"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმიანება მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის "ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
"ყველას პირადი ცხოვრება - პირადია, წერტილი! მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე, 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა და ეს არის მხოლოდ საბაბი.
რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება.
ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის გასაგონად - არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის.
რეჟიმმა ჩათვალა რომ ისინი მე ვერ მიჭერენ და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ შვილთან ერთად, ღამით 5 ნიღბიანი თავს დაესხა ჩემს მეუღლეს, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ თვალები აუხვიეს და ჩასვეს მანქანაში. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. თუმცა ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის "მოდულის" შენობაში ჰყავდათ.
ადგილზე მიყვანის შემდეგ 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ისინი ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას უსახლებდნენ, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით" - ამბობს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, 2018 წელს იოსელიანი საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა და მოგვიანებით, ამის გამო, ბოდიშიც მოიხადა.
"ბოდიშს ვიხდი თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, - დაწერა მაშინ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: