"გილოცავთ" ახალ საგადასახადო რეჟიმს

"გილოცავთ" ახალ საგადასახადო რეჟიმს

მეწარმეებმა იანვრის ბოლოს გადასახადები უკვე ახალი კოდექსით უნდა გაისტუმრონ. ძირითადი პრინციპები ბიზნესისთვის ასე თუ ისე ცნობილია, მაგრამ ბოლომდე ჯერაც არ არის დაზუსტებული კოდექსის ქვენორმატიული აქტები.

ექსპერტები, რომლებიც ახალ საგადასახადო დოკუმენტზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ, ამბობენ, რომ სრულყოფილი კოდექსის დასაწერად დრო ცოტა იყო, ამიტომ ხარვეზები მისი ამოქმედების შემდეგ გამოჩნდება.

მთავრობა ამბობს, რომ საგადასახადო დოკუმენტი ხელახლა გადაწერა და მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის ხარჯზე შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესს გაუკეთა. ის არ დალოდებია იანვარს და მუხლები, რომელიც მსხვილი ბიზნესებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა, აგვისტოდანვე აამოქმედა.

საგადასახადო კოდექსი მთავრობამ "ახალი კურსის" ძირითად პუნქტად შერაცხა. მასში ცვლილებები, ბუნებრივია, შევა, მაგრამ ცნობილია, რა აღარ შეიცვლება.

ცვლილებები მცირე და მიკრობიზნესისთვის:

- მესაათეები, ფეხსაცმლის ხელოსნები, გარე მოვაჭრეები და სხვ. ანუ მიკრობიზნესი 30 ათას ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვით, გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება. ცვლილების მიზანი მიკრობიზნესის "გათეთრებაა". შეღავათის სანაცვლოდ, ისინი მეწარმე-სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ.

- მცირე ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 30-დან 200 ათას ლარამდეა, მხოლოდ ბრუნვის გადასახადს გადაიხდის. განაკვეთი 3% და 5% იქნება. 3%-ით დაბეგრავენ მცირე ბიზნესს, თუ ის ხარჯების 60%-ის დოკუმენტურად დადასტურებას შეძლებს, რაც შემოსავლების გათეთრების მოტივაციაა. ბრუნვის 3%-ს გადაიხდის მცირე ბიზნესიც, რომელიც ე.წ. სპეციალურ სავაჭრო ზონაში (ბაზრებსა და ბაზრობებზე) საქმიანობს, ხოლო ზონის მფლობელი დარეგისტრირებულია, როგორც გადასახადის გადამხდელი.

არჩილ ვარადაშვილი (მცირე მეწარმეთა ასოციაცია): "მეწარმეებმა ძირითადი მუხლები ასე თუ ისე იციან. მაგრამ ჯერ გაურკვევლობაში არიან - შეძენილი საქონლის 60% დაასაბუთონ, ზედნადებები აჩვენონ და ბრუნვის 3% გადაიხადონ, თუ აირჩიონ დეკლარირების გარეშე 5%-იანი განაკვეთი. 5% ცოტა არ არის. ამ პუნქტთან დაკავშირებით ის შენიშვნა გვაქვს, რომ 31 ათასს თუ მიაღწევს წლიური ბრუნვა, უკვე მიკრობიზნესად აღარ ჩაითვლება და არადეკლარირების შემთხვევაში 5%-ით დაიბეგრება.

ჩვენ შევთავაზეთ ომბუდსმენს, ასეთ დროს მეწარმე არა მთლიანი ბრუნვიდან, არამედ 1 ათასიდან დაიბეგროს. ზოგი ბიზნესი სულაც 5%-იან მოგებაზე მუშაობს და ამ განაკვეთით გადახდა არ უღირს. გაითვალისწინებენ ამას თუ არა, უცნობია. მეწარმემ 15 თებერვლამდე უნდა შეიტანოს განაცხადი, მიკრობიზნესის სტატუსის მიღება სურს თუ მცირე ბიზნესის. სტატუსს მათ ორ დღეში მიანიჭებენ.

2011 წლის ბოლომდე სალარო აპარატები ახლებით უნდა ჩაანაცვლონ. მათი უფასოდ დარიგება მეწარმეებს ეჭვებს უჩენს. მაგალითად, ტაქსის მძღოლი არ არის ვალდებული, შემოსავლების დეკლარირება მოახდინოს, მაგრამ თუ მეწარმე სუბიექტად დარიგისტრირდება, დეკლარაციაში უნდა აჩვენოს ყველა მიღებული შემოსავალი, მათ შორის ტაქსიდანაც.

დეკლარაციის წარმოება ძალიან რთული იქნება მიკრობიზნესის სტატუსის ბიზნესისთვის. მეწარმეები ფიქრობენ, რომ ეს შემოსავლების სამსახურის შორს გამიზნული გეგმაა, რათა იცოდნენ, საერთო ჯამში ვინ რა შემოსავალს იღებს. თუმცა ტენდენცია ისეთია, მეწარმეები იქით იხრებიან, რომ პატიოსნად იმუშაონ. ეს განწყობა თანდათან მკვიდრდება".

ცვლილებები საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის:

- დღგ-ს ბიზნესი კვარტალში ერთხელ გადაიხდის, რაც მისთვის ორთვიანი უპროცენტო სესხის ტოლფასი იქნება.

- კოდექსში შევა კეთილსინდისიერი გადამხდელის ცნება. კარგი გადამხდელი კომპანია საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. მას შესაძლოა გადაცდომაც აპატიონ, თუ ეს არცოდნით იქნება გამოწვეული.

- დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი: გადამხდელი, რომელმაც ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ის სახით 200 ათასი ლარი გადაიხადა, იმპორტისას თავისუფლდება დღგ-ის გადახდის ვალდებულებისგან (სტილი დაცულია).

- შეიცვლება ქრონომეტრაჟის წესი. საწარმოს შემოწმებისას წინა კვირის შემოსავლები მიმდინარე კვირაზე ავტომატურად არ გავრცელდება. მოქმედი კოდექსით კი, ვთქვათ, რესტორნის შემოწმებისას, წინა და მიმდინარე კვირის შემოსავლებს შორის სხვაობა 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი შემოსავლების დამალვის მოტივით ჯარიმდება. ქრონომეტრაჟის დროს გათვალისწინებული იქნება სეზონურობის ფაქტორიც.

- თუ ბიზნესი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას ელექტრონულად, ფინანსთა სამინისტროს სერვერზე მოახდენს, მასთან საგადასახადო ერთკვირიან შემოწმებაზე აღარ შევა და მხოლოდ კომპლექსური შემოწმება შეეხება.

- საწარმოს დაზიანებული, გაფუჭებული პროდუქტის ან საქონლის ჩამოწერის უფლება მიეცემა.

- დავების საბჭოს მიერ რომელიმე კომპანიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტულად გავრცელდება სხვა კომპანიაზეც. საბჭოს ყოველ ჯერზე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება აღარ მოუწევს. ამან კომპანიები დავების საბჭოში კვირაობით სიარულისა და ლოდინისგან უნდა გაათავისუფლოს.

- გაერთიანდება საბაჟო და საგადასახადო კოდექსი. შედეგად, ბიზნესს საბაჟოზე წარმოქმნილი ზედმეტობის საგადასახადო ნაწილში გადაფარვა შეეძლება.

- წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება: ბიზნესი თუ ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართავს შეკითხვით, მიღებულ ფასიან პასუხს კანონის ძალა ექნება, თუმცა ეს პასუხი ძვირი დაუჯდება.

ცვლილებები არ შეეხება პრესას, სოფლის მეურნეობისა და რამდენიმე სხვა სექტორს. ისინი კვლავაც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

საგადასახადო კანონმდებლობის დამრღვევებისთვის ჯარიმა სოლიდური იქნება. ამასთან, მთავრობა 2011 წლიდან არც საშემოსავლო გადასახადს შეამცირებს, რომელიც 20-დან 18%-მდე უნდა ჩამოსულიყო და მიზეზად ბიუჯეტში შემოსავლის შემცირებას ასახელებს.

ნონა ქვლივიძე

"ეკოპალიტრა"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ