საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ფინანსური სტაბილურობის ანგარიში" გამოაქვეყნა და წლიური ინფლაცია - 10,6%-ით განსაზღვრა. ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდას, მსოფლიო ბაზარზე, პურ-პროდუქტებსა და ბურღულეულზე ფასების ზრდას უკავშირებს. ბუნებრივი მოვლენების გამო, ხორბლის მოსავალი მკვეთრად შემცირდა, რამაც საერთაშორისო ბაზარზე, ხორბლის ფასი გაზარდა. შესაბამისად, ეს პროცესი საქართველოზეც აისახა და ხორბალი გაძვირდა. თუმცა, ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ის პროდუქტებიც გაძვირდეს, რომელთა წარმოება ხორბალს უკავშირდება. მაგალითად, ხორცის პროდუქტები, რძის ნაწარმი, კვერცხი და მზესუმზირის ზეთი.
რას ნიშნავს ორნიშნა ინფლაცია, როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკასა და ქვეყნის მოსახლეობაზე? ამ და სხვა საკითხებზე, "ვერსია" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, შოთა მურღულიას გაესაუბრა:
- ორნიშნა ინფლაცია უკვე ის კრიტიკული ზღვარია, რამაც, შესაძლოა, ქვეყნის განვითარება შეაფერხოს. ეს პროცესი სოციალურ ფონზეც გაცილებით მძიმედ აისახება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რამ გამოიწვია ინფლაცია. მთავარი მიზეზი იყო იმპორტირებულ საქონელზე ფასის მატება მსოფლიო ბაზარზე. თუმცა, ეროვნულ ბანკსაც აქვს თავისი მექანიზმები იმისთვის, რომ ინფლაციური პროცესი შეაჩეროს და ა.შ. ბოლო ორი წლის მანძილზე, იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდაც დაბალი იყო, რასაც მსოფლიო ფინანსური კრიზისიც დაერთო, ინფლაციის პრობლემა არ გვქონია. 2007 წელს ინფლაციის საკმაოდ მაღალი დონე დაფიქსირდა, რაც დაკავშირებული იყო ორ ფაქტორთან: ერთი - ჩვენთან უკვე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ინფლაციის დონე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალია და მეორე - მსოფლიოში, იმპორტირებული პროდუქტების საბაზრო ფასი გაიზარდა, მათ შორის, ხორბალსა და სხვა პროდუქტებზე. ამან ნაწილობრივ გამოიწვია ინფლაცია საქართველოში. თუმცა ბევრი არ აღიარებს ამ ფაქტორს. რა თქმა უნდა, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ინფლაციაზე ახდენს გავლენას.
- ბატონო შოთა, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, იმ პროდუქტებზეც გაიზრდება ფასები, რომლის წარმოებაში ხორბალი გამოიყენება. როგორც ჩანს, ფასების ზრდას მომავალშიც უნდა ველოდეთ?
- ეროვნულ ბანკს, თუ სურვილი ექნება, ეროვნული ვალუტის კურსისა და ინფლაციის რეგულირების საშუალება აქვს, ესაა ჩვეულებრივი, მონეტარული პოლიტიკის საკითხი. თუმცა, ამ რეგულირებისთვის სახელმწიფო რესურსის გამოყენება აუცილებელია. შესაბამისად, როდესაც იმპორტირებულ პროდუქტებზე, ფასების ზრდას ბუნებრივი მოვლენები იწვევს, ეროვნულ ბანკს შეუძლია, ხელოვნურად ისეთი შეზღუდვები დააწესოს, რომლითაც ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს. რას ნიშნავს ეს? მარტივად რომ ვთქვათ, თუ ეროვნული ბანკი გარკვეული მოცულობის შეზღუდვასა და მკაცრ კონტროლს დააწესებს, მაშინ კომერციულ ბანკებსაც უნდა აუწიოს სარეზერვო განაკვეთები, რაც ბიზნესის დაკრედიტებას შეამცირებს. არადა, სწორედ ახლა, ბიზნესს დაკრედიტება სჭირდება, რათა კრიზისიდან გამოვიდეს და განვითარდეს. მართალია, ინფლაცია, ძირითადად, უცხოურ პროდუქციაზე ფასების ზრდას მოჰყვა, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გაიზარდა მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა. არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი არჩევნებმაც გამოიწვია. საარჩევნო პერიოდს ყოველთვის თან ახლავს არსებული სოციალური პროგრამების გადაჭარბებით შესრულება, რაც თავისი შინაარსით, ინფლაციურ პროცესებს განაპირობებს. ერთის მხრივ, ინფლაცია აწუხებს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მეორეს მხრივ - დიდი სურვილი აქვს, სოციალური დახმარება და პენსია გაიზარდოს, ანუ "ოქროს შუალედის" დაჭერა ძალიან რთულია.
- ორნიშნა ინფლაცია იმიტომ დაფიქსირდა, რომ საარჩევნო წელი გვქონდა? მხოლოდ ხორბლის ფასის ზრდა, ასეთ მკვეთრ გავლენას ვერ მოახდენდა?
- ეს პირდაპირ არსად წერია, მაგრამ, როგორც წესი, ყველა ქვეყანაში, საარჩევნო წელს, სოციალური პროგრამები გადაჭარბებით ფინანსდება და აქ მხოლოდ საქართველო არ იგულისხმება. რა თქმა უნდა, ხორბლის ფასმა ინფლაციაზე ძალიან სერიოზული გავლენა იქონია და მომავალშიც იქონიებს, რადგან ხორბალი და ფქვილი სხვა პროდუქტებისთვისაც გამოიყენება. თავის მხრივ, ინფლაცია ნიშნავს იმ ადამიანების ჯიბიდან თანხის ამოღებას, ვისაც ეს თანხა დაგროვილი და გადადებული აქვს ლარში. შესაძლოა, ასეთი ადამიანი ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გადავხედოთ სამომხმარებლო ფასების კალათას და ვნახოთ, მასში შემავალი პროდუქტებიდან, რომელ სახეობაზე გაიზარდა ფასები.
როდესაც სურსათსა და მედიკამენტებზე იზრდება ფასები, ეს ძალიან მძიმედ აისახება ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ოჯახის შემოსავლების დიდი წილი, როგორც წესი, პირველადი მოხმარების საგნებზე მიემართება, ამიტომ თუ ძვირფასი ნივთები გაძვირდება, ეს საზოგადოების უმრავლესობაზე გავლენას არ იქონიებს. განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ფასების ზრდა პირველადი მოხმარების საგნებზე ფიქსირდება, რადგან სურსათსა და მედიკამენტებს ყველა იძენს - მათ შორის, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობაც. პირველად პროდუქტებზე ფასების ზრდა, მოსახლეობის მდიდარ ფენაზე გავლენას არ იქონიებს, რადგან სურსათზე, მათი ხარჯების მცირე ნაწილი მოდის, მაგრამ სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა, ამ კატეგორიის პროდუქტებზე, მთლიანი შემოსავლის, თითქმის 90%-ს ხარჯავს. შესაბამისად, მათთვის ფასების მცირედი ზრდაც კი განსაკუთრებით მტკივნეულია.
- ეროვნული ბანკი არ გამორიცხვას, რომ ფასები გაიზრდება ხორცპროდუქტებზე, რძის ნაწარმზე, კვერცხსა და მზესუმზირას ზეთზე.
- ცხადია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აუცილებლად მყარდება, რადგან როდესაც ფასი იზრდება ისეთ პროდუქტზე, რომელიც თავის მხრივ, სხვა პროდუქტის კომპონენტია, მეორე პროდუქტის ფასიც გაიზრდება.
- ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ასეთ სურათს ვიღებთ - გვაქვს ორნიშნა ინფლაცია, რაც კანონით, არ უნდა იყოს, გარდა ამისა, გარკვეული სახის პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება, საგრძნობლად გაიზარდა კომუნალური გადასახადები, რაც ამ სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა, გაძვირდა ტრანსპორტით მგზავრობაც, თან დადგა დეკემბერი - თვე, როდესაც ფულის ხარჯვა აქტიურდება... ბატონო შოთა, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე? ეს მდგრადი ეკონომიკა თავზე ხომ არ ჩამოგვეშლება?
- ჯერ, რა გვაქვს, ის უნდა ვთქვათ. ჩვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან იმპორტირებული საქონელი საგრძნობლად აღემატება ექსპორტს. ზოგადად, ქვეყანა დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე და იქაურ რყევებზე. რაც შეეხება საახალწლო პერიოდს, ამ დროს, ყველა ქვეყანაში დგება მიწოდება-მოთხოვნის ცვალებადობა, თუმცა გააჩნია, სად და როგორ. ზოგ ქვეყანაში, პირიქით - ამ პერიოდში, ფასები იაფდება, მათ შორის, კონკრეტულ საქონელზეც. აქ მთავარია, რამდენადაც მიწოდება მოიმატებს, მოხმარებაც ადექვატურად გაიზრდება. ჩვენ ვთვლით, რომ მოხმარება გაიზრდება, რადგან ყველა ცდილობს, საახალწლოდ კარგი სადილი ჰქონდეს და მეტი ნივთი შეიძინოს. მეორეს მხრივ, ბიზნესიც ამაზეა ორიენტირებული, მწარმოებლებმაც კარგად იციან, რომ უფრო მეტი საქონელი უნდა გაიტანონ ბაზარზე. დავაკვირდეთ პროცესებს, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარკვეული სახეობის პროდუქტებზე, ამ პერიოდში, ფასები ხელოვნურად იზრდებოდა, შემდეგ კი ეს ზრდა ჩერდებოდა. რაც შეეხება მგზავრობისა და სხვა კომუნალური გადასახადების გაძვირებას, აქ მთავარია, თვითღირებულება დავთვალოთ. თუ თვითღირებულება იზრდება, ტარიფიც გაიზრდება და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ოღონდ, ეს ყველაფერი კარგად დათვლილი და დასაბუთებული უნდა იყოს.
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"