ავტორი:

"ეს ჩვენი ოჯახის კოშმარია“ - "ჰამასის" მიერ სასტიკად მოკლული ქალი, გერმანელი ტურისტი იყო, რომელიც ისრაელში ფესტივალზე იმყოფებოდა: რას წერს მედია 30 წლის ქალზე?

"ეს ჩვენი ოჯახის კოშმარია“ - "ჰამასის" მიერ სასტიკად მოკლული ქალი, გერმანელი ტურისტი იყო, რომელიც ისრაელში ფესტივალზე იმყოფებოდა: რას წერს მედია 30 წლის ქალზე?

"ჰამასის" დაჯგუფების წევრების ისრაელში შეჭრის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი შემზარავი ვიდეო თუ ფოტო გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ექცევიან ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს.

ათობით ადამიანი ქუჩებში მოკლეს, ათობით კი - გაიტაცეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ვიდეო, სადაც ჩანდა შიშველი ქალის უსიცოცხლო სხეული "ჰამასის" პიკაპის უკანა ნაწილზე.

მედიის ცნობით, ქალი მოკლულია და ის გერმანელი ტატუ არტისტი იყო, რომელიც ისრაელში "მშვიდობის ფესტივალზე" დასასწრებად იმყოფებოდა.

30 წლის შანი ლუკი თავდამსხმელებმა შეიპყრეს. შემდეგ კი სოციალურ ქსელებში გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ დაჯგუფების წევრები მისი შიშველი სხეულის გარშემო იყვნენ, გარშემო დარბოდნენ, აფურთხებდნენ.

"ჰამასი" ამტკიცებდა, რომ ცხედარი იყო ისრაელელი ქალი ჯარისკაცის, მაგრამ მოგვიანებით გერმანელმა ტომასინა ვეინტრაუბ ლუკმა დაადასტურა რომ რეალურად, ქალი მისი ბიძაშვილი იყო. ტომასინამ MailOnline-ს განუცხადა, რომ მოკლული ოჯახმა ამოიცნო

ის ნამდვილად შანია, მშვიდობის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. ეს ჩვენი ოჯახის კოშმარია“, - ამბობს ბიძაშვილი.

ცნობისთვის 7 ოქტომბერს პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე დაიწყო მასიური სარაკეტო და სახმელეთო შეტევა. "ჰამასის" წევრები ღაზას სექტორიდან ისრაელში, მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გადავიდნენ და მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა და ასევე მათი გატაცება დაიწყეს. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საპასუხოდ ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა ღაზას სექტორზე.

წყარო