ავტორი:

"როდესაც ეს ვიდეო ვნახე, დედასთან ერთად ვიყავი... გავითიშე... მოვწყდი, არაფერი მესმოდა" - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძე ვიდეომონტაჟზე, რომლის თაობაზეც გამოძიება დაიწყო

"როდესაც ეს ვიდეო ვნახე, დედასთან ერთად ვიყავი... გავითიშე... მოვწყდი, არაფერი მესმოდა" - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძე ვიდეომონტაჟზე, რომლის თაობაზეც გამოძიება დაიწყო

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომღერალმა, "ღამის შოუს ბენდის" წევრმა ბაბი კირკიტაძემ სასამართლოს მიმართა. ინფორმაცია მან საკუთარ "Facebook-გვერდზე" გაავრცელა:

"გამოძიება დაწყებულია! მადლობა მხარდაჭერისთვის!" - დაწერა ბაბიმ სოციალურ ქსელში.

ამჯერად ბაბი კირკიტაძე ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების საქმეზე "იმედის კვირას“ ესაუბრა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის. "იმედის კვირასთან“ მომღერალმა ის დღე გაიხსენა, როდესაც ვიდეო მასაც გაუგზავნეს:

"როდესაც ეს ვიდეო დავინახე, დედასთან ერთად ვიყავი. შინ მივდიოდით, მანქანაში ვისხედით. გავხსენი ვიდეო ტელეფონში და არც ვიცი, როგორ შევაფასო და რა სიტყვებით, რაც მაშინ დამემართა. გავითიშე... მოვწყდი, არაფერი მესმოდა... კანკალი დამეწყო. დედა მეკითხებოდა, რა მოხდაო და პირდაპირ გადავაწოდე ტელეფონი. მერე გავიაზრე, რომ ჩემთვის ამოუხსნელი ამბავი მოხდა, მაგრამ მშობლისთვის კიდევ უარესი. მერე ორმა მეგობარმა დამირეკა და მითხრეს, რომ ვიდეო გავრცელდაო...

რაც შეეხება მამას და ძმებს, დედამ უთხრა ამის შესახებ. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ დედას ჩემი მიზეზით რამე არ მოუვიდეს, მაგრამ ის ძლიერია. ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან.

ის წამები, როდესაც ამაზე სტატუსს ვწერდი, ისიც არანორმალურად რთული იყო. ამ წუთას მაქვს ერთი მიზანი, ეს ამბავი მივიყვანო ბოლომდე.

აბსოლუტურად ყველა სეგმენტიდან მირეკავდნენ, მამხნევებდნენ. ყველას უდიდესი მადლობა, ხალხო, თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა.

ვიდეო ვიპოვე და დამხვდა სრული უბედურება. ჩემი ვიდეოს, ამ ფაბრიკაციის გარდა, აქ იყო 44 სხვა გოგონას ვიდეო, მათ შორის, არასრულწლოვნების და მაშინ მივხვდი, როგორი დაუცველია ქალი, გოგონა და როგორ შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს ასეთი ავადმყოფების მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადავეცი გამოძიებას. ცილისწამება ყოფილა თავზარდამცემი, ჯოჯოხეთური ამბავია".

იხილეთ ასევე: