ავტორი:

"ტაძარში მსახურებისასაც მავანთა სამიზნე იყო, არასდროს იღებდა თანხას არც ნათლობაში, არც ჯვრისწერაში... ამიტომ არ მოსწონდათ" - რას ჰყვება მრევლის წევრი ბერ ნიკოლოზზე?

"ტაძარში მსახურებისასაც მავანთა სამიზნე იყო, არასდროს იღებდა თანხას არც ნათლობაში, არც ჯვრისწერაში... ამიტომ არ მოსწონდათ" - რას ჰყვება მრევლის წევრი ბერ ნიკოლოზზე?

19 აპრილს ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) მაქარაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდმივად იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდუმარე ბერი რამდენიმე დღეა ბინაში იმყოფებოდა და ბოლოს კომუნიკაცია მრევლთან 9 აპრილს ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც ამბობენ, ბოლო დროს ბერ ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მასთან ექიმიც მიიყვანეს, თუმცა კართან მოდარაჯე მრევლმა ის ბინაში არ შეუშვა _ თვითმხილველების თქმით, მიმდინარე წლის 9 აპრილს, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ ადგილზე მისულ ბერის მეგობარს მალხაზ ჯინორიას, რომელმაც უძლურებაში მყოფ ბერ ნიკოლოზთან ექიმი მიიყვანა.

ambebi.ge ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) მრევლის წევრ მაიკოს ესაუბრა:

"მამა ნიკოლოზის მრევლი ვარ (ოღონდ, ფანატიკოსთა რიცხვს არ მივეკუთვნები), მას რამდენჯერმე შევხვდი. იქაური სიტუაცია არ მომწონდა, შესაბამისად, მასთან სისტემატურად არ დავდიოდი. ბერთან საჭირო დროს აღმოვჩნდი, ეს შემთხვევითი არ ყოფილა - დედა გარდამეცვალა და უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი, მაშინ მივედი პირველად მამა ნიკოლოზთან, მანამდე თვალით არ მყავდა ნანახი. ნუგეში მჭირდებოდა და მან მიმახვედრა, რომ ცხოვრება დედამიწაზე არ სრულდება და სადღაც გრძელდება (იმხანად, ბერი ზესტაფონის ქუჩაზე ცხოვრობდა. მეორედ მაშინ ვნახე, როდესაც გამრეკელის ქუჩაზე, ნუცუბიძეზე გადავიდა, ფონიჭალაშიც მყავს ნანახი).. როგორც კი კარი გამოაღო, თავი დავუქნიე, არაფერი მითქვამს, მან კი ჟესტიკულაციით მიმანიშნა, ხელი მაღლა ასწია და ცერი მიჩვენა და უკან შებრუნდა. ხმა არ ამომიღია, მასთან არ მისაუბრია. სახარებაში წერია, რომ ვეძებოთ ის ადამიანი, ვინც ჩვენს გულთან ახლოს მოვა. ეს ადამიანი მოვიდა ჩემს გულთან, ის ძალიან თავმდაბალი და უბრალო იყო, თავს რომ დაუხრიდი, თავადაც მეტანიას აკეთებდა. მამა ნიკოლოზს ძალიან მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება, როგორც ვიცი და როგორც ბინის პატრონებიც ამბობდნენ (ვისაც ის სიტუაცია აქვს ნანახი), ის ელექტროენერგიასაც არ მოიხმარდა, ტელეფონზე და სხვა ფუფუნების საგნებზე ხომ საერთოდ არაა საუბარი. ძალიან ნაწვალები და ტანჯული ადამიანი იყო და ბევრჯერ გახდა დაცინვის ობიექტი, რაც დიდი მკრეხელობა მგონია.

ჩვენ დიდი მაგალითი გვაქვს მამა გაბრიელის სახით და ბერი ნიკოლოზი მისი გზის გამგრძელებელი გახლდათ. მას დაწერილი აქვს, მე რომ ვთხოვო უფალს, აუცილებლად მოახდენს ისეთ სასწაულს, რომ ყველა მაღიარებს, მაგრამ ველოდები თითოეული ადამიანის ფერისცვალებასო. მის კართან მყოფებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ცუდად წარმოეჩინათ მამა ნიკოლოზი, თუმცა მათ გამო ვერ ვიტყვით იმას, რომ ღმერთი არ გვწამს. მრევლში კარგებიც დგანან და ცუდებიც, ბევრის საქციელი ძალიან არ მომწონდა, არ იყო ლამაზი, რაც იქ ხდებოდა და ამაზე გული ძალიან მტკიოდა. ბერი არავის არ აძალებდა სწორად მოქცევას, როგორც უფალი არ გვიშლის ხელს ისე ვიცხოვროთ, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ. როგორც ისინი იქცეოდნენ, ეს მათ აკნინებთ, რა შუაშია ბერი ნიკოლოზი, ის ხომ მდუმარებაში იყო და არავის არაფერს აიძულებდა, არავის აღიზიანებდა. ის სალოსი იყო და მისი გაგება - რთული. კოვიდის დროს გამოიტანა და ვაიმე, საწყალს საპონი არ აქვს, მიუტანეთო - მრევლმა. ცოტა ხანში ექიმებისგან მივიღეთ რეკომენდაციები ხელის მრავალჯერადად დაბანაზე. ასევე, ბერმა გამოიტანა "კორონა“ შოკოლადი და ხალხი ვერ მიხვდა, რა დანიშნულება ჰქონდა, მიუტანეთ ამ კაცს ტკბილეულიო, იხვეწებოდნენ. ცოტა ხანში მივიღეთ პანდემია კორონას სახით. ძალიან ბევრი სალოსური მინიშნებები ჰქონდა ბერს, რასაც იმწუთას ვერ ვხვდებოდით, მერე დასტურდებოდა.

ჩემი აზრით, მისი არგამოჩენა, ჩაკეტვა აღდგომის მძიმე მარხვას უკავშირდებოდა. ბერი ისედაც შიმშილობდა და როგორც წერდა, მას მისი მოძღვრისგან - ბერი გაბრიელისგან ჰქონდა ამის კურთხევა. დარწმუნებული ვარ, აღდგომის მარხვა კიდევ უფრო მძიმედ შეინახა - მხოლოდ წყალზე გადაიარა, სავარაუდოდ, ძალიან დაუძლურდა, დასუსტდა, თან ავადობდა და, სამწუხაროდ, ვეღარ გადაიტანა...

გამორიცხულია, თავი მოეკლა ადამიანს, რომელიც ამდენი წელი მდუმარებაში იყო, მისი მოძღვრისგან შიმშილობის კურთხევა ჰქონდა და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა. მგონია, საქმე იქით მიდის, რომ ეს თვითმკვლელობად გამოაცხადონ და მას წესი არ აუგონ. გახსოვთ, მამა გაბრიელმაც არაფრით გაიკარა ექიმები, ოპერაცია არ გაიკეთა. მამა ნიკოლოზიც ანალოგიურად მოიქცა და აღესრულა. მას ისეთი მრევლი ჰყავს, ერთი რომ დაეწერა, მკურნალობა მჭირდებაო, წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი გაერთიანდებოდა მის გარშემო? ვფიქრობ, მან საერთოდ არ იზრუნა მის ჯანმრთელობაზე. ის აკეთებდა ჩანაწერებს და გარეთ გამოჰქონდა, ამბობდა, რომ ეკლესიაზე დიდი სიწმინდე არ არსებობს დედამიწის ზურგზე, რომ სიწმინდე უნდა ვეძებოთ ადამიანებმა ტაძრებში, ნურც მღვდლებს განვიკითხავთ, ვინაიდან არავინ ვიცით, ვის რატომ ჩააცვა ღმერთმა ანაფორაო.

ვფიქრობ, რაღაცნაირად არ უნდათ, წესი აუგონ და საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრეს. წარმოიდგინეთ, ამდენ ხანს ჩვენი სიცოცხლისა და კარგად ყოფნისთვის იტანჯა, ადამიანს საწოლიც არ ჰქონდა (ამას დაადასტურებს ყველა იმ ბინის მფლობელი, ვის ბინებშიც აქამდე ცხოვრობდა), პირველი, რაც მას ბინიდან გამოჰქონდა, იყო საწოლი. ბერს ტანჯვაში აქვს გალეული მთელი ეს წლები, რამდენი ღამე აქვს სანთლის შუქზე გატარებული, ჩანაწერებში წერდა, არ მაქვს, შუქი, არ მაქვს წყალიო... ფანრის მეშვეობით გადაადგილდებოდა, ბევრი აქვს ნალოცი იმისთვის, რომ ჩვენ დავახლოებოდით უფალს, მოგვიწოდებდა, სიცოცხლეს გავუფრთხილდეთო და ეს ადამიანი სიცოცხლეს არ მოისპობდა. იმედს ვიტოვებ, ბოროტად არ მოექცევიან, მსგავს დასკვნებს არ იკადრებენ და წესს აუგებენ, ვინ ვინ და, ის ნამდვილად იმსახურებს ამას.

მამა ნიკოლოზი სვეტიცხოვლის მრევლსაც კარგად ახსოვს - ტაძარში მსახურებისასაც მავანთა სამიზნე იყო , რადგან არასდროს იღებდა თანხას არც ნათლობაში, არც ჯვრისწერაში და ამიტომ არ მოსწონდათ, ამიტომ იყო გარიყული. მან მისი მოძღვრის კურთხევა არ დაარღვია, ჩანაწერებში აქვს, რომ დღემდე მამა გაბრიელის კურთხევას ასრულებდა, ამიტომ არ იღებდა საკვებს, იყო მდუმარებაში და ა.შ. მხოლოდ თაფლსა და წყალს იღებდა. ახლა ვფიქრობ, მხოლოდ წყალზე გადაივლიდა. 5-6-ჯერ მყავს ნანახი და მისი თვალებიდან საოცარი სითბო და სიყვარული მოდიოდა, ბევრი ამბობდა და მეც გავიმეორებ - კი, ის ნამდვილად ახდენდა სულიერ ფერისცვალებას ადამიანებში, დღე და ღამე ლოცულობდა საქართველოზე, ადამიანებზე, ის ქრისტესთვის იტანჯა. ჩემი ოჯახის წევრი ამ დღეებში მიდიოდა მის ბინასთან, საიდანაც ჩამიჩუმი არ ისმოდა. მას ისეთი მრევლი ჰყავს, რომ დასცდენოდა, ერთხელ დაეწერა, ბინა მიყიდეთო, სადაც მოინდომებდა, 2 დღეში ექნებოდა. ის ბინებს ქირით თვითონ ირჩევდა, შემთხვევით არც ერთ ლოკაციაზე არ მიდიოდა. ადრე ზესტაფონის ქუჩაზე ცხოვრობდა, მინიშნებებს წერდა და ცოტა ხანში ის საცხოვრებლად საშიში გამოდგა და იმ კორპუსის მოსახლეობას დააცლევინეს კიდეც ბინები. ბერი ნიკოლოზი შემთხვევით არაფერს არ ირჩევდა, მის ფენომენს ვერავინ ამოხსნის...

იხილეთ ასევე: