ავტორი:

ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?

ნაცემი ბრალდებულები, რომელთაგან ერთს დაკავებისას ყური მოაჭრეს, 2-მა კი რუსულიც არ იცის - რა ხდებოდა "კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულთა სასამართლოზე?

24 მარტს ღამით მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის გარეუბანში "კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს. შეგახსენებთ, 22 მარტის ტერაქტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა. დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ ტერორიზმის ბრალდებით. პატიმრობის შესახებ სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ეჭვმიტანილები ბასმანის სასამართლოს დარბაზებში მძიმედ ნაცემები მიიყვანეს. რაჩაბალიზოდეს დაკავებისას ყური მოაჭრეს. თავის ეს მხარე არ არის ნაჩვენები სასამართლოში გადაღებულ ფოტოებზე. სასამართლომ განაცხადა, რომ ორივემ აღიარა დანაშაული.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდამსხმელები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათგან ორმა რუსული არ იცის.

ყველა მათგანს ბრალად ედებათ ჯგუფური ტერორისტული აქტის განხორციელება, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.

გამომძიებლების თქმით, ოთხივე მათგანი უშუალო მონაწილე იყო Crocus City Hall-ზე თავდასხმის, რომლის დროსაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

  • რა მოხდა სასამართლო სხდომაზე

კროკუსის ცენტრის ტერაქტის საქმის პირველი ბრალდებული დალერჯონ მირზოევი სასამართლოში სახეზე სისხლჩაქცევებით გამოჩნდა.

მისთვის პირველი კითხვების დასმის შემდეგ, გამომძიებელმა მოსამართლეს სთხოვა სასამართლო პროცესის პრესისგან დახურვა, რასაც მოსამართლე ელენა ლენსკაია დათანხმდა.

გამომძიებლის თქმით, ღია მოსმენამ "შეიძლება გამოიწვიოს საგამოძიებო საიდუმლოების გამჟღავნება“ და ასევე "პროცესის მონაწილეებისა და მათი ნათესავების უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას“.

მანამდე, მოსამართლემ თარჯიმნის მეშვეობით ჰკითხა დალერჯონ მირზოევს, ესმოდა თუ არა, რას ეკითხებოდნენ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა და თავი ტაჯიკელად წარუდგინა.

დალერჯონ მირზოევი სასამართლოში სახეზე სისხლჩაქცევებით მიიყვანეს

რუსული არხი მედიაზონა სასამართლო დარბაზიდან იუწყება, რომ მირზოევს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, ასევე აქვს ნოვოსიბირსკში ვადაგასული სამთვიანი რეგისტრაცია.

მეორე ბრალდებული, საიდაკრამი მუროდალი რაჩაბალიზოდა დარბაზში თავდახვეული შეიყვანეს. ერთი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია Crocus City-ზე თავდასხმების დაკავებული მონაწილის თავდაპირველი დაკითხვა.

მუროდალმა კითხვებს ტაჯიკურ ენაზე თარჯიმნის მეშვეობით უპასუხა. მისი თქმით, 30 წლის იყო, ჰყავდა ცოლი, შვილი და რუსეთში იყო რეგისტრირებული, მაგრამ სად არ ახსოვდა.

მუროდალი რაჩაბალიზოდე

ფაიზოვი, რუსული სააგენტოების ცნობით, სასამართლოში საკაცით მიიყვანეს (ფოტოებიდან ჩანს, რომ ის უფრო დასაკეცი ეტლს ჰგავდა) და მას უჭირდა საუბარი.

  • როგორ მოხდა ეჭვმიტანილების დაკავება?

Crocus City Hall-ში თავდასხმაში მონაწილე ოთხმა ეჭვმიტანილმა დატოვა საკონცერტო დარბაზი, მაგრამ ისინი იმავე ღამეს ბრაიანსკის რეგიონში დააკავეს. ამის შესახებ FSB-მ 23 მარტის დილით განაცხადა.

თავდაპირველ დაკითხვის ვიდეოში, რომელიც რუსულ მედიაში გავრცელდა, თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, აღიარებს, რომ მან მკვლელობები "ფულისთვის" ჩაიდინა. მისი თქმით, ნახევარ მილიონ რუბლს დაჰპირდნენ. დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა რუსმა პროპაგანდისტმა, RT ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა.

მუჰამადსობირ ფაიზოვი

24 მარტს "ტელეგრამის" ანონიმურ არხებზე კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია ერთ-ერთი დაკავებულის ელექტროშოკით წამების კადრები.

ამ დროისთვის ტერაქტთან დაკავშირებით სულ 11 ადამიანია დაკავებული.

თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, რადგან დამწვარ შენობაში უფრო მეტი ცხედარი იპოვეს.

FSB-ის ცნობით, "ბოევიკებმა" გაქცევა სცადეს, მათი მტკიცებით, ისინი "მანქანით რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილდებოდნენ". პუტინმა რუსებისადმი მიმართვაში 23 მარტს განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს მათთვის "ფანჯარა ჰქონდათ მომზადებული“ საზღვრის გადაკვეთისთვის. ამავდროულად, რუსულ მხარეს ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური ვერსია, თუ ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის უკან.

უკრაინა საკონცერტო დარბაზში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდამსხმელების მიერ საკონცერტო დარბაზში გადაღებული ვიდეო სწორედ მათთან დაკავშირებული არხებით გავრცელდა.

FSB-ის მიერ გადაღებულ და ISIS - ის არხების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში თავდამსხმელების ჩაცმულობის დეტალები ემთხვევა. ისლამური სახელმწიფოს ვიდეოში თავდამსხმელების სახეები ბუნდოვანია, მაგრამ მათი ამოცნობა მათი ტანსაცმლის დეტალებით შესაძლებელია.

შამსიდინ ფარიდუნი

მაგალითად, ერთ-ერთ თავდამსხმელს მაისურზე აქვს წარწერა TRAVEFS და იგივე წარწერა ჩანს ეჭვმიტანილთა დაკავების ვიდეოში, რაც გამორიცხავს FSB-ის მხრიდან გაყალბებას. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ექსპერტების ნაწილს ეჭვი ეპარებოდა, რომ სპეცსამსახურებმა ნამდვილი ტერორისტები დაიჭირეს.

Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ექსპერტების ვარაუდები, თუ რატომ უნდა დასხმოდა "ისლამური სახელმწიფო" რუსეთს.

"აშშ-ისა და დემოკრატიული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარულ ძალებთან - რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან - გაძლიერდა უკრაინასა და ღაზაში ომების ფონზე. მაგრამ "ისლამური სახელმწიფოსთვის" ისინი ყველა მუსლიმური რწმენის მტრები არიან და ყველა უნდა განადგურდეს“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის თანახმადაც, რაც მოხდა, კარგად ჯდება "ისლამური სახელმწიფოს" ფილოსოფიაში. წყარო

იხილეთ ასევე: