აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, გამოქვეყნდეს ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა. ეპშტეინი - მსჯავრდადებული პედოფილი, ფინანსისტი დონალდ ტრამპის მეგობარი იყო, რომელთანაც, პრეზიდენტის თქმით, 2000-იანების დასაწყისში გაწყვიტა კავშირი, ანუ ეპშტეინის პირველი დაპატიმრებიდან ორი წლით ადრე. მალევე
სენატმა კანონპროექტი განხილვის გარეშე დაამტკიცა.
წარმომადგენელთა პალატაში ინიციატივას მხარი დაუჭირა ორივე პარტიის 427 კონგრესმენმა; წინააღმდეგ მხოლოდ ერთი წავიდა.
კანონპროექტი სახელწოდებით "ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის კანონი“ (Epstein Files Transparency Act) ორპარტიული ინიციატივით იქნა წარდგენილი.

ამის შემდეგ სენატის დემოკრატთა ლიდერმა ჩაკ შუმერმა შესთავაზა, დოკუმენტი ერთხმად, განხილვის გარეშე მიეღოთ. სენატორებს აზრი არ გამოუთქვამთ, რის შედეგადაც კანონპროექტი მიღებულად გამოცხადდა. ახლა ის ტრამპს ეგზავნება ხელმოსაწერად - პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს.
თუ პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს, ან თუ კონგრესი ვეტოს დაძლევს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს ყველა უკვე არასაიდუმლო მასალა, დოკუმენტი, მიმოწერა და გამოძიების მონაცემი.
გასულ უქმეებზე დონალდ ტრამპმა მოუწოდა რესპუბლიკელ კონგრესმენებს, მხარი დაეჭირათ კანონისთვის და განაცხადა, რომ "დასამალი არაფერი აქვს“.
თუმცა პრეზიდენტს უკვე გააჩნია უფლებამოსილება, ადმინისტრაციის ნებისმიერი დოკუმენტი გამოაქვეყნოს; სპეციალური კანონის მიღება ამისთვის აუცილებელი არ არის - ინიციატორებმა იგი მაინც შეიმუშავეს იმისთვის, რომ ტრამპი აიძულონ გაასაჯაროოს ეს დოკუმენტები.
მიუხედავად ამისა, დემოკრატმა კონგრესმენმა რობერტ გარსიამ, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი "პანიკაშია და ცდილობს შეაჩეროს ჩვენი გამოძიება“.
გასულ კვირას დემოკრატმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს სამი ელექტრონული მიმოწერის ჯაჭვი, მათ შორის ეპშტეინსა და მის გრძელვადიან პარტნიორ გისლეინ მაქსველს შორის, რომელიც ამჟამად 20-წლიან სასჯელს იხდის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობისთვის. წერილებში ტრამპიც არის მოხსენებული, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის რაიმე დანაშაულთან იყო დაკავშირებული.
გასულ კვირას, ტრამპი და მისი კავშირები ეპშტეინთან კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა დოკუმენტის 20 000-ზე მეტი გვერდი დოკუმენტი, რომლის ნაწილში პრეზიდენტიც იყო ნახსენები. ამ ფაილებში ეპშტეინი ამტკიცებდა, რომ დონალდ ბატონი ტრამპი მის სახლში საათობით ატარებდა დროს. თუმცა თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ უარყო აღნიშნული.
ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. მან ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
იხილეთ ასევე: