ახალი კვლევის თანახმად, ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები დედამიწის ბირთვიდან ზედა ფენებში გაედინება და საბოლოოდ ზედაპირზე ვულკანური კუნძულებით ამოდის. ამის შესახებ CNN წერს.
აღნიშნული თეორია ჰავაის ბაზალტური ქანების სამწლიან ანალიზს ეფუძნება, რომლებიც ოკეანის ფსკერიდან ამომავალი მაგმის, ანუ გამდნარი ქანების ნაკადებისგან წარმოიქმნა. ვულკანურ ქანებში ნაპოვნი მძიმე ლითონების კვალი შეიძლება გეოლოგების დიდი ხნის ეჭვს ადასტურებდეს იმაზე, რომ დედამიწის გამდნარი ბირთვი არ არის დალუქული, არამედ სავარაუდოდ, პლანეტის თხელ ქერქსა და ბირთვს შორის ფენაში, კლდოვან მანტიაში ჩაედინება.
„დაახლოებით 40 წლის წინ, ადამიანებმა პირველად წამოაყენეს თეორია, რომ ბირთვი შესაძლოა კარგავდეს გარკვეულ მასალას, მაგრამ აქამდე მიღებული სიგნალები მკაფიო არ იყო. ახლა, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს პირველი ძალიან ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ბირთვის ნაწილი რეალურად მანტიაში გაედინება,“ - თქვა გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსმა და ჟურნალ Nature-ში 21 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის წამყვანმა ავტორმა ნილს მესლინგმა.
ამ ძვირფასი ლითონების რეზერვუარი წარმოიქმნა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ ბირთვის ფორმირების დროს.
კვლევა ვარაუდობს, რომ ამ ოქროს სულ მცირე მცირე რაოდენობა ზედაპირზე ამოვიდა. ეს ბადებს ეჭვს, რომ თუ გაჟონვა გაგრძელდება, მომავალში ამ ძვირფასი ლითონის სულ უფრო მეტი რაოდენობა შეიძლება დედამიწის ცენტრიდან ქერქში გადავიდეს.
იხილეთ ასევე: