ბერი ნიკოლოზის (ნიკოლოზ მაქარაშვილის) გარდაცვალების შემდეგ, მრევლი საპატრიარქოსგან გადაწყვეტილების მოლოდინშია. მისი მიმდევრები ითხოვენ, რომ გარდაცვლილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ან სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალონ.
"დაკრძალვა ზუსტად არ ვიცით როდის არის, მაგრამ ველოდებით. საპატრიარქოში ვთხოვეთ ასეთი რაღაც, რომ იქნებ მცხეთაში დავასაფლავოთ მამა ნიკოლოზი. იქ მსახურობდა სვეტიცხოველში ან სვეტიცხოვლის ეზოში ან სამთავროში. რა თქმა უნდა, საპატრიარქო თუ ინებებს ამას, მამა გაბრიელიც, მისი მოძღვარიც იქ არის დასაფლავებული სამთავროს მონასტერში და ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევდა მამა ნიკოლოზი, როგორც რელიგიურ უდიდეს ცენტრს საქართველოში.“ - აცხადებენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. ამ ფაქტს ხმაურიანი დაპირისპირება მოჰყვა - სახლთან შეკრებილი მრევლი შენობაში შესვლას ითხოვდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ამას სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამ წუთებში მრევლი იმ სარიტუალო სახლთან იკრიბება, სადაც ბერია დასვენებული და საპატრიარქოს საბოლოო პასუხს ელოდება.