ავტორი:

"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს?

"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს?

"გაქანებული "ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს", - განაცხადა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის შესახებ საუბრისას. "იმედის კვირის“ ინფორმაციით, "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიძგების, როგორც მიწისძვრის შესწავლას გეგმავდა.

ambebi.ge ამ თემაზე თეა გოდოლაძეს ესაუბრა:

- ძალიან მიჭირს ამ თემას სერიოზულად ვუპასუხო. ცნობები მიწისძვრის შესახებ - ავტომატური შეტყობინება საქართველოს სეისმური რეგიონული ქსელიდან ყოველდღიურ რეჟიმში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო, როცა ის ხდება, ეს ოფიციალური ჩანაწერებია!

საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 35 მიწისძვრა ფიქსირდება. თუ არ გავითვალისწინებთ ისეთ პერიოდებს, როდესაც კონკრეტულად ადგილებზე სეისმური აქტივობაა და მიწისძვრების სერიაა, როგორიც იყო მაგალითად, ჯავახეთში, სადაც ყოველდღიურად, 2021 წლის განმავლობაში, 80-100 მიწისძვრა ხდებოდა.

- სოფელ სამების ტერიტორიას გულისხმობთ?

- კი, იქ არის ჯავახეთის ვულკანური ქედი, სადაც ეს ხდებოდა. ის ტექტონიკური კუთხით უნიკალური რეგიონია და სეისმური აქტივობა ძალიან დიდია. მაგრამ, ეს რა შუაშია "ნაციონალობასთან“, საერთოდ საიდან მოიტანეს, რომ ვარ "ნაციონალი“?! არც ერთ პარტიასთან არ ვარ აფილირებული და არც არასდროს ვყოფილვარ. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები?!

- "ასეთი ადამიანისგან არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერიო“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე...

- აგერ "არემჯი გოლდიც" აფეთქებს და ეს ყოველთვის ტროტილით ხდება. გვქონდა ასევე "საქფეთქმრეწვი", თბილისთანაც აფეთქებდნენ და რეგისტრაციას ვაკეთებდით. აქ მე რა შუაში ვარ?! აფეთქება ნებისმიერი იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სასარგებლო წიაღისეულის მოძიება მიმდინარეობს. მაგ პერიოდში აფეთქებითი სამუშაოები იწარმოება.

გოდოლაძე ვერაფერს ააფეთქებს, მაგის სპეციალისტი არ ვარ! როცა გეოფიზიკური სამუშაოები გვჭირდება, სპეციალისტს უნდა დავუძახოთ. ასე რომ, ცოტა სასაცილო ამბავია.

საერთოდ, ამ ყველაფრით, რაც ააგორეს, ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის გაბიაბრუებაა. იმ ხალხის, ვინც მართლა გვეხმარება და ვისაც მართლა დახმარება უნდოდა ტყიბულის შახტაშიც. იქ სერიოზული პრობლემები იყო, ხალხი იხოცებოდა.

ეს კი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია. ასე არ შეძლება და მსგავსი რამ ცხადია, არასასიამოვნოა.

იხილეთ ასევე: