რა ბედი ელის მაგისტრალურ გაზსადენს, ენგურჰესს და ლარსს?

რა ბედი ელის მაგისტრალურ გაზსადენს, ენგურჰესს და ლარსს?

საქართველოს ეკონომიკის პრობლემებზე გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა:

- ბატონო ლადო, თავის დროზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ენგურჰესის შესაძლო გასხვისების ამბავს. ხომ არ იცით, როგორ გადაწყდა ეს საკითხი?

- სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, ან უარყოფდა საქართველოს გარიგებას რუსეთთან, კერძოდ, "ინტერ რაოსთან". ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მკითხველს შევახსენებ, რომ გაზეთი "რეზონანსი" ცდილობდა ენერგეტიკის სამინისტროსაგან მოეპოვებინა ეს ინფორმაცია და როცა მიზანს ვერ მიაღწია, სასამართლოში იჩივლა. როგორც ვიცი, გაზეთმა საქმე ყველა ინსტანციაში წააგო. ჯერჯერობით "ენგურჰესის" საკითხი ბუნდოვანია და ეს საზოგადოებაში მხოლოდ ეჭვსა და უარყოფით ემოციას ბადებს. ამ საკითხზე ვესაუბრე ჩემს რუს კოლეგებს, ექსპერტებს. როგორც მითხრეს, დაინტერესებული იყვნენ "ინტერ რაოსგან" შეეტყოთ, არსებობს კონტრაქტი თუ მხოლოდ მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსთან. მათაც ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს, ანუ ეს საკითხი გასაიდუმლოებულია როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მიერ. სამწუხაროა, რომ არ ვიცით, რა სტატუსი აქვს დღეს ენგურჰესს.

- არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგისტრალური გაზსადენის საკითხიც, რომლის გასხვისებაზე ლაპარაკი კვლავ დაიწყო.

- რაც შეეხება მაგისტრალურ გაზსადენს, მისი გასხვისების თემაც არ არის ახალი. "ვარდების რევოლუციის" გზით მოსულ ხელისუფლებას თავიდანვე უნდოდა მისი გაყიდვა. გაზსადენის გაყიდვა სურდათ პრეზიდენტს, ზურაბ ნოღაიდელს, ნიკა გილაურს, კახა ბენდუქიძეს და მათ თანამოაზრეებს. 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა "გაზპრომსა" და საქართველოს მთავრობას შორის. ჩვენი ქვეყნის მთავრობა ითხოვდა 300 მილიონ დოლარს, ხოლო "გაზპრომი" თანახმა იყო, 150 მილიონი დოლარი გადაეხადა. ალბათ რაღაც შეთანხმებამდეც მივიდოდნენ, მაგრამ მოლაპარაკება ჩაშალა აშშ-მა. საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ, სულ ცოტა, 5 წლის განმავლობაში არ უნდა გაეყიდა მაგისტრალური გაზსადენი, ამის სანაცვლოდ "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამიდან" საქართველოს მთავრობას 49,5 მილიონი დოლარი გამოეყო, რომელიც გაზსადენის რეაბილიტაციისათვის უნდა დახარჯულიყო. ეს კონტრაქტი გაფორმდა 2006 წლის გაზაფხულზე და ახლა, 2011 წელს გასდის ვადა. შეგახსენებთ, რომ შარშან, გაზაფხულზე პარლამენტში ცხელი დებატები მიმდინარეობდა, ამოეღოთ თუ არა გაზსადენი იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა გასხვისება არ შეიძლება. ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაზსადენი ამოიღეს ამ ნუსხიდან. ასე რომ, 2011 წლის აპრილიდან მთავრობას შეუძლია გაყიდოს ეს მნიშვნელოვანი ობიექტი.

- ვინ არის დაინტერესებული ყველაზე მეტად მაგისტრალური გაზსადენის შეძენით?

- სხვათა შორის, ნოემბრის დასაწყისში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს გაზსადენის გაყიდვას და ჩინელ ბიზნესმენებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში. დღეს კი სურათი ასეთია: გამოიკვეთა 2 მხარე, რომელიც დაინტერესებულია გაზსადენის შეძენით: ეს არის აზერბაიჯანული "სოკარი" და რუსული - "გაზპრომი". "გაზპრომის" ინტერესი აშკარაა იმიტომ, რომ "გაზპრომი" აკონტროლებს გაზსადენებს როგორც რუსეთის, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე. ის ვერ აკონტროლებს მხოლოდ 225-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, ამიტომ, ბუნებრივია, "გაზპრომს" სურს, მაგისტრალური გაზსადენი შეიძინოს. რისთვის უნდა გაზსადენის შეძენა "სოკარს"? - თუ აზერბაიჯანი შეიძენს გაზსადენს, დამატებითი ბერკეტი გაუჩნდება სომხეთზე ზეგავლენისათვის. საქართველოსთვის კი ორივე სცენარი წამგებიანია - თუ გაზსადენი ხელში ჩაუვარდა "გაზპრომს", ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გავეხვევით რუსულ კაბალაში, ხოლო თუ ჩაუვარდა "სოკარს", ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ-სომხური კონფრონტაცია უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. რაც მთავარია, რუსული გაზის გატარებისათვის საქართველო იღებს გატარებული აირის 10 პროცენტს. ეს არის ტრანზიტის საფასური და თუ გაზსადენს გაასხვისებენ, ბუნებრივია, ტრანზიტის საფასური ჩვენი აღარ იქნება. შედეგად, ბუნებრივი აირი საქართველოს შესაძენი ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფი გაძვირდება ყველასათვის - როგორც წარმოებისათვის, ისე მოსახლეობისთვისაც.

- ბოლო ხანს ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა. მომავალშიც ხომ არ გაგრძელდება ეს უსიამოვნო პროცესი?

- არ ვიზიარებ იმ თვალსაზრისს, რომ ლარის კურსი ძალიან დაცემულია. ბუნებრივია, ახალი წლის დადგომამდე ლარზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც გამოიწვია ლარის გამყარება. ეს ყოველ წელს ასე ხდება, რადგან საახალწლოდ მოსახლეობა ხარჯავს თავის დანაზოგს. იანვარში ლარის გაუფასურებაც ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე ლარის კურსი პროგნოზულ ფარგლებში მერყეობს. თანაც, 21 იანვარს გაიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის შეხვედრა ქართველ ექსპერტებთან, სადაც ერთმანეთს თვალსაზრისი გავუზიარეთ. მე დავინახე, რომ ეროვნული ბანკი ჯანსაღად აფასებს და აკონტროლებს შექმნილ სიტუაციას, თუმცა ქვეყანაში ინფლაცია კვლავ მაღალია, რასაც პრეზიდენტიც აღიარებს. ეს კი მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, ჯანსაღ სხეულს ორი ხელი აქვს, რომელიც სინქრონულად ასრულებს თავის ფუნქციას. ჩვენი ეკონომიკის ერთი ხელი არის ეროვნული ბანკი, მეორე კი - მთავრობა თავისი ბიუჯეტით. სამწუხაროდ, ეს ორი ხელი სინქრონულად არ მუშაობს. ეროვნული ბანკი ცდილობს, - ნორმალური პოლიტიკა გაატაროს და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს, მთავრობა კი მის მცდელობას აბათილებს. ანუ ჩვენ პრობლემა გვაქვს მთავრობასთან და არა - ეროვნულ ბანკთან.

- ბატონო ლადო, 2011 წლის მოსვლასთან ერთად ახალ-ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა. ზოგიერთი რეიტინგის მიხედვით საქართველო მოწინავე ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, ხოლო ზოგგან აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებს "ვუმშვენებთ" მხარს. თქვენი აზრით, რამდენად სანდოა ეს მონაცემები?

- სიტუაცია ძალიან მარტივია: არის რეიტინგები, რომლითაც საქართველო ძალიან წარმატებული ჩანს, მაგალითად, ეს არის ცნობილი რეიტინგი ბიზნესის წარმართვის შესახებ, რომელსაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია ადგენენ. არის ისეთი რეიტინგები, სადაც ქვეყანა საკმაოდ ჩამორჩენილია. არც ერთს უნდა ვენდოთ და არც მეორეს, რადგან სინამდვილეში ეს რეიტინგები არის პასუხი კითხვებზე, რომლებსაც ამ გამოკითხულებს უსვამენ. აქ მოქმედებს პრინციპი - რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. ჩვენ რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია, ის, თუ როგორი ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში. რეალური სურათი კი საკმაოდ სავალალოა: თუ "ვარდების რევოლუციის" წინ საქართველოში მთლიანი შიგა პროდუქტი ერთ სულზე მეტი იყო, ვიდრე სომხეთში, დღეს იქ 25 პროცენტით მეტია. ადრე მთლიანი შიგა პროდუქტი ჩვენზე ცოტა მეტი იყო აზერბაიჯანში, დღეს კი ორჯერ მეტია. ჩვენი გაყალბებული სტატისტიკაც კი გვიჩვენებს, რომ საქართველოში დღეს ეკონომიკური სიტუაცია უარესია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. აღარაფერს ვამბობ მოწინავე ქვეყნებზე. რეიტინგები კი, რომლითაც გვამარაგებენ, უბრალოდ, მარაზმია და სხვა არაფერი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს უსაქმური კაცისა და მახათის ამბავს, შეიძლება უხეშად ვამბობ, მაგრამ ეს მართლა ასეა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ