ავტორი:

"ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა სასტუმროს ნომერი" - რას ამბობენ "ამბასადორში" დაკავებულ პირზე და ინფორმაციაზე, რომ მან ხანძრის გაჩენამდე ფული წააგო?

"ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა სასტუმროს ნომერი" - რას ამბობენ "ამბასადორში" დაკავებულ პირზე და ინფორმაციაზე, რომ მან ხანძრის გაჩენამდე ფული წააგო?

სამორინე "ამბასადორში" უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შსს-ს მიერ დაკავებულ პიროვნებას რაიმე კვეთა ჰქონდა მათ საქმიანობასთან.

ამის შესახებ ნათქვამია სამორინეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ამ წუთებამდე ვრცელდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებული პიროვნება სტუმრობდა სამორინე ამბასადორს, წარმოადგენს სიცრუეს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ.

მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან" - ნათქვამია განცხადებაში.

"ამბასადორის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, რომ პირს, რომელიც შსს-მ დააკავა, სასტუმროს ნომერი ორი-სამი დღის აღებული ჰქონდა ნომერი.

"ეს ადამიანი, ვისზედაც მესაუბრებით, აქ ცხოვრობდა, ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა ნომერი, მაგრამ მან გააჩინა თუ არა ხანძარი, ამაზე საუბარი ჯერ მე არ შემიძლია. გამოძიების ვერსია ბევრია, გააჩინა ფიზიკურმა პირმა, თუ გაჩნდა ელექტროენერგიის საშუალებით. აქ ყველანაირი ნორმა დაცულია. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა როგორიც არ უნდა გააკეთო, არის შემთხვევები, რომელიც ამ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობის გამოცდის. მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა განზრახ გააჩინა ხანძარი, ძნელია, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ იმდენად ეფექტურად იმუშაოს, რომ ის არ გავრცელდეს. მითუმეტეს, როცა ასეთი მაღალი კლასის სასტუმროში, სადაც ბევრი ხალიჩაა, ბევრი ფარდა და შპალერია და მარტივად აალებადია" - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძარი გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის მესამე სართული მთლიანად განადგურდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. პოლიციამ დღეს დილით დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ხანძარი განზრახ გააჩინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებული სწორედ ის პიროვნებაა, რომლის კადრებიც გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. კადრებში ჩანდა ნახევრად შიშველი მამაკაცი, რომელიც ხანძრის შემდეგ ცდილობდა, სასტუმრო დაეტოვებინა.

ნახეთ ასევე: