ავტორი:

"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას?

"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას?

"ჰამასის" დელეგაცია მოსკოვშია, თუმცა რა მიზნით, ბოლომდე არ არის ცნობილი. გუშინდელი შეხვედრიდან ვიცით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ღაზას სექტორში მყოფი უცხოელი მძევლების, მათ შორის რუსების გათავისუფლება, "ჰამასმა" კი მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს დიპლომატიის გამო, მაგრამ მძევლები არ უხსენებია. ისრაელმა მოსკოვი გააკრიტიკა და ჰამასის მიწვევას "არაღირსეული ნაბიჯი" უწოდა.

ვიზიტის შესახებ წინასწარ გაცხადებული არ ყოფილა. მოსკოვში ჰამასის დელეგაციის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია „რია ნოვოსტიმ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. რაც მალევე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი განცხადებით, მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდნენ „პალესტინის მოძრაობის წარმომადგენლები“.

საღამოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რას აკეთებდა "ჰამასი" მოსკოვში.

  • ოფიციალური ფორმულირებით, "შეხვედრა შედგა ღაზას სექტორში ტყვედ მყოფი უცხოელი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით". გარდა ამისა, განიხილეს ანკლავის ტერიტორიიდან რუსი და სხვა მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი.

დელეგაციას "ჰამასის: პოლიტბიუროს წევრი აბუ მარზუკი ხელმძღვანელობდა, რუსეთის მხარეს კი - პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ ბოგდანოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში არ ახსენა ბოგდანოვის სახელი - "ჰამასმა" კი ის თავის პრესრელიზში დაასახელა და შეხვედრიდან ფოტო გამოაქვეყნა.

"ჰამასის ინტერპრეტაციით, აბუ მარზუკმა მოსკოვში განიხილა „ღაზას წინააღმდეგ მიმართული აგრესია“ და დაჟინებით მოითხოვდა უფლებას "წინააღმდეგობა გაუწიოს სიონისტურ ოკუპაციას ყველა შესაძლო საშუალებით".

"მოძრაობის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციას და აქტიური რუსული დიპლომატიის ძალისხმევას“, - ნათქვამია პრესრელიზში.

"ჰამასის" განცხადებაში არ არის ნახსენები მძევლები. მაგრამ არის მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის, საგუშაგოების გახსნისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ. "ჰამასმა" ასევე აღნიშნა პალესტინელი ხალხის უფლებები, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია 1967 წლის საზღვრებში პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობა, მისი დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.

ისრაელმა გააკრიტიკა მოსკოვი "ჰამასის" დელეგაციის მასპინძლობის გამო, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გმობს ჰამასს 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის.

"ისრაელი განიხილავს ჰამასის მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას, როგორც უღირს ნაბიჯს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და აკანონებს ჰამასის ტერორისტების სისასტიკეს“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლიორ ჰაიატმა.

ისრაელზე თავდასხმის შედეგად რუსეთის სულ მცირე 20 მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის კიდევ სამი მოქალაქე, რომლებსაც ასევე აქვთ ისრაელის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, მძევლად არიან ღაზას სექტორში, განაცხადა ხუთშაბათს ისრაელში რუსეთის ელჩმა ანატოლი ვიქტოროვმა.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმამდე, რამაც გამოიწვია ისრაელის დარტყმების ძლიერი ტალღა ღაზას სექტორზე, "ჰამასის" დელეგაციების ვიზიტები მოსკოვში იშვიათი არ იყო.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთი არ აღიარებს "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად. "თალიბანს" აქვს ტერორისტული და აკრძალული ორგანიზაციის სტატუსი, მაგრამ ამას ხელი არასოდეს შეუშლია "თალიბებისთვის", რომ მოსკოვში ხშირად ჩასულიყვნენ.

"ჰამასმა" აშკარად დაიჭირა რუსეთის მხარე უკრაინასთან ომში. პოლიტბიუროს წევრმა აბუ მარზუკმა, რომელიც, მედიის ცნობით, მოსკოვში ჩავიდა, მანამდე თქვა: "რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში მიზნად ისახავს ბოლო მოუღოს აშშ-ს დომინანტობას მსოფლიოში და მსოფლიო გახადოს მრავალპოლარული. ეს სასარგებლოა ყველა ჩაგრული ხალხისთვის, განსაკუთრებით პალესტინელებისთვის“.

"ჰამასის" გარდა, როგორც ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი. ისრაელი ირანს ჰამასის ბოევიკების მომზადებაში, დაფინანსებასა და წვრთნაში ადანაშაულებს. ამერიკის ხელისუფლება, როგორც მედია იუწყება, მიიჩნევს, რომ თეირანი უშუალოდ არ მონაწილეობს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში.

  • პუტინი ადრე თავს იკავებდა "ჰამასის" პირდაპირი დაგმობისგან ისრაელზე თავდასხმის გამო. ამავე დროს, მან სინანული გამოთქვა ღაზაში როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების დაღუპვის გამო.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავიყვანოთ საკითხი რაიმე სახის კონტაქტებისა და მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობამდე“, - თქვა პუტინმა, რომელმაც გასული წლის თებერვალში დაიწყო ომი უკრაინაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჰამასის დელეგაციას პუტინთან კონტაქტი არ აქვს.

წაიკითხეთ ასევე: