ავტორი:

"ეპიკური ბრძოლის მოწამეები" - ირანში, მოკლული ლიდერებისადმი მიძღვნილ მურალზე მოჯთაბა ხამენეიც არის გამოსახული - რა არის ცნობილი ახალი აიათოლას შესახებ?

"ეპიკური ბრძოლის მოწამეები" - ირანში, მოკლული ლიდერებისადმი მიძღვნილ მურალზე მოჯთაბა ხამენეიც არის  გამოსახული - რა არის ცნობილი ახალი აიათოლას შესახებ?

“ირანში, მოკლული ლიდერებისთვის მიძღვნილ მურალზე, სახელწოდებით "ეპიკური ბრძოლის მოწამეები", ამჟამინდელი ლიდერი მოჯთაბა ხამენეიცაა გამოსახული,“ - ამის შესახებ Euronews წერს და ფოტოს აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, მურალმა კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები იმის შესახებ, რომ 28 თებერვალს თეირანზე განხორციელებული დარტყმების დროს მოჯთაბა ხამენეი მოკლეს ან მძიმედ დაიჭრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის ახალი ლიდერი საზოგადოების წინაშე თითქმის ორი თვეა არ გამოჩენილა.

  • მურალი კაშანის დასავლეთით, მაშჰად არდეჰალში გაიხსნა და მასზე ასახული არიან გარდაცვლილი უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის - ყოფილი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელი, რუჰოლა ხომეინი და ყასემ სოლეიმანი

კედლის მხატვრობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და ახალი უზენაესი ლიდერის ბედთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გააჩინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ირანის ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ეს ბოლო დღეებში თეირანის რეჟიმის ერთადერთი შეცდომა არ ყოფილა. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს უკავშირდება, ბოლო პოსტში ხამენეი “რევოლუციის მოწამებრივად აღსრულებულ ლიდერად“ მოიხსენია. ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს შეცდომა იყო.

მას შემდეგ, რაც ომის დაწყებისას მამამისის რეზიდენციაზე დარტყმა განხორციელდა, მოჯთაბა ხამენეი არცერთ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერში არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ახალი ლიდერის არჩევის დროს საზოგადოებას აიათოლას ნაცვლად მისი მუყაოს ფიგურა წარუდგინეს, ხოლო ერს მისი პირველი მიმართვა სახელმწიფო მედიით დანიშვნიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ წაუკითხეს.

  • რა არის ცნობილი ამ დროისთვის მოჯთაბას მდგომარეობის შესახებ

საერთაშორისო მედიასაშუალებები ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ მოჯთაბა ხამენეიმ 28 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის დროს სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა გონებრივ სიფხიზლეს ინარჩუნებდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ აიათოლას ფეხებსა და ხელებზე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო სახისა და ტუჩების მძიმე დამწვრობის გამო საუბარი უჭირდა. გადაუმოწმებელი ცნობების თანახმად, დაზიანებების გამო მას პლასტიკური ოპერაციის ჩატარებაც დასჭირდა, ხამენეის რეაბილიტაციას კი ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, პროფესიით ექიმი ხელმძღვანელობდა.

წყარო

იხილეთ ასევე: