გუშინ მთელი ქვეყანა ზეიმობდა საქართველოს ნაკრების უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც ჩვენი ფეხბურთელები საოცნებო ფინალში მოხვდნენ.
ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.
ანგარიში 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე, 53-ე წუთზე ლუქსემბურგმა გოლი გაიტანა, თუმცა ეს გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე მიქაუტაძესთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დაჯარიმდნენ, ამ ეპიზოდს წითელი ბარათი მოჰყვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. მატჩის 64 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა. საბოლოოდ, თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენ ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს" - თქვა ჰოლცმა.
შეიძლება ითქვას, რომ ბუდუ ზივზივაძის შემდეგ ყველაზე პოპულარული ადამიანი, რომელზეც ქართველი ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, სწორედ სანჩესი იყო:
"ეს მსაჯი იყო მამლუქი, ქართველი გლეხის შვილი, გაჭირვებამ წაიყვანა ესპანეთში"
"თოფურია და მსაჯი ერთი რეისით ხომ არ მიფრინავენ ესპანეთში?"
"ლუქსემბურგელები წერენ, საქართველომ მსაჯი მოისყიდაო. ბიჭო, მსაჯის მოსასყიდი კი არა, გზის დასაგები ფული არ გვაქვს"
"მსაჯი მინდა ჯვარზე ავიყვანო და ვაჩვენო მტკვარი და არაგვი როგორ ერთდება"
"ეს რას მოვესწარი ამ სიბერეში, რომ მსაჯი ჩვენსკენაა" - წერენ ქართველი გულშემატკივრები.

ვინ არის ხოსე მარია სანჩესი?
ხოსე მარია სანჩეს მარტინესი ესპანელი მსაჯია. ის უეფას ელიტარული კატეგორიის არბიტრებს შორის არის. მსაჯობა 2000 წელს დაიწყო, თავდაპირველად ესპანეთის "სეგუნდა დივიზიონში“ მსაჯობდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, "ლა ლიგაში" დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში არაერთხელ მიუღია საკამათო გადაწყვეტილება. ამბავი, რომელიც განსაკუთრებით ბარსელონას და ბეტისის ფანებს არ ავიწყდებათ, 2020 წელს მოხდა - ლა ლიგაში ბარსა-ბეტისის თამაშის დროს, ხოსე მარია სანჩესმა კლემენტ ლენგლე მოედნიდან გააძევა, ასევე გააძევა ფეკირი. ფანები თვლიდნენ, რომ - უსამართლოდ. გულშემატკივარს როგორც ჩანს, სპეციალური კომისიაც ეთანხმებოდა, რადგან ამ მატჩის შემდეგ რამდენიმე თამაშზე ხოსე მარიას აღარ უმსაჯია.
მაშინ ამბობდნენ, რომ ამ მატჩზე არბიტრმა კონტროლი დაკარგა. ორივე გუნდის მწვრთნელი აკრიტიკებდა სანჩესს და თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით მატჩი დააზარალა.
წაიკითხეთ ასევე: