პირველი ქართული 3D თამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. თამაშზე მუშაობა ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თამაში ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის. თამაშის სცენარი თბილისსა და ბათუმში ვითარდება, პოლიციელები ქართულ ენაზე საუბრობენ, დამნაშავეები კი ქართულად, რუსულად და ინგლისურად.
ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალში "თამაშის სიუჟეტში იქნება მისია, რომელიც საქართველოში რუსი ჯაშუშების გამოაშკარავებას უკავშირდება".
"ჩვეულებრივ, კომპიუტერული თამაშების მთავარი გმირები არიან მაფიოზები, კრიმინალები, რომლებიც პოლიციელებს კლავენ, ბანკებს ძარცვავენ და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს წესი შეგვეცვალა და თამაშის მთავარი გმირები პოლიციელები ყოფილიყვნენ, რომლებიც კრიმინალებს კი არ კლავენ, არამედ კანონის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ", -აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.