ავტორი:

“შეგრძნება მაქვს, რომ პატრიარქი ცოცხალია, სიონშიც, ხალხსაც ასეთი შეგრძნება აქვს - ყველა იგრძნობს მის შეწევნას“ - კახა მიქიაშვილის პირველი შეხვედრა პატრიარქთან, მსახიობის კარიერა და ოჯახი “სახალხო ინტერვიუში“

“შეგრძნება მაქვს, რომ პატრიარქი ცოცხალია, სიონშიც, ხალხსაც ასეთი შეგრძნება აქვს - ყველა იგრძნობს მის შეწევნას“ - კახა მიქიაშვილის პირველი შეხვედრა პატრიარქთან, მსახიობის კარიერა და ოჯახი “სახალხო ინტერვიუში“

“მოგესალმებით მე ვარ კახა მიქიაშვილი, მსახიობი, ტელე-რადიო წამყვანი. სულ ეს არის მოკლედ, რაც შემიძლია ჩემზე ვთქვა“ - ასე დაიწყო Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუ“ მორიგ სტუმართან, კახა მიქიაშვილთან, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სტიქაროსანი იყო. მსახიობმა მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო “სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ნინი:

- კახა, მოგესალმებით. მსახიობობა როდის, რატომ, ვისი თუ რისი გავლენით გადაწყვიტეთ?

- ბავშვობიდან, როცა მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო? რატომღაც მსახიობი-თქო, ამას ვამბობდი. ოღონდ, სანათესავოში, ოჯახში მსახიობი არავინ მყოლია, თეატრშიც უკვე მოზრდილი მივედი, არავის გავლენის ქვეშ მოვხვედრილვარ. შესაძლოა მაინც იმან განაპირობა, რომ ბებია მზრდიდა და ჩემს საყვარელ რაჭაში დავყავდი, ბევრი ლექსი ვიცოდი და ლექსებს მაკითხებდნენ. შემოვდგებოდი სკამზე და ვკითხულობდი. ეტყობა, ეს პოპულარული ბავშვობა მომწონდა და შეიძლება ამანაც იმოქმედა... მოკლედ, არ ვიცი. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს არ ჩამიბარებია, ერთი წელი ვიფიქრე. როცა გადავწყვიტე და “თეატრალურში“ ჩავაბარე, მივხვდი, რომ მე სხვა რამე მინდოდა და იქ სხვა რაღაც ხდებოდა. ყველაფერი უფრო მარტივად წარმომედგინა. მეგონა, რომ ჩააბარებდი, კინოში გადაგიღებენ, პოპულარული გახდები... თან ჩემი სტუდენტობა 90-იან წლებს დაემთხვა, მაგრამ ძალიან მომეწონა, სადაც მოვხვდი. ეს ჩემი გენიალური პედაგოგის ბატონი შალვა გაწერელიას დამსახურებაა. მას მერე ვარ ამ პროფესიაში და სხვაგან წასვლა არც მიფიქრია. მსახიობობა ჩემი ცხოვრების ნაწილია თუ ცხოვრება, უკვე აღარ ვიცი. ბევრი მსახიობისგან მოისმენდით ცნობილ ფრაზას, რომ თეატრი მეორე ოჯახია. ჩემი კოლეგები და თეატრის თანამშრომლები უფრო ხშირად მხედავენ, ვიდრე ოჯახის წევრები. ეს არის ჩემი ყოფა, ჩემი ფიქრი, ჩემი პროფესია და ჩემი მუდმივი განვითარება.

კახა მიქიაშვილი და მისი პედაგოგი შალვა გაწერელია

თინა:

- თეატრი, სცენა, სპექტაკლი, კულისები - რა არის თქვენთვის?

- ეს არის ის, რაც მე ვარ და ეს ყველაზე კარგად აქ წარმოჩინდება. წარმოჩინდება სცენაზე გმირების სახით, კულისებში, საგრიმიოროში. ძალიან მარტივია ყველაფერი, რენტგენივითაა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ... იქ ვერავინ ვერაფერს ვერ დავმალავთ... ამიტომ ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხანდახან მტკივნეული და დამღლელიც... შეიძლება გვიფიქრია, რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ მაინც ისეა, რომ ვერ ელევი... გიზიდავს. თეატრს ეს აქვს. ამას მარტო თეატრის ხალხი ხვდება. რაღაც აუხსნელი რამაა. ერთხელ თუ ჩაისუნთქე იქაური სურნელი, ვეღარ მოწყდები.

უცნობი:

- გამორჩეულ რეჟისორად ვის მიიჩნევთ, ვგულისხმობ მას, ვისთანაც გიმუშავიათ?

- ჩემთვის გამორჩეული რეჟისორი და შემოქმედი ჩემი პედაგოგი ბატონი შალვა გაწერილია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა ქართულ თეატრალურ სამყაროში - როგორც პედაგოგი, როგორც რეჟისორი. მან მასწავლა ეს პროფესია, გამარკვია ამ პროფესიის სიღრმეებში. მისი წყალობით ვარ მსახიობი. სულ ვამბობ, - რომ არა ბატონი შალვა, შეიძლება “თეატრალური“ კი დამემთავრებინა, მაგრამ დავკარგულიყავი. რაღაც საოცარი ხარისხის ნიშანი ჰქონდა. თუ მისი სტუდენტი იყავი, გახსნილი გქონდა გზა. მართლა ძალიან დამეხმარა და დღემდე მეხმარება. შემდეგ ყველაზე ბევრი სპექტაკლი ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან ვითამაშე, ვიმუშავე და ვმუშაობ. ამიტომ ამ ორმა რეჟისორმა ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა...

სანამ ჩავაბარებდი, სანამ ამ ყველაფერში გავერკვეოდი, ჩემთვის საოცნებო რუსთაველის თეატრი და გენიალური ბარტონი რობერტ სტურუა იყო. თუმცა არ მომეცა საშუალება, მასთან მემუშავა. ამიტომ, ვისთანაც მიმუშავია და ვმუშაობ, ეს უპირობოდ ბატონი შალვა გაწერელია და ბატონი ავთო ვარსიმაშვილია.

უცნიბი:

- გამარჯობა. რას მირჩევთ, “ვეფხისტყაოსანზე“ ღირს ბავშვის წაყვანა?

- სპექტაკლი ჯერ ვერ ვნახე, ამიტომ ძალიან რთულია, შევაფასო და გირჩიოთ. ერთი, რაც მინდა გითხრათ, ბავშვები თეატრში ატარეთ. ეს მხოლოდ კარგია. სპექტაკლი კი ზოგი კარგი იქნება და ზოგი - ცუდი, ზოგი - მოგეწონებათ და ზოგი - არა, მაგრამ თუნდაც იმის გამო, რომ გავარჩიოთ რა არის კარგი და რა არის ცუდი, თეატრში უნდა ვიაროთ. ამიტომ, მაინც გირჩევთ, რომ წაიყვანოთ სპექტაკლზე და ისე შეაფასოთ. ვინც ნახა, მათგან ვიცი, რომ არაფერი კატასტროფა არ არის. ამ სპექტაკლში ასევე ჩემი მეგობრები თამაშობენ და არაფერი საოცარი არ ხდება. ერთი სცენა გამოიტანეს სოციალურ ქსელში, რომელიც შეიძლება ბავშვმა ვერ ნახოს... მაგრამ, ვიმეორებ, თუნდაც იმიტომ, რომ “ვეფხისტყაოსანია“ და თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ მაინც ნანახი გქონდეს, მე წავიყვანდი. ნანახი რომ მქონდეს, უკეთესად გეტყოდით ჩემს აზრს.

ანა:

- სცენაზე უხერხული შემთხვევა, ფაქტი თუ გქონიათ?

- ეს ყველა მსახიობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხდება ხოლმე... ოღონდ, არის ისეთი შემთხვევები, რასაც მაყურებელი ვერ ხვდება, ჩვენ ვხვდებით და უცებ უნდა გამოძვრე რაღაცნაირად. ერთხელ ძალიან მწარედ დავეცი, ფეხი გადამიტრიალდა. ასეთ დროს კოჭლობით უნდა გაამართლო. ამას “გამოძვრომა-გამართლებას“ ვეძახით, რომ სპექტაკლი არ ჩაიშალოს. იყო ასეთიც, როცა სცენაზე დანა გავიყარე... “კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერა იყო. ღილაკიანი დანა გაიხსნა, დაბლაგვებული არ ყოფილა და შემერჭო. ისეთი ჭრილობა იყო, “სასწრაფო“ გამოიძახეს. იყო საუბარი, რომ საავადმყოფოში გადაგიყვანთო, მაგრამ გმირულად გავაგრძელეთ თამაში. ნაიარევი კი დამრჩა... ამაზე მეტი უხერხული რა უნდა მოგსვლოდა?!.

იაკო:

- მსახიობობის პარალელურად ხართ ტელე-რადიოწამყვანიც, მიგყავთ კონცერტებიც. ასევე მუშაობთ საპატრიარქოში. ამ ყველაფერს ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- ჩემი ძირითადი საქმე მაინც თეატრია და მსახიობობა. სხვათა შორის მსახიობობამ განაპირობა შემდგომ ჩემი ტელე-რადიო და სასცენო წამყვანობა. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, ტელევიზიაც მიყვარს, რადიოც, ღონისძიებების წამყვანობაც და კომფორტულად ვცნობ თავს. ვიცი ჩემი კოლეგები, რომლებიც ამაზე უარს ამბობენ და საშინლად არ უყვართ. ბევრს ჰგონია, რომ თუ მსახიობი ხარ, ყველაფერი შეგიძლია. არადა, ტელეწამყვანობა, აუდიტორიის წინაშე ტექსტის თქმა სულ სხვა პროფესიაა. ვარ საპატრიარქოს ტელევიზიაში, წლები პატრიარქთანაც ვიყავი. ბევრს უთქვამს, ამდენს როგორ ახერხებო. კიდევ ხშირად მიწევს ქვეყნის დატოვებაც - ხან პროფესიულად, ხან - ტელევიზიიდან, ხან - ტურებში... რა ვიცი, ვახერხებ და მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მაინც ზარმაცი ვარ, კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და არ ვაკეთებ.

გიორგი:

- საპატრიარქოში როგორ და რატომ აღმოჩნდით?

- ამ თემაზე ბოლო პერიოდში რაც მისი უწმინდესობის ეს მძიმე დღეები იყო, მგონი, აღარ დარჩა ადგილი, სივრცე, სადაც არ ვილაპარაკე. მერიდებოდა კიდეც, ყველგან მე ვიყავი. რადგან აქაც დაისვა ეს კითხვა, მოვყვები. “თეატრალურში“ რომ ჩავაბარე, პარალელურად ქაშვეთში დავიწყე სიარული. ეკლესიური ცხოვრებას ვცდილობდი და ვცდილობ. ჩემი მოძღვარი არის მამა ელიზბარ ოდიშვილი - ქაშვეთის ტაძარში ძალიან ღვაწლმოსილი და დიდი ხნის მღვდელია. პატრიარქს აღსაყდრების დროიდან ედგა გვერდში. მაშინ გვერდით სულ რამდენიმე ადამიანი ჰყავდა... მამა ელიზბარს უთხრეს, საპატრიარქოში რამდენიმე ადამიანი გვჭირდება. იმ პერიოდში ოფიციალური სახელმწიფო დაცვის სამსახური არ არსებობდა. მოკლედ, მოვხვდი. პატრიარქამდე ღმერთმა ასე მიმიყვანა და ასე დაიწყო ჩემი საპატრიარქოსთან და პატრიარქთან ურთიერთობის ეს სრულიად გამორჩეული ბედნიერი, ენით აღუწერელი წლები. ეს ღმერთმა და მისმა უწმინესობამ მარგუნა. ისე მოხდა, რომ როგორც ბევრი, მეც დამიახლოვა. მოხდა სასწაულები, არაერთი სასიხარულო ფაქტი, რაც მოყოლილი მაქვს და რასაც ალბათ მთელი ცხოვრება კიდევ ბოლომდე ვერ გავიაზრებ. რაც დრო გავა, უფრო მივხვდები, რა ბედნიერება მქონდა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, 16 წელზე მეტი ვიყავი პატრიარქის თითქმის ყველა ღონისძიების, იუბილეს, შეხვედრის წამყვანი.

ზურაბი:

- როგორი იყო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან თქვენი პირველი შეხვედრა და რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

- პირველად ქაშვეთში ვნახე, მაშინ იქ ახალი დაწყებული მქონდა სიარული. პატრიარქი ყოველ გიორგობას მოდიოდა ხოლმე. ახლოს შევხვდი, ეტყობა, აქტიური ვიყავი, გაიცინა და ნაკურთხი წყალი შემასხურა. მერე კი, როცა საპატრიარქოში მივედი, ასე გავიცანი. დილას ვმორიგეობდი. პატრიარქი ეზოში სალოცავად მარტო ჩამობრძანდა. დილის 7 საათი, 8-ის წუთები იქნებოდა. მარტო მე დავხვდი. მარტო მე და პატრიარქი ვიყავით. აანთო სანთელი და ლოცვა წავიკითხე. მკითხა, ვინ ბრძანდებითო? თქვენობით მოგვმართავდა. ეს მისი საოცარი კულტურა, უბრალოება მართლა გამორჩეული იყო. მასთან თუ იყავი, გაგრძნობინებდა, რომ შენ რაღაცას წარმოადგენდი და თვითონ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მას სხვანაირად არ შეეძლო - უბრალოდ და თავმდაბლად ურთიერთობდა. ბუმბერაზი ადამიანი შენნაირი ხდებოდა... რომ გაიგო, მსახიობი ვიყავი, თეატრზე დამიწყო ლაპარაკი, კონკრეტულ მსახიობებზე მკითხა. მერე მკითხა თუ მიყვარდა მცენარეები, ცხოველები, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები. ძალიან ბევრი თბილი წუთი და დღე მახსენდება... რომ ვყვები ამას, მერიდება კიდეც. ზოგადად რაც ამ წლებში მქონდა, ღვთის საჩუქარია და თავად პატრიარქის წყალობა...

ნინო:

- ფაქტობრივად გვერდიდან არ მოსცილებიხართ. პატრიარქის ახლო გარემოცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი აღმოჩნდით. ეს გამართლებაა, თუ ღვთის საჩუქარი?

- მასთან საავადმყოფოში დილიდან რომ მივედით, სულ იქ ვიყავით. თითქმის ორი დღე და ღამე იქ ვათენებდით. 40 საათამდე ალბათ არც გვიჭამია, არც დაგვილევია, არ გვძინებია და შეგრძნება მქონდა, რომ არ დავიღალე და არც რაიმე მოთხოვნილება მქონია. მგონია, რომ პატრიარქი გვაძლიერებდა. გვქონდა ბედნიერება, სხვა პირებთან ერთად, ბოლო წუთამდე, მასთან ერთად ვყოფილიყავი. ესეც ღმერთის საჩუქარი იყო და პატრიარქის წყალობა, რომ ბოლომდე თავისი სიყვარული კიდევ გაგვინაწილა.

ზვიადი:

- ბევრი საუბრობს უწმინდესის იუმორზე - ამ მხრივ რას იტყვით?

- მართლა ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა. ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ისეთ ერთ-ორ სიტყვას იტყოდა, რომ მთელ პოემას გერჩივნა. იუმორის კუთხითაც ერთს იტყოდა და სასწაულს, რასაც ბევრჯერ შევსწრებივარ. პატრიარქს საზოგადოების უმეტესობა იცნობდა წირვიდან, შეხვედრებიდან. ჩვეულებრივ, ყოველდღიურ გარემოში, სადილობისას, საღამო ლოცვაზე, თავის კელიაში, ძალიან ჩვეულებრივი იყო, ძალიან უბრალო. იქაც ხშირად ხუმრობდა... მოყოლილი მაქვს, უკვე ცნობილი ამბავია. დიდ ხანს არ ვიყავი, პრემიერა მქონდა. რომ მივედი, მითხრა, - სად იყავიო? სპექტაკლი დავდგით-მეთქი. მეკითხებოდა ხოლმე თეატრის ამბებს და მკითხა - რა დადგითო? “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ - მომწონდა ეს სახელწოდება და გამოთქმით ვუთხარი. გამომხედა და რა იყო, ერთი არ გეყოთ? და გაიცინა. ერთხელ ჩემი გადაცემიდან მივედი და დამიძახა, - ამოდიო. რომ ავედი, თავისთან იჯდა, კარგ ხასიათზე იყო. გიყურებდი და არ მომეწონა, რაც გეცვაო. აბა, ეს ჩაიცვი, მომცა თავისი სვიტერი და ჩაიცვიო. ჩავიცვი. ახლა მკლავები ფასონზე აიწიეო. ასე კარგია, გიხდება. შენ ისეთ ხალხში დადიხარ, კარგად უნდა გეცვას, გაეცინა და გამომიშვა. მისგან ბევრი ასეთი ამბავი მახსოვს.

ერთხელ რაღაც დიდ ღონისძიებას ვგეგმავდით. საპატრიარქოში უცებ დამიბარეს, რაღაც საკითხი უნდა გაგვევლო. ზაფხული იყო და ცოტა გადაცრეცილი ჯინსი მეცვა. ასეთი ტანსაცმლით პატრიარქთან არ უნდა მიხვიდე, მაგრამ ის შეხვედრა მოულოდნელად დაიგეგმა. მოკლედ, მივედი, მერიდებოდა, მაგრამ რა მექნა, შევედი. არაფერი უთქვამს. ყველაფერი, რაც უნდა გაგვევლო, გავიარეთ. რომ გამოვდიოდი, გამომხედა და სიცილით მითხრა - ეგ არ ჩაიცვა იქა... ერთს კიდევ მოვყვები - მისი ყოფილი მორჩილის, ახლა უკვე მღვდლის მონაყოლიდან: ღამე მორიგე ვიყავი უწმინდესთან და მეორე დღეს “გედების ტბაზე“ იყო დაპატიჟებული და წავყევი ოპერაში. ღამენათევი, დაღლილი ვიყავი, თან ცხელოდა და ცოტა ჩამთვლიმა. თვალი რომ გავახილე, ძილბურანში ვიყავი და ის მოომენტი იყო, გედი კვდებოდა და ფეხს იქნევდა. ამაზე ჩამეცინა. გამომხედა და კაცო, რა გაცინებს, გედი კვდება. რა არის სასაცილოო?! ასეთი ბავშური იყო და ძალიან უბრალო.

უწმინესთან რომ დავიწყე სიარული ქაშვეთშის სტიქარი მეცვა და იმ სტიქარით ერთხელ ლოცვაზე უწმინდესთან ჩემთვის დავდექი. ლოცვის შემდეგ გამომხედა და დაგინახე რაღაც თეთრი ანაფორა გეცვაო და მერე თვითონ მიკურთხა, სტიქარი ჩამაცვა.

ვაჟა:

- ახლა რა იქნება, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს სულიერი გზა. გაგრძელდება ილია II-ის დაწყებული საქმეები?

- ეს კითხვა ხშირად ისმის. ბევრი ამბობს, რომ ეპოქა დასრულდა, შეიძლება რაღაცები რთულად იყოს. არ ვთვლი, რომ საქმე ასეა. პატრიარქმა ისეთი მემკვიდრეობა დატოვა, ისეთი გაკვალული გზა დაგვიტოვა, რომ ხელის გულზე მოგვართვა ყველაფერი. ცხადია, გაგრძელდება მის მიერ ნაკურთხი საქმე და გზა. ამას იმ დღეებმაც გასცა პასუხი, რაც ვნახეთ. როგორ შეიძლება ის, რაც იმ დღეებში ვნახეთ, ისე არ გაგრძელდეს. ამიტომ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა, რომ ახლა ღმერთთან არის და იქიდან შეგვეწევა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ ამას. მე შეგრძნება მაქვს, რომ პატრიარქი ცოცხალია. სიონშიც რომ დავდივარ, იქ ხალხსაც ასეთი შეგრძნება აქვს, რომ ჩვეულებრივად ცოცხალია. ცოცხალთან მაქვს ურთიერთობა და აუცილებლად ყველა იგრძნობს მის შეწევნას. ჩვენ ახალ პატრიარქს გავიცნობთ, ახალა უკვე ღმერთთან მყოფ სიძლიერეს და მთელ ქვეყანაზე მზრუნველს. ამაში დარწმუნებული ვარ.

ნანა:

- ვის მიიჩნევთ საქართველოს მომავალ პატრიარქად? მიტროპოლიტებიდან თქვენი აზრით, ვინ შეძლებს ამ მძიმე ჯვრის ზიდვას?

- ძალიან სწორია ის, რომ ეს ძალიან მძიმე ჯვარია. არავის ეგონოს, რომ ეს პატივი ან კომფორტია. მოწამეობაა... ეს წარმოუდგენელი ტვირთია... სრულიად შეუძლებელია იმის პროგნოზი, ვინ შეიძლება იყოს. საერთოდ უნდა გითხრათ, ოდნავ უფრო მეტი ვიცი, ცხადია, არა ბევრი, ვიდრე სხვამ, მაგრამ ვინ გახდება მომავალი პატრიარქი, ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს. ეს იცის ღმერთმა და მისი დაშვებით თუ ნებით აირჩევს სინოდი. წარმოუდგენელია ახლა რამე პროგნოზის გაკეთება. შეიძლება ისეთი კანდიდატები აღმოჩნდნენ, პატრიარქი ის გახდეს, რომ ვერ წარმოვიდგენთ. ძალიან ღირსეული მღვდელმთავრები არიან და მჯერა, ვისაც ღმერთი და სინოდი გამოირჩევს, ღირსეულად ატარებს ამ მძიმე ტვირს, რომელსაც მხარში დაუდგება ეკლესიაც და ხალხიც.

გიო:

- რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა და როგორ გადაწყვიტეთ ის პრობლემა?

- გამოწვევა ბევრი იყო. ალბათ პირველი შვილის გაჩნდა, როცა მამა გავხდი, დედის გარდაცვალება. იყო რთული დღეები, ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ძალიან მეხმარება ის ფაქტი, რომ მყავს მოძღვარი. ასეთი ურთიერთობა მქონდა პატრიარქთან და ვცდილობ, მეტ-ნაკლებად ეკლესიურად ვიცხოვრო. არასდროს ჩემს ცხოვრებაში სასოწარკვეთილობა, დეპრესია, ხელისჩაქნევა, უიმედობა არ ყოფილა, არ მქონია და მადლობა ღმერთს ამისთვის.

ლიზა:

- როგორი მამა ხართ?

- მყავს ორი შვილი - ანასტასია 20 წლის და თინა - 14-ის. ანასტასია ცხოვრობს და სწავლობს იტალიაში. თინა ჯერ სკოლის მოსწავლეა. ვისურვებდი, რომ ვიყო გაცილებით კარგი მამა, მეტად მზრუნველი, მეტ დროს ვატარებდე მათთან, უფრო თბილიც ვიყო. ერთადერთი, რასაც ვცდილობ, ვიყო მეგობრული, ნაკლები შენიშვნებით. საბედნიეროდ მათივე კარგი აღზრდის და მათივე კარგი თვისებების გამო არ მიწევს ჩხუბი და კამათი. საბედნიეროდ, ასეთი რამ არ მქონია. მათ სასიკეთოდ უნდა ვთქვა, რომ თავადაც აქვთ ეს ზღვარი, რომელსაც არ ლახავენ. ის, რომ არ ვარ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი, ისინი ამით ბოროტად არ სარგებლობენ, რაღაც სულ ვგრძნობ. მამის მიმართ პატივისცემა აქვთ. მინდა, რომ უფრო კარგი მამა ვიყო და უპირველეად მინდა იყვნენ ქრისტიანები და კარგი მოქალაქეები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება და მათგან ყველაზე დიდი საჩუქარი...

დიდ მადლობას გიხვდით, ვინც დაინტერესდით და თუნდაც ერთი კითხვა გამოაგზავნეთ. ვეცადე, გულწრფელი ვყოფილყავი. გისურვებთ წარმატებას და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

იხილეთ ასევე: