როგორ მოვაწყოთ სახლის ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ სახლის ინტერიერი

ქალების უმეტესობას დღის განმავლობაში სამზარეულოში ხანგრძლივი დროის გატარება უწევს, ამიტომ მისი კომფორტულად და ლამაზად მოწყობა ხალისსა და ენთუზიაზმს მატებს. ამჯერად რჩევებს არქიტექტორ-დიზაინერები - თინათინ ჯანაშვილი, ელენე ცქვიტინიძე და არჩილ მიქუჭაძე მოგვცემენ.

თინათინ ჯანაშვილი:

- სამზარეულოსთვის დაახლოებით 10-14 კვმ ფართობია მისაღები. შეიძლება, ცალკე ოთახი იყოს გამოყოფილი, ან ინტეგრირებული იყოს სასადილოსთან. კარგი ვარიანტია, თუკი ცალ-ცალკეა. დღეს მოდურია ბარის მოწყობა, რაც ადგილის ეკონომიასაც გვაძლევს და სუფრის გასაშლელადაც მოსახერხებელია. სივრცე შეიძლება, გამოყოფილი იყოს ავეჯით, ჩაშენებული კარადებით ან რბილი სავარძლებით. როცა ფართობი მცირეა, ჯობია, ავეჯიცა და კედლებიც ღია ფერებში შეღებოთ. თუ მუქი ავეჯი გსურთ, უმჯობესია, მუქი ფერის კედლის ქვედა ნაწილი იყოს. ზოგიერთ დამკვეთს კონტრასტული ფერები ურჩევნია - წითელი, მწვანე, სალათისფერი, სტაფილოსფერი. ახლა ლამინატის პრიალა მასალის დიდი არჩევანია, რომელიც მოსახერხებელიცაა და მოხდენილიც.

იატაკი

აჩიკო:

- ძირითადად, მეტლახს ან გრანიტს ვაგებთ ხოლმე. უპირველესი რჩევა იქნება, რომ ყველაფერში ბუნებრივი მასალა გამოიყენოთ. იატაკი პრაქტიკული და ადვილად გასაწმენდი უნდა იყოს. დიდ ოჯახში, წესით, სამზარეულოც დიდი უნდა იყოს, მაგრამ ზოგს სამზარეულო უმეტესწილად, ყავის მოსადუღებლად სჭირდება. ამგვარად, მოთხოვნა სხვადასხვაგვარია - ყველა ადამიანისა თუ ოჯახის ცხოვრების წესიდან გამომდინარე. კოტეჯში, ბინაში, კერძო სახლში, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტში და სხვაგან, სამზარეულო აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად შეიძლება მოეწყოს. მოსახლეობის საშუალო ფენათა უმეტესობა კერამიკულ ფილებს აგებს. მეტლახის არჩევანი მრავალფეროვანია - თურქულით დაწყებული, იტალიურით დამთავრებული. დაბალფასიანი მალე იცვითება, სკდება, ცხიმის ლაქებიც ეტყობა. მეტლახის გარდა, სხვა მასალასაც ვიყენებთ. მაგალითად, ქალაქგარეთ, ერთ სახლში, იატაკის დასაგებად, ქართული აგური ავირჩიეთ, ოღონდ - მოჭიქული; ზედ ფერადი მინა "დავასხით": ძველებური იერი აქვს და ძალიან ლამაზია. მოკლედ, დღეს ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი და ყველაფერი ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

თინა:

- არსებობს სპეციალური პარკეტი, რომელიც სააბაზანოშიც კი იგება; ხარისხიანია და ძვირიც ღირს - 1 კვმ-ის მინიმალური ფასი 50 ევროს აღწევს. თუ დამკვეთს შესაძლებლობა აქვს, ვურჩევთ, ეს პარკეტი დააგოს, რადგან ნატურალურია, თბილია, მის ქვემოთ გათბობის გაყვანაც შეიძლება; თან - ჭურჭელი რომ დავარდეს, არ გატყდება. ეგვიპტური ფილებიც საკმაოდ ხარისხიანია, ფასიც არ არის მაღალი, ვიზუალურადაც ლამაზია.

- იატაკზე თუ კეთდება რაიმე დეკორი?

- დიახ, რა თქმა უნდა. შეიძლება, კლასიკური მოზაიკა იყოს, რამდენიმე ფერში გადაწყვეტილი, ან - გამოიჭრას ნახატი, აეწყოს მოხატული ფილები და ა.შ. საერთოდ, მუქი ფერის იატაკი ძნელი მოსავლელია - ყველანაირი ლაქა, ცხიმი ეტყობა; პრიალა უკეთესია.

კედლები

ელენე:

- კედელი ჯობია, იყოს სადა და აქცენტი ავეჯზე გაკეთდეს. ის აუცილებლად უნდა ეხამებოდეს ავეჯისა და იატაკის ფერს. კონტრასტული უნდა იყოს: თუ კარადები ღია ფერისაა, მაშინ კედლები ჯობს, ოდნავ მუქად შეღებოთ.

თინა:

- კედელს ძალიან უხდება დეკორატიული ელემენტები, მოზაიკა, მინის "ჩანართები", პატარა ვიტრაჟები, პანოები. დეკორატიული მეტლახი და კაფელიც არსებობს და მისგანაც შეიძლება ავაწყოთ. ფერად მინებში მზე სხვანაირად ანათებს და მყუდრო სიტუაცია იქმნება. თუ ადამიანს ახალი ავეჯის ყიდვის საშუალება არა აქვს, შეუძლია, ძველი ამგვარად გადააკეთოს: ზემოდან "არაკალი" გადააკრას (ფერადი, წყალგამძლე, წებოვანი ქაღალდია), ორნამენტები სურვილის მიხედვით გამოჭრას და ა.შ. ინტერიერს ძალიან აცოცხლებს მცენარეები. შეიძლება გაიკრას შპალერი, რომელსაც ისეთი გარეკანი აქვს, ირეცხება კიდეც; ასეთივე საღებავიც არსებობს. შეიძლება კედელზე ხის, კერამიკული ფილების დეკორებიც გაკეთდეს.

ჭერი

აჩიკო:

- დღეს უკვე ისეთი ტექნოლოგიები არსებობს, რომ ჭერის გაჭუჭყიანების პრობლემა აღარ დგას, თუნდაც კარგი გამწოვის წყალობით. მაგრამ გამწოვის არქონის შემთხვევაშიც შეიძლება ისეთი ჭერის გაკეთება, რომელიც ადვილი გასაწმენდია. შედარებით იაფია პლასტმასისგან დამზადებული, მაგრამ ინტერიერს აუბრალოებს. ამიტომ ჯობია, ფოლადის შეკიდული, თაბაშირ-მუყაოს, ბარისოლის დასაჭიმი ჭერი... მაგალითად, "არმსტრონგი" ტრანსფორმირებადია: თითოეული ფილა შეიძლება ასწიო, ჩამოხსნა, გადაღებო, შეცვალო და ა.შ.. ასეთი ჭერი უფრო ოფისებში, დიდი სივრცისთვის გამოიყენება, თუმცა სამზარეულოშიც შესაძლებელია მისი კომბინაცია რომელიმე სხვა ტიპის ჭერთან.

კარ-ფანჯარა

თინა:

- მეტალოპლასტმასზე უკეთესი, ალუმინის კარ-ფანჯარაა - უფრო მაღალი ხარისხისაა, სიცივესაც იკავებს და სითბოსაც ინარჩუნებს; ხმის იზოლაციითაც გამოირჩევა. ხის კარ-ფანჯარა უფრო ძვირია, რადგან მისი გამოშრობა, ისეთი მასალით დამუშავება, რომელიც ნესტს არ იღებს, ორმაგი მინის ჩასმა - ძვირად ღირებული პროცესია, რაც მის საერთო ფასსაც ზრდის.

აჩიკო:

- ქართველები ცოტა ფეხის ხმას აყოლილი ხალხი ვართ და მეტალოპლასტმასი ძალიან ავიტაცეთ. არადა, ხეს არაფერი სჯობს - ეკოლოგიურად სუფთაა და სახლი "სუნთქავს". თუ ახლის შეძენის საშუალება არ გაქვთ, შესაძლებელია, ძველი ხის კარ-ფანჯარა განაახლოთ, გადაამუშაოთ, ზედმეტი საღებავი, ლაქი მოაცილოთ, დაზიანებული დეტალები გამოცვალოთ და ა.შ. ალუმინი არ "იცრემლება", ვიზუალურადაც ჯობია, ბევრნაირი ფერისაა და შეღებვაც შეიძლება. მომხმარებელთა უმეტესობა უკვე ცდილობს, ბუნებრივი მასალები აირჩიოს.

კარადები

თინა:

- ავეჯს თავისი სტანდარტული ზომები აქვს, რასაც ვერ გავექცევით. თუმცა გარკვეული დიზაინის შემუშავება შეიძლება... ლამინატი და "ემდეეფი" ვიზუალურად თითქმის ერთნაირია, მაგრამ განსხვავება შიგთავსშია: "ემდეეფი" დაფხვნილი თხილის ნაჭუჭისგან კეთდება, წებოვანიაო, ამბობენ და კარგი მახასიათებლებით არ გამოირჩევა.

ელენე:

- ამ ბოლო დროს ძალიან მოდურია თეთრი, ქათქათა ინტერიერი. იისფერსაც აკეთებენ. ფერების აღრევა სასურველი არ არის: მწვანე საძინებელი, ლურჯი სასადილო და წითელი სამზარეულო - ასეთი შეხამება, ცხადია, უგემოვნოა. ბინა სტილისტურად ერთგვაროვნად უნდა იყოს გადაწყვეტილი, საერთო ხაზი უნდა ჰქონდეს. არსებობს ფერების შეხამების კანონები, რასაც ვერ გავექცევით. პოპულარულია კარადებში ჩაშენებული ტექნიკა - არ ჩანს გაზქურის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის წინა პანელები. ძალიან კარგია მინა - გამჭვირვალეა, ანარეკლი აქვს და სივრცეს "ადიდებს".

აჩიკო:

- ადრე მოდური იყო ჩაშენებული კარადები. ახლა აღარ არის გავრცელებული. საერთოდ, დიასახლისს უნდა შეეძლოს ინტერიერის განახლება. მაგალითად, მისაღებ ოთახში ბევრი რამ შეიძლება დაიდგას და გარემოს განახლების საშუალება უნდა არსებობდეს, რასაც პატარა კომპოზიციები, დეკორაციები უწყობს ხელს. ზოგი სამზარეულოში სარკეებსაც კი აყენებს - ალბათ მოსწონთ, სადილის მზადებისას საკუთარ თავს რომ უყურებენ.

სამზარეულოს ნიჟარა

ელენე:

- სასურველია, ერთგანყოფილებიანი იყოს, გვერდზე კი ჭურჭლის დასაწყობი ჰქონდეს. თუმცა ზოგს ორიანიც მოსწონს. კარადებში ჩადგმული უკეთესია. ზედაპირის გაკეთება სხვადასხვა მასალისგან შეიძლება.

აჩიკო:

- ბუნებრივი ქვისგან ნებისმიერი ფორმის ნიჟარა შეიძლება გაკეთდეს, პრაქტიკულიც და ისეთი, დიზაინსაც რომ შეესაბამება. ახლა უმეტესად, ვერცხლისფერი და პრიალაა მოდაში. მაცივარი, გაზი, აირგამწოვი, ღუმელი თუ ნიჟარა, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, შესაბამის ადგილას უნდა დაიდგას.

ელენე:

- გამწოვი რაც შეიძლება მძლავრი უნდა იყოს, რომ სუნი და ორთქლი კარგად გაიწოვოს.

ფარდა-ჟალუზები

აჩიკო:

- ფარდა ყოველთვის მყუდრო ატმოსფეროს ქმნის; ოღონდ ისეთი ფარდა არ უნდა დაკიდო, რომ ქარის დაბერვისას, ჭურჭელი აგიყირაოს და კერძი დაგიქციოს (იცინის). თანამედროვე ინტერიერში ჟალუზიც ლამაზია. კლასიკური, "რუშებიანი" ფარდა ასეთ ინტერიერს არ მოუხდება. მოკლედ, ამ შემთხვევაშიც მთავარი - ოთახის დიზაინია.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს