ავტორი:

"როდესაც რუსეთს დასჭირდა, ირანმა მას გადასცა დრონები, ახლა თავად სჭირდება შეიარაღება, თუმცა მოსკოვი თეირანისთვის არაფრის მიმცემი არ არის" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ახლო აღმოსავლეთში?

"როდესაც რუსეთს დასჭირდა, ირანმა მას გადასცა დრონები, ახლა თავად სჭირდება შეიარაღება, თუმცა მოსკოვი თეირანისთვის არაფრის მიმცემი არ არის" - როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ახლო აღმოსავლეთში?

"ეს იყო სრული შოკი, მოულოდნელობა" - ამ ფრაზით გამოეხმაურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის საჰაერო დარტყმებს. ამ ოპერაციამ ახლო აღმოსავლეთში არსებული სტატუს კვო, ფაქტობრივად, მოშალა. ამერიკამ, რომელსაც ბოლო წლებში მსგავსი მასშტაბის სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებია ირანის შიგნით, მიზანში ამოიღო ქვეყნის ყველაზე დაცული ინფრასტრუქტურა - ბირთვული ობიექტები: ფორდო, ნეთენზი, ისპაჰანი. დარტყმები განხორციელდა ღამით, მაღალ სიზუსტეზე გათვლილ ბომბდამშენ B-2-ების მეშვეობით. გამოყენებულ იქნა 13 600- კილოგრამიანი GBU-57 ტიპის, ე.წ. ბუნკერის გამანადგურებელი ბომბები. ამერიკამ დაარტყა იქ, სადაც თეირანი ყველაზე დაუცველად აღმოჩნდა - მიწის ქვეშ, ბირთვული პროგრამის გულში. ირანს ახლა კარგი არჩევანი აღარ აქვს - ან უპასუხოდ უნდა დატოვოს თავდასხმა და ამის გამო შიდა და გარე პოლიტიკურ წნეხში აღმოჩნდეს, ან შეეცადოს საპასუხო მოქმედებები განახორციელოს რამაც, ტრამპის მუქარის გათვალისწინებით, შესაძლოა ახალ მასშტაბური დარტყმები გამოიწვიოს. პროცესების შესაძლო განვითარებაზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

გიორგი კობერიძე:

- როდესაც ამერიკამ სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავებისა და ავიამზიდების გადატანა დაიწყო, მოვლენების განვითარება მხოლოდ ორი სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო: პირველი - ირანზე უნდა განხორციელებულიყო იმდენად დიდი პოლიტიკური ზეწოლა, რომ რეჟიმი თავად წასულიყო კაპიტულანტურ მოლაპარაკებაზე და საფრთხის შემცველ ობიექტებზე დაეშვა ამერიკელი და ებრაელი სპეციალისტები. მეორე ვარიანტი - ეს იქნებოდა იერიში ბირთვულ ობიექტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი პოლიტიკურ ზეწოლაზე უფრო აკეთებდა აქცენტს, მოსალოდნელი იყო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება ან ისრაელისთვის დამატებითი დაბომბვის საშუალებების გადაცემა. თუმცა, პროცესში უშუალოდ ამერიკელების ჩართვა ირანისთვის სრული მოულოდნელობა და შოკი იყო. პრინციპში ეს ქმედება დონალდ ტრამპის ხასიათში ჯდება, იმ გაგებით, რომ ის პოზიციებს ხშირად იცვლის.

ოპერაციის განხორციელების შემდეგ, ტრამპმა ისევ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ირანს. ამ მოლაპარაკებებს კი კარგი სამხედრო ზურგი სჭირდება. საჰაერო თავდასხმა სწორედ სამხედრო ზურგის ჩვენება იყო ირანისთვის. ირანს ახლა მეტი მოტივაცია ექნება იმისათვის, რომ უფრო სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებების საკითხს. დარწმუნებული ვარ, თუ ვაშინგტონში ვერ დაინახეს მოლაპარაკებებისთვის მზაობა, მაშინ შეიძლება ისევ განახორციელონ სამხედრო დარტყმები ან ისრაელს მისცენ საშუალება გააგრძელოს დაბომბვები მანამ, ვიდრე ირანი უკიდურესად არ დასუსტდება ეკონომიკურად და პოლიტიკურად.

- თქვენი ვერსიით, რა გზას აირჩევს ირანი?

- ირანს ახლა ბევრი არჩევანი არ აქვს. ირანელებმა მშვენივრად იციან, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანის დაბომბვა გაგრძელდება. უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში კი საკმაოდ ცუდ პოზიციაში აღმოჩნდება რეჟიმი, რომელიც ისედაც უკვე გვარიანად შერყეულია. ახლა ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია - ისრაელის მხრიდან დარტყმების ფონზე შოკიდან ნელ-ნელა გამოდიოდა რეჟიმი და ახლა ახალი შოკი მიიღო. მას "ჰეზბოლას", ჰუსიტების, ერაყში ზოგიერთი პროირანული რაზმების გააქტიურება კვლავ შეუძლია რეგიონის კიდევ უფრო დესტაბილიზაციის მცდელობისათვის, თუმცა ახლა ისინიც მნიშვნელოვნად სუსტად გამოიყურებიან.

ზოგადად, ტრამპი რომ არაპროგნოზირებადი ლიდერია, ეს მისი დიდი მინუსიც არის და პლუსიც. მოწინააღმდეგეებმა არ იციან რას გააკეთებს, რაც კარგია, თუმცა მოკავშირეებმაც რომ არ იციან, ეგ არის სწორედ ცუდი.

- რამდენად შეიძლება რეალობას შეესაბამებოდეს გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს შესაძლოა ბალისტიკური რაკეტებით დაეხმაროს და ზოგადად, როგორი შეიძლება იყოს ამ დაპირისპირებაში მოსკოვის როლი?

- თქვენ იცით, რომ რუსეთი და ირანი მოკავშირეები არიან, მაგრამ ეს სამხედრო კავშირში არ გადაზრდილა. ხელშეკრულებაში, რომელსაც 17 ინვარს ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლი ღიად ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიქნას კოორდინირებული, ერთიანი სამხედრო კავშირი. იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ბომბდამშენებს გადასცემდა ირანს და მომენტალურად ჩაერთვებოდა ომში, არავის ჰქონდა, თუმცა მას აქვს ერთობლივი წვრთნებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება. როგორც ჩანს, ამაზეც უარი თქვა რუსეთმა. გარდა ამისა, ის რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც რუსეთს უკვე გადაცემული ჰქონდა ირანისთვის ძალიან სუსტი აღმოჩნდა, ფაქტობრივად, მომენტალურად გამოვიდნენ მწყობრიდან. ირანმა, როდესაც რუსეთს დასჭირდა, გადასცა დრონები, მაგრამ ახლა თავად სჭირდება შეიარაღება, თუმცა მოსკოვი ირანისთვის არაფრის მიმცემი არ არის. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას - რუსეთი ცდილობს, ისრაელი არ გადაიმტეროს. მართალია ისრაელი მის მტრებთან ფლირტს არ მიესალმება, მაგრამ ღიად მაინც არ მტრობს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხშიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. თუმცა, თუ მოსკოვი ახლა ირანს დაეხმარება, მაშინ ისრაელიც ცალსახად შეიცვლის პოზიციას.

- რუსეთის მსგავსად, განცხადებები გააკეთეს ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებმა, ერდოღანმა ისიც განაცხადა, რომ ეს აშშ-ს ირანზე თავდასხმა შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოსო...

- ჩინეთი, ირანი და რუსეთი ერთიან ღერძს ქმნიდნენ, ჩრდილოეთ კორეასა და ვენესუელასთან ერთად და აქტიურად თანამშრომლობდნენ, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩინეთი ირანიდან ნავთობს იღებს - ომანისა და სპარსეთის ყურეებს შორის მდებარე ჰორმუზის სრუტიდან გამომავალ და აზიისკენ მიმავალ ნავთობს ძირითადად ჩინეთი იღებს. რაც შეეხება თურქეთს, ამ სახელმწიფოსთვის რეგიონში მიმდინარე პროცესი არანაირად არ არის დამაზიანებელი. მოდით, გულახდილად ვთქვათ, პირიქითაც კი არის - ირანის დასუსტებით, რეგიონში სწორედ თურქეთი ძლიერდება. ერდოღანი თავისი განცხადებებით ცდილობს, ერთის მხრივ ამერიკისგან დისტანცირდეს და მეორეს მხრივ, ირანის დასუსტების შემდეგ, ისრაელის მოწინააღმდეგე ღერძი თავად გახდეს. თურქეთი, რასაკვირველია, ირანის მსგავსად ტერორისტული სახელმწიფო არ არის, მაგრამ აქვს პრეტენზია - გახდეს ერთადერთი მყარი, კარგად შეიარაღებული აქტორი რეგიონში, რომელიც კრიტიკულად იქნება განწყობილი ისრაელის მიმართ. გლობალური ომის საფრთხეს გამოვრიცხავ, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ ირანმა შესაძლოა თავისი მოკავშირეები აიძულოს, პარტიზანული ოპერაციები განახორციელონ ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ. ოღონდ, ეს ვერ გასცდება რეგიონის ფარგლებს. ირანულ რეჟიმს ახლა ისე უჭირს, რომ მისთვის ნომერ პირველი ამოცანა საკუთარი თავის გადარჩენაა.

შესაბამისად, ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ გლობალური მასშტაბის ღონისძიებები განახორციელოს.

იხილეთ ასევე: