ავტორი:

"როგორი საშინელი ხმა იყო, იცით? მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე..." - რას გვიყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე და როგორია ვითარება ამ წუთებში

"როგორი საშინელი ხმა იყო, იცით?  მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე..." - რას გვიყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე და როგორია ვითარება ამ წუთებში

"ახლა სიწყნარეა, ხალხი უკვე სამუშაოდ გავიდა, მეც წამოვედი სამსახურში", - ამის შესახებ Ambebi.ge-სთან ისრაელში მცხოვრები ქართველი, თაკო ღლონტი ამბობს.

თაკო ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ გვიყვება:

"მთელი ღამის განმავლობაში არანაირი სირენა არ ჩართულა. ჩემი მეგობრის შვილები არიან წასულები, ჯარში არიან, იქედან დარეკეს და დედამისს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ღაზაში ისრაელმა ყველაფერი გაანადგურა.

იქიდან მთელი ღამის განმავლობაში ერთი გამოსროლაც აღარ ყოფილა ისრაელისკენ.

ბოლოს სირენა ჩაირთო გუშინ, დაახლოებით, ღამის ათ საათზე. როგორი საშინელი ხმა იყო იცით? მეთქი მორჩა, აქ დავასრულე სიცოცხლე, იმიტომ რომ ზედიზედ ბევრი რაკეტა ისროლეს, ეს გუმბათი ვეღარ მოერია და ორი ჩამოვარდა. ისეთი ხმა იყო, ფანჯრები სულ ზანზარებდა, კორპუსმაც დაიზანზარა, მეთქი, მოვკვდით, დავიხოცეთ. ამის შემდეგ აღარ ყოფილა მათი მხრიდან არაფერი.

ახლა ერთადერთი დარჩენილია, რომ შემოსულები არიან ფეხით "ჰამასის" წევრები, ოღონდ სამხრეთისკენ. არიან დამალულები, შეიარაღებულები და ხოცავენ ხალხს როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ზოგი დაიჭირეს.

ამ ეტაპზე სხვა ხმრივ, სიწყნარეა. ხალხი უკვე სამუშაოზე გავიდა, მეც წამოვედი სამსახურში", - ამბობს თაკო ღლონტი.

ცნობისთვის 7 ოქტომბერს პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე დაიწყო მასიური სარაკეტო და სახმელეთო შეტევა. "ჰამასის" წევრები ღაზას სექტორიდან ისრაელში, მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გადავიდნენ და მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა და ასევე მათი გატაცება დაიწყეს. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საპასუხოდ ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა ღაზას სექტორზე.