დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. მას ბარგში დიდი რაოდენობის - 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს. დაკავებისას ბელა ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მას 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა
19 წლის ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ წარსდგა და აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
“კალის წარმომადგენელმა, ბატონმა მალხაზ სალაყაიამ, განაცხადა, რომ მას გახურებული უთოთი დაემუქრნენ, რათა ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით მგზავრობა აეძულებინათ.
ქალბატონი კალი სასამართლო დარბაზში მოსამართლის წინაშე წარსდგა და მარჯვენა მაჯა აჩვენა, რომელზეც ნაწიბური იყო,“ - წერს BBC.
ბრიტანეთის მოქალაქემ განაცხადა, რომ არასდროს შეხებია იმ ნარკოტიკებს, რომელთა გაყიდვაშიც მას ადანაშაულებენ.
“მე არ მინდოდა ამის გაკეთება - წამების ქვეშ მაიძულებდნენ ამის გაკეთებას. უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ.
უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა, მაგრამ რაღაც ცუდი მოხდა. ნარკოტიკებს არ ვიღებ, როგორც ჩემი სისხლის ანალიზებიდან ხედავთ, სუფთა ვარ. ყოველთვის მინდოდა ჩემ ოჯახს ჩემით ეამაყა,“ - განაცხადა ბელა კალიმ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, კანაფის შემცველი ბარგი აეროპორტში მის გარეშე მიიტანეს და თვითმფრინავის საბარგულში მოათავსეს.
“ბატონმა სალაყაიამ, რომელიც ინგლისურად არ საუბრობს და არასრულწლოვანთა სამართალში სპეციალიზებულია, განაცხადა, რომ მოზარდმა არ იცოდა, რა იდო ჩემოდანში. სასამართლოსადმი მიმართვისას ბატონმა სალაყაიამ განაცხადა, რომ მოზარდმა ტაილანდში საბაჟოს თანამშრომლების ინფორმირება სცადა, „მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება“,“ - წერს მედია.
სალაყაიას თქმით, ბელა პოლიციელთან მივიდა, რათა მისთვის ხელზე დამწვრობა ეჩვენებინა, მაგრამ მან სხვა ოფიცერთან მიიყვანა, რომელიც ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდის წევრი აღმოჩნდა.
“მისი ემოციური მდგომარეობა სრულად ადასტურებს, რომ ის იძულებული იყო, მინდა ვთხოვო, სასამართლოს აჩვენოს თავისი ხელი, რომელზეც დამწვრობა ჩანს. ეს ნაწიბური მანამ გაჩნდა, სანამ ის ბარგით „შეიარაღდებოდა“, რომელსაც არც კი შეხებია...
ტაილანდიდან შარჯაში, შარჯადან ტაილანდში - ეს ბარგი სხვა პირს გადაჰქონდა. მას მხოლოდ პასპორტი მისცეს და უთხრეს, რომ იქით წასულიყო. მან ამის შესახებ პასპორტის კონტროლზე განაცხადა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. წარმოდგენაც არ აქვს, გეოგრაფიულად სად მდებარეობს - ეგონა, რომ თბილისი ქვეყანა იყო.
მას ფოტოსურათი მისცეს და უთხრეს, რომ შეენახა და მოგვიანებით გარკვეული ადამიანები ნახავდნენ მას. ეს შეხვედრა არ შედგა, რადგან გოგონა დაკავებული იყო.
არასდროს მიუღია ნარკოტიკები და საქართველოში ჩასვლისას პოლიციის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ის სიმართლეს ამბობდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც მედია წერს, სასამართლოში ბოლო გამოცხადებისას ბრალდებულის მუცელი შესამჩნევად დიდი იყო. ასევე გაირკვა, რომ მისი ბავშვის მამა ბრიტანეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ბელა მეი კალი თბილისის აეროპორტში, 10 მაისს დააკავეს. შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე "მარიხუანა" და 2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. ახლა მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, სადაც ექიმები მისი განცხადებების სისწორეს დაადგენენ.
სანამ ოჯახისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ 18 წლის ბელა, საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაიჭირეს, ტაილანდში გაუჩინარდა და ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. მანამდე კი ბაბუას უთხრა, რომ ფილიპინებში ბიჭის სანახავად მიემგზავრებოდა.
იხილეთ ასევე: