მალხაზ ჯინორია ბერი ნიკოლოზ (ნარიმანის) მაქარაშვილის მეგობარი და სულიერი შვილია. ეს ის ადამიანია, ვინც ბერს ექიმი მიუყვანა, მის ბინასთან მოდარაჯე აგრესიულმა ადამიანებმა კი ორივეს იქაურობა დაატოვებინეს შეძახილებით: "ღმერთს რად უნდა მკურნალობა, იქით უმკურნალებს ექიმს!" ჯინორია მეგობრის ამბის გასაგებად მეორედ გუშინ მივიდა და ვინაიდან მისი ვერა გაიგო რა, ბინის მეპატრონესთან ერთად სამაშველოს და პატრულის გამოძახება გადაწყვიტა. ადგილზე შესულებს სკამზე სამუდამოდ მიძინებული ბერი დახვდათ...
ambebi.ge-ს მალხაზ ჯინორია უყვება:
- ბერი ნიკოლოზი ძალიან მენდობოდა, ფაქტობრივად, მისი ოჯახის წევრი ვიყავი. რამდენჯერაც მივსულვარ, ყოველთვის მიღებდა კარს, ამათ - არა, ეს არის ჩამოყალიბებული სექტა, ბერს ხან ღმერთს უძახდნენ, ხან - რას... მე და მამა ნიკოლოზს სხვა საუბრები გვქონდა, ის ბოლო ხანებში არ ლაპარაკობდა და მიწერდა - ესენი არ არიან კარგად, ეს სექტააო. ვეუბნებოდი, მაშინ გაუშვი, რატომ არ უშვებ-მეთქი და დამაცადე, ამათ მე მოვუვლი, ნახავ, ბოლოს რას ვუზამო. ეტყობა, ახლა რაც მოხდა, ამით გაფანტა ეს შეპყრობილები. ესენი არიან მკვლელები, როგორ შეიძლება ექიმი არ შეუშვა ადამიანთან? ადგილზე როცა მივედი ექიმთან ერთად, მეუბნებოდნენ, ღმერთს ექიმი და ნემსი რად უნდა, იქით უმკურნალებს, არ გააკარო ექიმიო.
მამა ნიკოლოზი მიყვარდა როგორც მოძღვარი, თორემ არასდროს გამიღმერთებია, თუ რამე ჭირდებოდა, მივდიოდი და ადამიანურად ვეხმარებოდი. თვეში ერთხელ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოდიოდა ჩემი ნათესავი, დასავლეთ საქართველოში წამყვანი კარდიოქირურგი შოთა ქარჩავა. მამა ნიკოლოზი მას პატივს სცემდა, ექიმს მისგან კურთხევა ჰქონდა და ნახულობდა. მამა ნიკოლოზთან თვეში ერთხელ მივდიოდით მე და შოთა.
ფეხები ჰქონდა დასიებული, 3-4 დაავადება ჰქონდა, შოთა მას მკურნალობდა და 2 კვირაში ფეხზე აყენებდა ხოლმე. მერე გულის პრობლემაც დაერთო, ექიმმა შესთავაზა, ჩემთან წაგიყვან საავადმყოფოში და გიმკურნალებო. ბერი არ გაჰყვა, - კარგი, მაგრამ ჯერ არა, ვნახოთო. ადრე ვუთხარი, ამ ხალხს რატომ არ უშვებ აქედან-მეთქია, რაზეც მიპასუხა ქრისტემ ხომ არ გაყარა ხალხი და მე რა ვქნა, ცოდოები არიანო. ღმერთად გაღიარებენ-მეთქი და - მაშინ, არ არიან კარგადო. ამდენი ავადმყოფი ერთად შეკრებილი სად გინახავთ? ეტყობა ბერი მათ აკავებდა, საშიშები არიან, უკონტროლოები, ჯერ როგორი აგრესია აქვთ, წყევლა-კრულვა - იცოცხლეთ, იციან.
ამჯერად 9 აპრილს დაემთხვა შოთას თბილისში ჩამოსვლა (მამა ჰყავს ცუდად) და ვუთხარი, 6 აპრილის ვიდეო ვნახე, მამაო ცუდად დადის, კურთხევა გაქვს და წავიდეთ, ვნახოთ-მეთქი. 9 აპრილს წავედით, დამხვდა 5 ნასვამი ბიჭი, ლუდის სუნად ყარდნენ. მათ შენიშვნა მივეცი და იქით ამიშარდნენ, ექიმი რომ მივიყვანე (დიდი ხუთშაბათის საღამოა, წითელი პარასკები იწყებოდა), საღამოს რატომ მოგყავს, შუადღეს მოგეყვანაო. არადა, მამაოსთან ყოველთვის საღამოს მივდიოდით და გვიშვებდა ხოლმე, თვითონ ხომ გვეტყოდა, არ მოხვიდეთო? იქნებ ცუდად არის-მეთქი და ის ღმერთია, რად უნდა მაგას ექიმი, იქით უმკურნალებს, მამაოს ნემსი არ სჭირდება, ექიმი და ნემსი არ გააკაროთო, - მიპასუხეს. დავუძახე მამა ნიკოლოზს და ხმა არ გამცა. იქნებ, ცუდად არის და უჭირს-მეთქი და მითხრეს, არ არის ცუდად, ოთახში გადი-გამოდის და პარკების შრაშუნის ხმა ისმოდაო. მე იმაში მოვტყუვდი, მათ რომ დავუჯერე. გუშინ გავიგე სიმართლე, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ თურმე, ჯინორიას არ უთხრათ ჩამი-ჩუმი რომ არ ისმოდა, კარს შეანგრევსო. მაშინ ამიტომ არ დავუძახე სასწრაფოს და არც პატრულს, კაცმა მითხრა, დადიოდაო.
მეორედ მაშინ მივედი, როცა ითქვა, 5 დღეა, ბერის ხმა არ ისმისო, უკვე შევშინდი და გუშინ მივედი, სექტას ვუთხარი, არ მაინტერესებს, თუ ახლაც არ მიპასუხა, ეს კარი უნდა გაიღოს-მეთქი. მამა ნიკოლოზმა ხმა რომ არ გამცა, ბინის პატრონთან ერთად გადავწყვიტეთ და საპატრულოს და სამაშველოს გამოვუძახეთ. ასე შევედით ბინაში. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, კიდევ ვერ გავიგებდით მის ამბავს.
კიდევ კარგი, ვიდეო ჩაწერეს და მათი სახე გამოჩნდა, ეს მათი სამხილია სწორედ. მამაომაც თავი გადადო... დაახლოებით 20 წლის წინანდელი მამა ნიკოლოზის ერთწუთიანი აუდიო ჩანაწერი მაქვს (სანამ მდუმარებაში გადავიდოდა), მეუბნება - ჩემი ლაპარაკი მოგენატრება, ჩაწერე, ბოლოს მე გამაღმერთებე... ერთადერთი უღალატო ღმერთია და მე მათ (სექტას) ვუღალატებ, რათა დავანახო, ერთადერთი ქრისტე რომააო. მაშინ ვერა, ამას ახლა მივხვდი, რა მითხრა. ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს მათზე, სექტაა, სექტაში ვცხოვრობ, მეცოდება ისინი და მათ თვითონ მოვუვლიო. ვიფიქრე, ალბათ გაყრის-მეთქი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. სამჯერ ვთხოვე, გაყარე, ხალხს მოვიყვან და მე თვითონ გავყრი, რა პრობლემაა-მეთქი. მე იცით რას დავაკვირდი? ეს ხალხი მან ერთად შეკრიბა, ყველა ერთად ჰყავდა შეყრილი, ვისი ნახვაც მოგინდებოდა, მიხვიდოდი და ყველას იქ ნახავდი. საზოგადოებამ ეს ვერ გაიგო და ბერი გიჟად ჩათვალა.
მამა ნიკოლოზთან 1992 წლიდან მაქვს ურთიერთობა, ის მაშინ ჩემი მოძღვარი იყო (სვეტიცხოველშიც იყო, სამთავროს მონასტერშიც და ოლღას (ეკატერინეს) მონასტერში იყო მღვდელი, იქ ატარებდა წირვას და მერე მივდიოდით მამა გაბრიელთან). როცა აღსარებას ვეუბნებოდით, ის ტიროდა ჩვენს მაგივრად, ისე განიცდიდა ამ ყველაფერს, ეს როგორ დამავიწყდება? ჩვენ მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა, რა ღმერთი, საიდან მოიტანეს? ეს ადამიანი სულ სხვა იყო პირად ურთიერთობაში და სულ სხვა - იქ შეკრებილ ხალხთან. ამათ სათავისოდ უნდოდათ მამა ნიკოლოზი, ერთმა სექტანტმა ერთხელ ასე უთხრა, ნეტა იმ დროს, თქვენ რომ სვეტიცხოველში დაბრძანდებით და ჩვენ, დაცვის ბიჭები ჯიპებით რომ შემოვალთო. მართლა საცოდაობაა... მათ მართლა ეგონათ, მეფე იქნებოდა, თუ პატრიარქი, სათავისოდ უნდოდათ, ის კი არა, ეფიქრათ, რა აწუხებდა, რა სტკიოდა... წარმოიდგინეთ, დღესაც ელოდებიან, რომ ის აღდგება, რა ეშველებათ, არ ვიცი...
მამა ნიკოლოზი როცა რამე სისულელეს წერდა, იქვე მის საწინააღმდეგოსაც წერდა. კარგს რომ წერდა, ის რატომ ვერ გაიგეს? პატრიარქს ებრძოდაო, რომ ამბობენ, ბოლოს მე გამაგზავნა პატრიარქთან, რას იტყვის ჩემთვის მღვდლობის დაბრუნებაზეო. მანვე დაგვიწერა, ილია მეორის გვერდით ვდგავარო.
ბოლო დროს მართლა ცუდად იყო, ჰქონდა უკმარისობა, მძიმედ დადიოდა, სახეზეც დასუსტებული იყო, საჭმელს საერთოდ არ იღებდა, უკვე პრობლემები ჰქონდა. ის ექიმი, რომელიც არ შეუშვეს, ყველა მისვლაზე მას ფეხზე აყენებდა, ნეტა საავადმყოფოზე დათანხმებულიყო.
ექიმებმა გუშინ თქვეს, მამა ნიკოლოზი დაახლოებით ორი დღის გარდაცვლილიაო. როცა შევედი, გარდაცვლილი სკამზე დამხვდა, თითქოს ეძინა... წარმოიდგინეთ, 30 წელი საწოლი რა არის, არ იცოდა, სულ სკამზე იჯდა და ისე ეძინა.
სულ იმას ამბობდა, სადაც სიყვარული არ არის, იქ ჯოჯოხეთიაო. ბოლოს დამიწერა, ჩემთვის მთავარი ავტორიტეტი არის 7 მსოფლიო კრება და ეკლესიის დადგენილებაო. ამას რატომ არ აფრიალებენ? პატრიარქის მტრად რომ გამოიყვანეს, პატრიარქმა არ აღუდგინა მღვდლობაო, ამან თვითონ აირჩია ეს გზა, რა შუაშია პატრიარქი?! პატრიარქი თანახმა იყო მისთვის მღვდლობა დაებრუნებინა, რითაც ბერი ძალიან გახარებული იყო, ამბობდა, აწი ვიტყვი, როდის მივალო. გარედან ჩანს, რომ პატრიარქი და მამა ნიკოლოზი დაპირისპირებული იყვნენ, თორემ მე ხომ ვიცი, შიგნით რა ხდებოდა? მამა ნიკოლოზს ჩემთან სხვა ურთიერთობა ჰქონდა, სექტანტებთან - სხვა. ახლა ამბობენ, ღმერთობის ამბიცია ჰქონდაო, რა სისულელეა, მსგავსი არაფერი ყოფილა, ეგ რომ ეთქვა, მასთან რაღა გამაჩერებდა? საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, მაგრამ რა თვითმკვლელობა, ეს რა შეურაცხყოფაა ბერისთვის?! ძალიან ვნერვიულობ..."
იხილეთ ასევე: