ავტორი:

როგორ აძლიერებს ღეჭვის პროცესი თქვენს ტვინს - პროცესს იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა

როგორ აძლიერებს ღეჭვის პროცესი თქვენს ტვინს - პროცესს იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა

საკვების ნელა და ყურადღებით ღეჭვა ხშირად მხოლოდ კარგ მანერებთან ან საჭმლის მონელებასთან ასოცირდება. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი პროცესი ჩვენს ჯანმრთელობაზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს.

  • დაწყებული ნაწლავების მუშაობით, დასრულებული ტვინის ფუნქციითა და მეხსიერებით - ღეჭვა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადებისა და დემენციის რისკის შემცირებასაც კი უკავშირდებოდეს.

შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის პროფესორ მატს ტრულსონის თქმით, ღეჭვის პროცესი ორგანიზმს მრავალმხრივ ეხმარება. მათ შორის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს სტრესს, აძლიერებს კონცენტრაციას და მეხსიერებას. მისი თქმით, არსებობს კავშირიც კბილების ჯანმრთელობასა და დემენციის რისკს შორის, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ღეჭვის უნარის შენარჩუნება ასაკთან ერთად ტვინის ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამასთან, საკვების დიდი ხნით ღეჭვა ადამიანს უფრო დიდხანს უნარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ორგანიზმს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, რათა ტვინს დანაყრების სიგნალი გადასცეს. ნელი და ხანგრძლივი ღეჭვა ამ პროცესს დროს აძლევს, რის გამოც ადამიანი ნაკლებ საკვებს მიირთმევს.

სწორედ ამიტომ დიეტოლოგები ხშირად გვირჩევენ ნელა ჭამას და ყოველი ლუკმის ყურადღებით დაღეჭვას.

  • შეუძლია თუ არა ღეჭვას ტვინის დაცვა?

მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ღეჭვა ტვინის სისხლით მომარაგებასაც აუმჯობესებს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ყბის მოძრაობა გარკვეულწილად “ტუმბოს“ ფუნქციას ასრულებს და ტვინში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ს

სპეციალისტები თანხმდებიან ერთ საკითხზე - კბილების ჯანმრთელობა და სრულფასოვანი ღეჭვა მხოლოდ პირის ღრუს პრობლემა არ არის. ეს პროცესი გავლენას ახდენს მთლიან ორგანიზმზე, მათ შორის ტვინსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

  • როგორ მოქმედებს ღეჭვა ტვინზე

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ღეჭვის პროცესში აქტიურდება ნერვული ქსელები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჰიპოკამპს - ტვინის იმ ნაწილს, რომელიც მეხსიერებისა და სწავლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ღეჭვა შესაძლოა ტვინში სისხლის მიმოქცევას აძლიერებდეს. იაპონელმა მკვლევრებმა საღეჭი რეზინის ექსპერიმენტების დროს აღმოაჩინეს, რომ ღეჭვისას ტვინის გარკვეულ უბნებში სისხლის ნაკადი იზრდება.

  • სტრესის შემცირების ბუნებრივი გზა

ღეჭვას შესაძლოა სტრესის შემცირების უნარიც ჰქონდეს. ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც თურქეთში სტუდენტებზე ჩატარდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც გამოცდების პერიოდში ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში საღეჭ რეზინას ღეჭავდნენ, ნაკლებ შფოთვას, სტრესსა და დეპრესიას განიცდიდნენ.

მიიჩნევა, რომ ღეჭვა ამცირებს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის გამომუშავებას..

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვთ, ერთი რამ უკვე ნათელია: ღეჭვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე უბრალოდ საკვების გადამუშავება. ის გავლენას ახდენს ჩვენს ენერგიაზე, ტვინის მუშაობაზე, ემოციურ მდგომარეობასა და, შესაძლოა, იმაზეც, თუ როგორ დაბერდება ჩვენი გონება მომავალში.

წყარო

იხილეთ ასევე: