ეკონომიკის ექსპერტს, ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ საერთაშორისო რეიტინგები ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს, რის მიხედვითაც პრიორიტეტები განისაზღვრება.
"ის მეთოდიკა, რა მეთოდიკასაც ესა თუ ის სარეიტინგო კომპანია იყენებს, ძალიან განსხავავდება რეალობისგან, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში და სფეროებშია. რეიტინები, როგორც წესი, ეფუძნება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. სარეიტინგო კომპანიები პირდაპირ ზონდირებულ შემოწმებას ქვეყანაში არ ახდენენ, მაგალითად, როგორიცაა მონიტორინგის ჯგუფის გამოგზავნა და ბაზარზე მიმდინარე მოვლენების კვლევა. Fitch-იც და სხვა სარეიტინგო კომპანიებიც ოფიციალურ მონაცემს იღებენ და შესაბამისად ამ "მონაცემის ფორმულებში ჩასმით" გამოდის კოეფიციენტი, რომელსაც შეესაბამება კონკრეტული რეიტინგი. საქართველოს ბოლო დროინდელი ოფიციალური ეკონომიკური პარამეტრები უმჯობესდება, მაგრამ ეს არ არის ის სურათი, რაც რეალურად ქართულ ეკონომიკაშია", - განუცხადა "ინტერპრენიუსს" ლევან კალანდაძემ.
ექსპერტის თქმით, დღეს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ახალი ტერმინი გაჩნდა - "ზრდა განვითარების გარეშე".
"ეს არის სწორედ ის, რაც საქართველოში ხდება", - მიაჩნია კალანდაძეს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურება საქართველოს რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია.
"რეიტინგები არ არის მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვის, ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით. რეიტინგი უფრო მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომელმაც რეიტინგებში პოზიციონირებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, გამოავლინოს სუსტი წერტილები, მოახდინოს პრიორიტეტების გადახედვა და სტრატეგიის ჩამოალიბება, როგორ იხელმძღვანელოს დროის გარკვეულ პერიოდში", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა, საქართველოს, სუვერენული რეიტინგის პროგნოზი - "სტაბილური" - "პოზიტიურით" შეუცვალა.