დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. მას ბარგში დიდი რაოდენობის - 12 კილოგრამამდე "მარიხუანა“ და 2 კილოგრამი "ჰაშიში“ აღმოუჩინეს. დაკავებისას ბელა ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მას 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა
დაკავებული თინეიჯერის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბელას ადვოკატი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ბრიტანულ მხარეს კომუნიკაცია აქვს 19 წლის გოგონას ოჯახთან, თუმცა საელჩოს წარმომადგენელი დაკავებულთან ვიზიტით ციხეში მხოლოდ ერთხელ, 16 მაისს იმყოფებოდა.
ბელა კალი რუსთავის მე-5 ციხეშია მოთავსებული. ის 10 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თინეიჯერი შარჯადან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ჩამოფრინდა.
საქართველოს პოლიციის ცნობით, ოფიცრებმა მისი ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. კერძოდ, 12 კგ მარიხუანა და 2 კგ ჰაშიში.
ივლისში გამართულ მოსმენაზე გოგონამ თქვა, რომ უდანაშაულოა და განაცხადა, რომ "წამების შედეგად აიძულეს ამის გაკეთება“.
"მე უბრალოდ მოგზაურობა მინდოდა,“ - თქვა მან. "მე კარგი ადამიანი ვარ. უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. სუფთა ვარ. ნარკოტიკებს არ ვიღებ“.