ავტორი:

"ჩემი ერთადერთი შვილი 7 წელი არ მყავდა ნანახი..." - ემიგრანტობის ტკივილი და მძიმე ცხოვრების შემდეგ ნაპოვნი ბედნიერება: ქალი, რომელმაც ყველა დაბრკოლება გადალახა, თავის ამბავს წიგნით მოგვიყვება

"ჩემი ერთადერთი შვილი 7 წელი არ მყავდა ნანახი..." - ემიგრანტობის ტკივილი და მძიმე ცხოვრების შემდეგ ნაპოვნი ბედნიერება: ქალი, რომელმაც ყველა დაბრკოლება გადალახა, თავის ამბავს წიგნით მოგვიყვება

ცისნამი საყვარლიშვილს AMBEBI.GE-ს მკითხველი კარგად იცნობს. ემიგრანტი ქალის შესახებ, რომელსაც საქართველოში მცირეწლოვანი შვილის დატოვება მოუწია, ვრცელი სტატია, ჯერ კიდევ წლების წინ გამოვაქვეყნეთ. უამრავი სირთულისა და ბრძოლის შემდეგ, დღეს, უკვე ამერიკის მოქალაქეა, ჰყავს საყვარელი მეუღლე. 7-წლიანი ემიგრაციის შემდეგ შვილიც ამერიკაში წაიყვანა და უკვე მესამე წელია გვერდით ჰყავს. ამბობს, რომ მისი ამერიკელი მეუღლე ყოველთვის ოცნებობდა ვაჟზე და ახლა ეს ოცნება აუხდა. შვილის საქართველოდან შტატებში ჩაყვანის შემდეგ, მათი ოჯახი გაერთიანდა.

ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე მისი პირველი წიგნი გამოვა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში შედგება. ქალის თქმით, წიგნში წერს ემიგრანტობის მძიმე ყოფაზე, ყოფილ მეუღლეზე და იმ სირთულეებზე, რომელიც წლების განმავლობაში გადახდა, სანამ მისი ცხოვრება ისეთი ფერადი გახდებოდა როგორიც ახლაა

- ცისნამი, საუბარი შენი ცხოვრებით დავიწყოთ, რომელიც ჩვენი ბოლო ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო შეიცვალა, გალამაზდა და გაფერადდა. ამერიკაში ჩაიყვანე შვილი, რომელიც წლები არ გყავდა ნანახი...

- ჩემი ერთადერთი შვილი, ირაკლი 7 წელი არ მყავდა ნანახი. 2020 წლის 20 დეკემბერს ჩამოვიდა ამერიკაში. მისმა ჩამოსვლამ უფრო გააფერადა და გააერთიანა ჩემი და ალექსანდრეს (მეუღლე) ურთიერთობა. ალექსანდრე ყოველთვის ოცნებობდა, ბიჭი ჰყოლოდა და ირაკლის სახით თითქმის აუხდა ეს ოცნება. ორივე სპორტს მისდევს. ირაკლი კალათბურთს თამაშობს, ალექსანდრე ამერიკულ ფრიზბის “Ultimate Frisbee” და მათ შორის საერთო ბევრია.

- თქვენ ახალი დაოჯახებული იყავით, ცხოვრობდით მეუღლესთან ერთად, ირაკლის გამოჩენამ ურთიერთობაში რა შეცვალა?

- ერთად ვარჯიშობენ ყოველ საღამოს, ერთად დადიან სალაშქროდ ტყეში, ერთად გადიან ოკეანეზე. ძმაკაცებივით არიან. ირაკლის თუ რაღაცაზე გავუბრაზდები და დავუყვირებ, ალექსანდრე ეგრევე ჩემზე ბრაზდება. ირაკლის ძალიან ანებივრებს და ორივე ჩემს წინააღმდეგ არის. ყოველთვის ისინი იმარჯვებენ და ასე დავდივარ მათ ჭკუაზე. ირაკლიმ ჩვენი ქორწინება უფრო გაამყარა. ძალიან ლამაზი ოჯახი ვართ. სადმე რომ მივდივართ, ირაკლი ყველას ალექსანდრეს ღვიძლი შვილი ჰგონია. ალექსანდრეც ყოველთვის ასე მოიხსენიებს ჩემი ბიჭი. “My Son”. მისი გამოჩენით ჩვენს ცხოვრებაში ის შეიცვალა, რომ ახლა უმეტესად მასზე და მის მომავალზე ვფიქრობთ. ხელს ვუწყობთ ყველაფერში და გვინდა ყველაფერი მაგრად ჰქონდეს.

- ახლახან დაანონსეთ, რომ მალე თქვენი ავტორობით პირველი წიგნი გამოვა. პრეზენტაციას საქართველოში გეგმავთ. რამდენი წლის შემდეგ ბრუნდებით სამშობლოში და რატომ გადაწყვიტეთ წიგნის დაწერა?

- საქართველოში ბოლოს 2013 წლის მაისში ვიყავი. 10 წელია მშობლიურ მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. ახლა, როცა უკვე საბუთები წესრიგში მაქვს, ამერიკის მოქალაქე გავხდი, თბილისში მოვდივარ და ჩემი პირველი წიგნის, “წითელთმიანი გოგონას დღიურის” პრეზენტაცია მაქვს, 15 ივლისს, შაბათს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ძალიან მინდა მთელი საქართველო ვნახო იქ. წერა ემიგრაციაში ყოფნამ დამაწყებინა. ვიფიქრე, შეიძლება ცნობილი მწერალი ვერ გავხდე, მაგრამ წერას მაინც ვისწავლი-მეთქი. ასე შევქმენი ჩემი ბლოგი “Tsisnami.blogspot.com”, სადაც ჩემს ჩანაწერებს ვაზიარებდი. ვწერდი სამშობლოზე, ნოსტალგიაზე, შვილის მონატრებაზე, ემიგრაციაში გადახდენილ ამბებზე, ბავშვობის უდარდელ დროზე, სიყვარულზე, უკეთეს მომავალზე. თითქოს ღმერთმა და სამყარომ შეისმინა ჩემი ვედრება, რაც დავწერე და ვისურვე ყველაფერი რეალობად მიქცია. წიგნში თავმოყრილია ყველა ეს ჩანაწერი და არ არსებობს წაიკითხოთ და არ გაგეღიმოთ, ან კურცხალი ცრემლი არ გადმოგიგორდეთ თვალიდან. გაჭირვებამ 1 წლის შვილი დამატოვებინა პირველი ჯგუფის ინვალიდ მშობლებთან და მეძუძური დედა უცხო ქვეყანაში გადამხვეწა. იყო უამრავი ტკივილი, დარდი, განცდა, მონატრება. ამ ადამიანურმა გრძნობებმა წიგნი დამაწერინა.

- გარდა ემიგრანტობის დროს გადატანილი სირთულეებისა, სხვა საინტერესო დეტალებზე თუ წერთ წიგნში, რომელიც თავს ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრებისას გადაგხდათ?

- დიახ, გარდა ემიგრაციული ამბებისა, წიგნში რამდენიმე თავი არის ბედნიერ ბავშვობაზე, სოფელში გატარებულ ზაფხულის არდადეგებზე, ბავშვობის მეგობრებზე, ჩვენს ოხუნჯობებსა და დროის ტარებაზე. ყველა ბავშვს ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, რადგან იმ დროს ნამდვილი ურთიერთობები არსებობდა. ძალიან ბევრს იცინებთ. აუცილებლად წაიკითხეთ ჩემი წიგნი.

- თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ და სტატუსებიც დაგიწერიათ ყოფილ მეუღლეზე, იმაზე, რომ პატრიარქის ნათესავი იყო მისი ოჯახი, ასევე ერთ-ერთ სტატუსში ბრალი დასდეთ ყოფილ მაღალჩინოსანს რომ ფიზიკურად შეგეხოთ. თქვენს წიგნში თუ იქნება სკანდალური დეტალები?

- კონკრეტულად ეგ სკანდალური ამბავი ჩემს წიგნში არ არის შეტანილი, ხოლო ჩემი ყოფილი მეუღლის გაცნობის და სიყვარულის ისტორია - კი. ასევე იმ ფაქტზე, სრულიად არაფრის გამო როგორ მიმატოვა 2 თვის ბავშვით ხელში, ახლად ომგამოვლილ ქვეყანაში, როცა თბილისში არც სახლი მქონდა და არც სამსახური. უნივერსიტეტის დამამთავრებელი გამოცდები სწორედ მაშინ მქონდა. რაც მაგ კაცმა ტკივილი და ტანჯვა მომაყენა, მტერსაც კი არ ვუსურვებ მაგას. მან და მისმა ოჯახმა პატრიარქის კურთხევა ოჯახის შერიგებაზე არაფრად ჩააგდეს. მაგ კაცმა ზუსტად იგივე გაუკეთა მის მეორე ცოლსაც. ორი ბიჭი ჰყავს მასთან და ის გოგო ორი ბიჭით მიატოვა, ყურადღებას არ აქცევს. არ ვიცი საერთოდ ღამე ბალიშზე როგორ დებს თავს და სძინავს?! მაინც ჩემი შვილის მამაა და ირაკლის გამო ცოტას პატივს ვცემ. არის ამბები ჩემი ცხოვრების მაგ დროზე. დაელოდეთ წიგნს და გაიგებთ უფრო ბევრს.

- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, ის თუ ჩამოვა საქართველოში თქვენთან ერთად?

- ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მე სამშობლოში მივდივარ და თან წიგნის პრეზენტაცია მაქვს. მე და ირაკლი ადრე მივფრინავთ. ალექსანდრე 4 დღის მერე ჩამოვა თბილისში, რადგან მაგ დროს “ფრიზბის” ტურნირი აქვს და ვერ გააცდენს საყვარელ სპორტს. კაცი 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია ფრიზბიში.

- ცისნამი, თქვენი ცხოვრება სოციალურ ქსელში ძალიან ლამაზი, ფერადი და ბედნიერი ჩანს. რთული პერიოდები თუ გაქვთ და როგორ ებრძვით ასეთ მომენტებს?

- ჩემი ცხოვრება ლამაზი და ფერადია, რადგან მე ავირჩიე ასეთი ცხოვრება. ჩვენ ვქმნით ჩვენს ბედნიერებას. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. რთული პერიოდები ყველას აქვს. თავიდან მე და ირაკლი ბევრს ვჩხუბობდით, ვერ ვუგებდით ერთმანეთს, არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მივდგომოდი ბავშვს. ამან გამოიწვია ჩემში სერიოზული სულიერი ღელვები. ვფიქრობდი, რომ მე კარგი დედა არასდროს ვიქნებოდი. ალექსანდრეს დიდი დახმარებით და პროფესიონალი ფსიქოლოგის ხელშეწყობით, მე და ჩემმა შვილმა ურთიერთობები დავალაგეთ.

დეპრესია არ იყო, უფრო სევდიანი და დარდიანი ვიყავი ამ ამბების გამო. ამ პრობლემის წინაშე ყველა ემიგრანტი დედა იქნება, როცა წლების მერე შვილებს ჩამოიყვანენ ან მათთან წავლენ. ჩვენ შვილებს დედები გვერდით სჭირდებათ და ნეტავ ეს ჩემთვის ვიღაცას უფრო ადრე ეთქვა. ამდენი ხანი მის გარეშე არ ვიქნებოდი. ჩვენი შვილები დედებზე ნაწყენი არიან. ვერანაირი მატერიალური დოვლათი ვერ ამოავსებს იმ სიცარიელეს, რაც მათ განიცადეს. ჩემს შვილს დედა ენატრებოდა. იმედია, ოდესმე მაპატიებს ირაკლი ამ ყველაფერს. ჩემი წიგნი ირაკლის მივუძღვენი და ერთგვარი ჩემი პატიების თხოვნაა მისდამი.

ბოდიში შვილო, რომ წლები შენს გვერდით არ ვიყავი. როგორ ვებრძვი ამ განცდებს? შვილთან გულახდილი საუბრით და პროფესიონალის ჩარევით. მადლობა უფალს, ახლა ყველაფერი რიგზეა. ალექსანდრე რომ არა, მე დედობას ვერ ვისწავლიდი. ალექსანდრე ძალიან მაგარი მამაა. მას ორი გოგო ჰყავს, მადი და ლულუ და ორივე მისი გაზრდილია. მან უფრო მეტი იცის ბავშვებზე, თინეიჯერებზე, ვიდრე მე. ახლა მეც ბევრი ვისწავლე. მისი მადლიერი ვარ, რომ ირაკლის აღზრდაში მეხმარება.

- თქვენ ხართ ქალი, რომელმაც თავისით მიაღწია ცხოვრებაში ყველაფერს. თქვენი წიგნით, რისი თქმა გსურთ მკითხველისთვის?

- ჩემი წიგნით ვამბობ, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. რაც არ უნდა რთული პერიოდი გვქონდეს, ვეებერთელა პრობლემები, ბოლოს ყველაფერი თავისით ლაგდება და სიბნელეს ყოველთვის სინათლე მოსდევს, ღამეს დღეს ცვლის, მთვარეს მზე. ცხოვრება მშვენიერია თავისი ჩახლართული ამბებით. ბევრი იცინეთ, ფეხით ისეირნეთ, სწორად იკვებეთ, სასიამოვნო წიგნები იკითხეთ და ბედნიერება უკვე თქვენი იქნება. დიდი სიყვარულით, ცისნამი. შევხვდებით 15 ივლისს, 18 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.