ავტორი:

არაბული ნავთობის ბოსის მზაკვრული გეგმა და კლიმატის სამიტი, როგორც იარაღი - ვინ არის COP28-ის პრეზიდენტი მუჰამედ ალ ჯაბერი: უმდიდრესი ადამიანი, პოლიტიკოსი მეუღლითა და სკანდალებით

არაბული ნავთობის ბოსის მზაკვრული გეგმა და კლიმატის სამიტი, როგორც იარაღი - ვინ არის COP28-ის პრეზიდენტი მუჰამედ ალ ჯაბერი: უმდიდრესი ადამიანი, პოლიტიკოსი მეუღლითა და სკანდალებით

"სწორედ ასეთი ინტერესთა კონფლიქტის გვეშინოდა, როდესაც ამ თანამდებობაზე ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა" - ეს განცხადება Greenpeace-ის აქტივისტს ეკუთვნის და ის კლიმატის სამიტის პრეზიდენტის, სულთან ალ ჯაბერის მისამართითაა ნათქვამი.

  • სულთან აჰმედ ალ ჯაბერს, რომელიც ერთდროულად არის აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და COP28-ის პრეზიდენტი, წიაღისეული საწვავის გარიგებაში მონაწილეობა და საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

კლიმატის მოხსენების ცენტრისა და BBC-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოიცავს შეხვედრების ჩანაწერებს და ელექტრონულ წერილს, რომლებიც მიუთითებენ ალ ჯაბერს, როგორც გაეროს კლიმატის კრიტიკული მოლაპარაკებების ავტორს, რომელიც კლიმატის კამპანიის მონაწილეების შიშებს ამართლებს. თავის დროზე ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მის არჩევას სამიტის ხელმძღვანელად.

"კლიმატის სამიტის ლიდერი უნდა იყოს ორიენტირებული კლიმატის გადაწყვეტილებების მიუკერძოებლად წინ წამოწევაზე და არა კულუარულ გარიგებებზე, რომლებიც აძლიერებს კრიზისს. სწორედ ასეთი ინტერესთა კონფლიქტის გვეშინოდა, როდესაც ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამ თანამდებობაზე დაინიშნა ", - განაცხადა Greenpeace International-ის პოლიტიკის კოორდინატორმა, კაისა კოსონენმა.

  • მისი თქმით, თუ ბრალდებები დადასტურდება, ეს იქნება ნამდვილი სკანდალი. "ეს სამიტი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფორუმი კაცობრიობის გადარჩენისთვის ყველაზე დიდი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, იმოქმედოს შესაბამისად".

ადვოკატირების ჯგუფები და კანონმდებლები მოუწოდებენ ალ ჯაბერს, გადადგეს COP28-ის პრეზიდენტის პოსტიდან. ისინი ასახელებენ აშკარა ინტერესთა კონფლიქტს, როგორც ADNOC-ის უმაღლესი აღმასრულებელი კომპანიის, რომელიც გეგმავს წიაღისეული საწვავის წარმოების გაფართოებას, მიუხედავად მეცნიერთა განმეორებითი გაფრთხილებისა, რომ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ახალი წარმოება არ არის თავსებადი დათბობის თავიდან აცილებასთან.

ალ ჯაბერმა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციის და სხვა მსოფლიო ძალების მხარდაჭერა აქვს, უარი თქვა გადადგომაზე, რაც COP28-ზე კლიმატის კონკრეტული პროგრესის პერსპექტივებს კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს.

Amnesty International-ის კლიმატის მრჩეველმა, ენ ჰარისონმა სულთან ალ ჯაბერის ქცევას ასე უწოდა: "როგორც ჩანს, მელა საქათმეს იცავს“. "მსოფლიოში წიაღისეული საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა COP28-ის ხელმძღვანელად ყოველთვის იყო ინტერესთა თავხედური კონფლიქტი, რაც ძირს უთხრის შეხვედრის უნარს მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება", - ამბობს ის. CCR-სა და BBC-ს გამოძიების თანახმად, ალ ჯაბერი ცდილობდა კომერციული ინტერესები თითქმის 30 ქვეყანასთან მოეგვარებინა. მათ შორის ნახსენებია შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, გერმანია, ეგვიპტე და ა.შ.

"არ არსებობს მეცნიერება..."

2015 წელს გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებზე ყველა ქვეყანა გაზების ემისიების შემცირებაზე შეთანხმდა, რათა საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდა 1,5°C-ზე დაბლა შეენარჩუნებინა. თუმცა, 21 ნოემბერს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ბატონმა ჯაბერმა უარყო ეს ყველაფერი.

"არ არსებობს მეცნიერება ან რაიმე სცენარი, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი გაუქმება არის ის, რაც ტემპერატურას 1,5°C-მდე დასწევს,” - თქვა მან. ღონისძიებიდან მეხუთე დღეს, გაეროს მოლაპარაკებებში ჯაბერმა განაცხადა: „ნება მიბოძეთ, განვმარტო ჩემი პოზიცია მეცნიერებასთან დაკავშირებით. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ არსებობს გარკვეული დაბნეულობა და არასწორი წარმოდგენა. მე საკმაოდ გაკვირვებული ვარ COP28-ის პრეზიდენტობის მუშაობის შეფერხების მუდმივი და განმეორებითი მცდელობებით,” - თქვა მან. „მეცნიერებამ მთავარი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში და დიახ, მე პატივს ვცემ მას ყველაფერში, რასაც ვაკეთებ. მე არაერთხელ ვთქვი, რომ წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი გაუქმება გარდაუვალია”, - დასძინა მან თავის ერთ-ერთ უკანასკნელ განცხადებაში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის მომავალზე.

"თუ გადავხედავთ სცენარებს, რომლებშიც გლობალური დათბობა შემოიფარგლება 1,5 გრადუსით ან ოდნავ აღემატება მას, 2050 წლისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენება საგრძნობლად შემცირდება და ნახშირის შეუფერხებელი გამოყენება ეტაპობრივად მოიხსნება“, - თქვა მან. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, 2050 წლისთვის ნავთობის მოხმარება 60%-ით, ხოლო გაზის მოხმარება - 45%-ით უნდა შემცირდეს.

The Guardian-ი წერს, რომ 100-ზე მეტი ქვეყანა უკვე მხარს უჭერს წიაღისეული საწვავის ეტაპობრივად გაუქმებას და კითხვა, მოითხოვს თუ არა ამას Cop28-ის საბოლოო შეთანხმება (ან იყენებს უფრო სუსტ ენას, როგორიცაა "ეტაპობრივი ამოღება"), სამიტზე ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია და შესაძლოა, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორიც კი გახდეს.

პირადი ცხოვრება

აჰმედ ალ ჯაბერი დაიბადა 1973 წლის 31 აგვისტოს, მას ამერიკული განათლება აქვს. კერძოდ, აქვს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ქიმიურ ინჟინერიაში, ქოვენტრის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ბიზნესსა და ეკონომიკაში და ლოს-ანჯელესის სახელმწიფო უნივერსიტეტის MBA . მისი განათლება შეერთებულ შტატებში დაფინანსდა აბუ დაბის ნავთობის ეროვნული კომპანიის (ADNOC) სტიპენდიით.

ალ ჯაბერი დაქორწინებულია და 4 შვილი ჰყავს. მისი მეუღლე, ჰესა ალ ჯაბერი არის კატარელი ინჟინერი, აკადემიკოსი და პოლიტიკოსი.

ის იყო პირველი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრი ყატარში 2013 წელს, ემირის შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანის მიერ ახალი კაბინეტის ფორმირების შემდეგ. ჰესა გახდა ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ქალი პარლამენტარი. მინისტრობამდე ალ ჯაბერი 2005 წელს, დაარსების დღიდან იკავებდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

წაიკითხეთ ასევე: