ავტორი:

"თუ რამე შეგიძლიათ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ" - მოტოციკლით გატაცებული 25 წლის გოგონა, ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვანთან ერთად - რა ვიცით "ჰამასის" მიერ გატაცებულებზე

"თუ რამე შეგიძლიათ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ" - მოტოციკლით გატაცებული 25 წლის გოგონა, ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვანთან ერთად - რა ვიცით "ჰამასის" მიერ გატაცებულებზე

"ჰამასის" წევრებმა ისრაელიდან ათობით მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს და მძევლად აიყვანეს. გატაცებულთა ზუსტ რაოდენობას ისრაელის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ასახელებს.

მოქალაქეები ჟურნალისტებთან საუბრისას აღწერენ იმ საშინელებას, რომლის გავლაც საყვარელ ადამიანთან განშორებით უხდებათ.

  • მამაკაცმა სახელად იონ აშერმა CNN-ს განუცხადა, რომ დაკარგა კავშირი მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან, მოგვიანებით კი მან "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამოიცნო ისინი და აცხადებს, რომ სამივე მათგანი ბოევიკების ხელშია. ტელეფონების სიგნალით კი დაადგინა, რომ ისინი ღაზაში გადაიყვანეს.

“როდესაც "ჰამასის" მიერ გავრცელებული ვიდეო ვნახე, ეჭვი აღარ მეპარებოდა რომ ისინი მათ ხელში არიან. ნამდვილად ვიცი, რომ წაიყვანეს“, - ამბობს აშერი. კაცის თქმით, მისი ცოლი გერმანიის მოქალაქეა და გერმანიის ხელისუფლებას სთხოვს, რომ დაეხმარონ გათავისუფლებაში.

"თუ რამის გაკეთება შეგიძლიათ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ’, - ამბობს იონი.

თემაზე განცხადება გამოქვეყნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელად სტრომაიერმა.

დორონის გოგონები, რომლებიც გატაცებულთა შორის არიან

"დაინახეს როგორ გაიტაცეს დორონი და მისი ქალიშვილები "ჰამასის" ტერორისტებმა. მათ გარდა კიდევ არაერთი ადამიანია გატაცებული.ისრაელი საზარელი ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა“, - წერს მინისტრი.

კიდევ ერთი გატაცებული გოგონას იდენტიფიცირება შეძლეს ახლობლებმა. საზოგადოებამ ნახა კადრები, როგორ გაიტაცეს ახალგაზრდა ქალი მოტოციკლით. "გთხოვთ, არ მომკლათ', - ყვიროდა გოგონა გატაცებისას.

როგორც გამოცემა Times-of Israel გატაცებულის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, ის 25 წლის სტუდენტი, ნოა არგამანია.

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა "ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".