მაისის ბოლოს იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას ვიხილავთ - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის გარკვეულ რეგიონებში ინტენსიური მეტეორული შტორმი დაფიქსირდება.
მეტეორული წვიმა დაკავშირებულია მცირე კომეტასთან, სახელად 73P/შვასმან-ვახმანი. ეს კომეტა მზის გარშემო დაახლოებით 5.4 წელიწადში ერთხელ ბრუნავს და კოსმოსში მტვრისა და ნამსხვრევების კვალს ტოვებს. როდესაც დედამიწა ამ ნაკადში გაივლის, ატმოსფეროში შემოსული ნაწილაკები იწვის და ცაზე “ვარსკვლავთცვენის“ ეფექტს ქმნის.
ტაუ ჰერკულიდების მეტეორული წვიმას პიკის ხილვადობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მნიშვნელოვნად განსხვავდება.

პროგნოზის მიხედვით, პიკი 31 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე (AEST) დაფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ ავსტრალიაში ამ დროს დღეა და მეტეორული შტორმის ხილვა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.
სრულიად განსხვავებული პირობებია ამერიკის კონტინენტზე. განსაკუთრებით ხელსაყრელი ხილვადობა მოსალოდნელია ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის ნაწილებსა და წყნარ ოკეანეში მდებარე რეგიონებში, სადაც ამ დროს ღამეა. რაც უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს ადგილი, მით უკეთესი იქნება მეტეორების დანახვის შანსი.
ტაუ ჰერკულიდების მეტეორული წვიმა ჩვეულებრივ საკმაოდ სუსტია.
ამის მიზეზი 1995 წელს მომხდარი მოვლენაა, როდესაც აღნიშნული კომეტა ნაწილებად დაიშალა. მაშინ 70-ზე მეტი დიდი ფრაგმენტი და მტვერი კოსმოსში გავრცელდა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დედამიწა შესაძლოა ამ ნამსხვრევების ნაკადს პირველად "გადაეყაროს". თუ ეს ასე მოხდება, ცაზე შეიძლება მართლაც უჩვეულოდ ძლიერი “ვარსკვლავთცვენა“ ვიხილოთ.
ისტორიაში ერთ-ერთ ცნობილ მაგალითად ანდრომედიდების მეტეორული შტორმი მიიჩნევა, რომელიც 1872 და 1885 წლებში დაფიქსირდა. იმ პერიოდში დედამიწამ 1846 წელს დაშლილი კომეტის მიერ დატოვებულ ნამსხვრევებში გაიარა.
ასეთი მოვლენები აჩვენებს, რომ კომეტის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი მტვრის ღრუბელი შეიძლება დიდხანს დარჩეს კოსმოსში და პერიოდულად ისევ და ისევ გამოიწვიოს ძლიერი მეტეორული აქტივობა.
იხილეთ ასევე: