როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში

როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში

ტრადიციები

ვიეტნამში ახალი წლის ღამეს მდინარეში კობრს (ერთგვარი თევზი) უშვებენ. მათი რწმენით, კობრის ზურგზე ღმერთი ზის, რომელიც ცაში უნდა აფრინდეს. ამ ღამეს წყენა და ბრაზი ერთმანეთს ყველამ უნდა აპატიოს.

ახალ წელს ბერძნებს საჩუქრებთან ერთად ქვებიც მიაქვთ. თუ ქვა დიდია, ამბობენ: - მასპინძლის სიმდიდრე ამ ქვაზე მძიმე იყოსო, ხოლო თუ პატარაა, - მასპინძლის თვალში ლიბრი (ბისტი) ამ ქვაზე პატარა იყოსო.

კუბელები 12 საათის დადგომისთანავე ფანჯრებიდან წყალს ასხამენ, დამდეგი წელი სუფთა და კამკამა რომ იყოს.

პანამაში ახალ წელს ხმაურით ეგებებიან. მათი რწმენით, ხმაური ბოროტ სულებს აფრთხობს.

შვედეთში ახალი წლის ღამეს მეზობლის კართან ჭურჭელს ამტვრევენ.

შოტლანდიაში, კასრში ცეცხლს ანთებენ და ცეცხლმოკიდებულს ქუჩებში დააგორებენ. ასე ძველ წელს მიაცილებენ. მეკვლეობაც იციან; მიაჩნიათ, რომ შავგვრემან, საჩუქრით ხელდამშვენებულ სტუმარ მამაკაცს ბედნიერება მოაქვს.

სტუმრად მისულ უელსელებს ნახშირი, 1 ჭიქა ღვინო და ღვეზელი მიაქვთ. საკუთარ ერთგულებას ასე გამოხატავენ. თანაც, მიაჩნიათ, რომ მომავალ წელს მასპინძლის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება საჭმლით, სასმლითა და სითბოთი. 12 საათამდე კი კარს აღებენ, რათა ძველი წელი გაისტუმრონ და ახალს შეეგებონ.

უჩვეულო ტრადიცია ჰქონდათ ვიკინგებსაც და ეს ჩვეულება ინგლისის ზოგიერთ რეგიონში დღესაცაა შემორჩენილი. საშობაოდ ოჯახის უფროსი ხეს ჭრიდა, მორი შინ მიჰქონდა და მხოლოდ მომავალ წელს წვავდა. თუ მორს ცეცხლი ცუდად მოეკიდებოდა ან მალე ჩაქრებოდა, ოჯახს უბედურება ელოდა.

იაპონიაში 31 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე, ყველა ორგანიზაცია იხურება. ბანკები 12 საათამდე მუშაობს. ამ პერიოდს "ოქროს კვირეული" ჰქვია. ახალი წლის დადგომისთანავე იაპონელები სიცილს იწყებენ. მიაჩნიათ, რომ ასე მომავალ წელს ბედნიერებას დაიბედებენ. 1-ელ იანვარს ტაძრებში სალოცავად მიდიან. ზარი 108-ჯერ უნდა დაირეკოს. თითო დარტყმაზე თითო უსიამოვნება (სიბრაზე, სიხარბე და ა.შ.) ქრება. იქიდან დაბრუნებულები მაგიდაზე ბრინჯის "ბლინზე" მანდარინს დებენ, - ბედნიერების, ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოს. ყოველ ოჯახში უნდა იყოს ბამბუკის (ბავშვების დაბადების სიმბოლო), ქლიავისა (ერთგული კოლეგებისა და მეგობრების სიმბოლო) და ფიჭვის (ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო) ტოტი. აგრეთვე, ცხოველების (მელა, დრაკონი, ვეფხვი, გველი) ფიგურები. ახალ წელს დაუშვებელია აკრძალული სიტყვების ("სიკვდილი", "უბედურება") თქმა. თუ ამ წესს ბავშვები დარღვევენ, მათ პირებს თეთრი ქსოვილით უკრავენ.

ბრაზილიელები ქვიშიან პლაჟზე უამრავ სანთელს ანთებენ. თეთრ კაბებში გამოწყობილი ქალები წყალში შედიან და ოკეანეში ყვავილის ფურცლებს ყრიან.

12 საათის დადგომისთანავე, მექსიკელები ხილითა და წყლით სავსე თიხის ქოთნებს ამტვრევენ.

მიანმელები ერთმანეთს წყალს ასხამენ (მათთვის ახალი წელი ზაფხულში დგება) და ახალ წელსაც "წყლის ფესტივალს" ეძახიან.

ებრაელების ახალი წელი როშ-ხა შანა 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე დგება (აღდგომიდან 163 დღის შემდეგ). სტუმრებს თაფლში ამოვლებული ვაშლებით უმასპინძლდებიან. მორწმუნეები თეთრ სამოსს იცვამენ.

ბულგარეთში საახალწლო სუფრას შვინდის ტოტებით აფორმებენ. 12 საათის დადგომისთანავე 3 წუთით შუქს აქრობენ. ამ პერიოდს "კოცნის წუთი" ჰქვია. ამბობენ, რომ ვინც სუფრასთან დააცემინებს, დამდეგ წელს აუცილებლად გაუმართლებს.

ირანში ახალი წელი 21 მარტს დგება. ერთი კვირით ადრე, ირანელები პატარა ქოთნებში ხორბალს თესავენ და ახალ წელს ჯეჯილით ეგებებიან.

სუფრა

ბრიტანელებს საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შემწვარი ინდაური - ხურტკმელის სოუსში, პუდინგი და ბრენდი. თანაც, სუფრაზე მიტანამდე, პუდინგს რომს ასხამენ და ოთახში ცეცხლმოკიდებული შეაქვთ.

ფრანგებს - ხამანწკები, ბატის ღვიძლის პაშტეტი, ინდაური - თეთრი ღვინის სოუსში, შამპანური და ყველის ასორტი.

ჰოლანდიელებს - კურდღლის, ირმის ან გარეული ფრინველის ხორცის კერძი.

დანიაში ხილის შიგთავსიან ბატს ან იხვს მოგართმევენ, დესერტზე - ბრინჯის პუდინგს.

იაპონიაში ბრინჯისა და ლობიოს ცივ კერძს, ბრინჯის ღვეზელებსა და ხილის ასორტის შემოგთავაზებენ. გარდა ამისა, სუფრაზე ბედნიერების სიმბოლო - ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი (წარმატება ბიზნესში), მარცვლეული (ჯანმრთელობა), მოხარშული თევზი (სიმშვიდე), ხიზილალა (მრავალშვილიანობა) უნდა იდოს. ახალ წელს იაპონელები უხმოდ, სიმღერებისა და გადაძახილების გარეშე სადილობენ.

ესპანეთში შემწვარი ბატკნის, ინდაურისა და გოჭის ხორცსა და ხერესს შემოგთავაზებენ.

იტალიაში თევზს - თეთრი ღვინის სოუსში.

ტიბეტელი დიასახლისები სხვადასხვა გულსართიან ღვეზელებს აცხობენ და გამვლელებს სთავაზობენ - რაც უფრო მეტ ადამიანს გაუმასპინძლდებიან, მით მეტად გაუმართლებთ დამდეგ წელს.

ავსტრიასა და უნგრეთში საახალწლო სუფრაზე ფრინველის ხორცის კერძს ვერ ნახავთ. ამ ქვეყნის მოსახლეობას მიაჩნია, რომ თუ ახალ წელს ფრინველის ხორცს შეჭამ, ბედნიერება გაგიფრინდება.

რუმინეთში, ავსტრალიასა და ბულგარეთში საახალწლო ღვეზელებს აცხობენ. მასში მონეტას, თხილის გულსა და წიწაკას დებენ. ვისაც სიურპრიზიანი ღვეზელი შეხვდება, დამდეგ წელს გაუმართლებს.

პოლონეთში საახალწლო სუფრაზე 12 კერძი უნდა იდოს. სოკოს წვნიანი ან ბორშჩი, თევზი, შვრიის ფაფა შავი ქლიავით, შოკოლადის დესერტი და სხვა, მაგრამ ხორცის ჭამა არ შეიძლება.

ახალ წელს ბურღულის ფაფას ჩეხი და სლოვაკი დიასახლისებიც ამზადებენ. დესერტზე კი სტრუდელი აქვთ - ფენოვანი ცომის რულეტი, ვაშლით.

ესპანეთში, პორტუგალიასა და კუბაში კეთილდღეობისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ ყურძნის მტევანი მიიჩნევა. 12 საათის დადგომასთან ერთად, 12 სურვილს ჩაუთქვამენ და ყურძნის 12 მარცვალს შეჭამენ.

იტალიაში საახალწლო სუფრაზე სიმბოლურად დებენ ყურძენს, თხილსა და ოსპის მარცვლებს, როგორც ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოს.

საჩუქრები

საფრანგეთში ქმარს შეუძლია მეუღლეს სუნამო მიართვას, მაგრამ უცხო მამაკაცს ამის უფლება არა აქვს.

გრენლანდიელები ერთმანეთს ყინულისგან გამოთლილ, სხვადასხვა ცხოველის ფიგურებს ურიგებენ.

შვედეთში საუკეთესო საჩუქრად თვითნაკეთი სანთელი მიიჩნევა.

ინდოეთში ბავშვებისთვის დიდ სინზე ტკბილეულს, სათამაშოებსა და ყვავილებს ალაგებენ. პატარები სინამდე თვალდახუჭულები მიჰყავთ და საჩუქარს თავად ირჩევენ.

იტალიელები ერთმანეთს წითელი ფერის თეთრეულს აჩუქებენ.

ესპანელი კალათით შამპანურის ბოთლსა და "ნუგა" კანფეტს მოგართმევთ.

ბერძნები ახალ წელს ერთმანეთს შამპანურით, ღვინითა და ბანქოთი ულოცავენ.

იაპონელი იმ ცხოველის გამოსახულებას შემოგთავაზებთ, რომლის წელიც დგება.

ავსტრიელები ახალ წელს ერთმანეთს ღორისგამოსახულებიანი ფიგურებით ულოცავენ; სწამთ, რომ ცხოველის გამოსახულება სიმდიდრეს მოუტანს.

დაბოლოს, თუ გსურთ, მთელი წლის განმავლობაში მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოთ, 31 დეკემბრამდე გაისტუმრეთ ვალები. საფულე ბოლომდე არ გამოაცარიელოთ. ხურდა იმ სამოსის ჯიბეშიც ჩაიყარეთ, რომლითაც ახალი წლის შეხვედრას აპირებთ.

დააკვირდით, თუ მეკვლედ მამაკაცი გესტუმრათ, ბედნიერებას მოგიტანთ. თუ მეკვლედ ქალი გეყოლებათ, მთელ წელს ფაციფუცში გაატარებთ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს