მეცნიერების თქმით, მსოფლიო ოკეანეების მდგომარეობა უარესია, ვიდრე ადრე ეგონათ. მათი თქმით, საზღვაო ეკოსისტემების დასაცავად “ცოტა დრო დაგვრჩა“, რადგან ოკეანეებში მჟავიანობამ უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და ეს ეკოსისტემებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
აქამდე ითვლებოდა, რომ ოკეანის მჟავიანობა კრიტიკულ ზღვარს არ გადაკვეთდა, თუმცა ახალმა კვლევამ საგანგაშო შედეგები აჩვენა.
“პლანეტარული საზღვრები“ ბუნებრივი საზღვრებია ისეთი ძირითადი გლობალური სისტემებისთვის, როგორიცაა კლიმატი, წყალი და ველური ბუნების მრავალფეროვნება. გასულ წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ცხრა “პლანეტარული საზღვრებიდან“ ექვსი უკვე საგანგაშო ნიშნულზეა.
დიდი ბრიტანეთის პლიმუთის საზღვაო ლაბორატორიის (PML), ეროვნული ოკეანური/ატმოსფერული ადმინისტრაციის და ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო რესურსების კვლევის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ოკეანის მჟავიანობის „საზღვარს“ დაახლოებით ხუთი წლის წინ მიაღწიეს.
კვლევა ეყრდნობოდა ყინულის ბირთვებიდან აღებულ ფიზიკურ და ქიმიურ მონაცემებს.
ანალიზმა გამოავლინა, რომ 2020 წლისთვის გლობალური ოკეანის მდგომარეობა უკვე ძალიან ახლოს იყო ოკეანის მჟავიანობის კრიტიკულ საზღვართან. მჟავიანობა განისაზღვრება, კალციუმის კარბონატის კონცენტრაციით ზღვის წყალში.
მეცნიერების თქმით, რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ისინი ოკეანეში, მით უფრო უარესი იყო შედეგები.
“ოკეანის სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ზედაპირზე არ ბინადრობს. ქვედა წყლებში მცენარეებისა და ცხოველების მრავალი განსხვავებული სახეობაა. ოკეანის მჟავიანობის ზემოქმედება ამ მიდამოებში შეიძლება გაცილებით უარესი იყოს, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, - თქვა PML-ის პროფესორმა ჰელენ ფინდლიმ.
მან აღნიშნა, რომ ამას უდიდესი გავლენა აქვს წყალქვეშა ეკოსისტემებზე, როგორიცაა ტროპიკული და ღრმა ზღვის მარჯნის რიფებიც კი.
pH-ის დონის ვარდნისას კალციფიცირებადი სახეობები, როგორიცაა მარჯნები, ხამანწკები, მიდიები და ზღვის პეპლების სახელით ცნობილი პაწაწინა მოლუსკები, ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დამცავი სტრუქტურები, რაც იწვევს ნიჟარების დასუსტებას, ზრდის შენელებას, რეპროდუქციის შემცირებას და მათ სიკვდილს.
იხილეთ ასევე: