ უნდა, ეს ხალხიც უნდა შეცვალოს, სხვანაირად არ გამოვა.

ისიც აღსანიშნავია და მშვენიერი, ბუჩას წლისთავზე პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივის მისაგებად ფეხზე რომ წამოაყენა დეპუტატები. ჩვენი მოვალეობა და სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია, მხარს ვუჭერდეთ უკრაინას იმიტომ, რომ დღეს მარტო უკრაინაში კი არ მიდის ომი, ის ჩვენთვისაც მიდის და შესაბამისად, პატივი უნდა ვცეთ მათ ბრძოლას, მათი გაჭირვების თანაზიარი უნდა ვიყოთ, უნდა გვიხაროდეს უკრაინის გამარჯვებაც. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს უკუღმა აკეთებს - უკრაინას ლანძღავს და რუსეთს ენისმოჩლექით ელაპარაკება - ესაა პრობლემა" - ამბობს გია ხუხაშვილი.

ნახეთ ასევე: